ავტორი:

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ბოთლები ესროლეს

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა - ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ბოთლები ესროლეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა. ვითარების დაძაბვა ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორების, კონკრეტულად კი, მიშა მშვილდაძის გამოჩენის შემდეგ მოხდა. მისი მიმართულებით პრაიდის მოწინააღმდეგე აქტივისტები ბოთლებს ისროდნენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

სასულიერო პირები და პრაიდის მოწინააღმდეგეები ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ. ისმის შეძახილები "წადი წადი".

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილეებს მიმართავს და მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უწყება განმარტავს, რომ აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს აქცია. პარალელურად, 19:00 საათზე აქცია დაიგეგმა პუშკინის სკვერში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობაა, უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა აქციების მიმდინარეობის თითოეულ ადგილზე. აქციების მონაწილეთა მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

როგორც ერთი, ისე მეორე აქციის მონაწილეთა მხრიდან სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაიღუპა მძღოლი

თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე ავარიის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ისნის რაიონში ხანძარია