ავტორი:

გულის დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები - რას გირჩევთ კარდიოქირურგი აორტოკორონარული შუნტირების დროს

გულის დაავადებები და მათთან ბრძოლის საშუალებები - რას გირჩევთ კარდიოქირურგი აორტოკორონარული შუნტირების დროს

გულის დაავადებები მსოფლიო მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. დაავადების გამომწვევი რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს, რომელთა შორისაც პირველი სამეულია: შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის ცვლის დარღვევა. განკურნება შესაძლებელია მუდმივი დიეტითა და ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატების მიღებით. პაციენტმა წელიწადში ორჯერ მაინც უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს კონსულტაციისთვის. რისკების შესამცირებლად რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, რეგულარული ვარჯიშები, დაბალქოლესტერინის შემცველი წამლები და საჭიროების შემთხვევაში კარდიოქირურგიული ჩარევა.

აორტოკორონარული შუნტირება - ეს კი არის ოპერაცია, რომელიც გულის იშემიური დაავადებით პაციენტს არა მხოლოდ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება, არამედ ხშირ შემთხვევაში ინფარქტისგანაც იცავს. გულის დაავადებებსა და ქირურგიულ ჩარევებზე დეტალურად სასაუბროდ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოქირურგს ზაზა კაციტაძეს მივმართეთ.

რა არის გულის იშემიური დაავადება?

გულის იშემიური დაავადების დროს ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქის ჩამოყალიბება, რომელიც იწვევს სისხლძარღვის შევიწროებას და გულის კუნთში ჟანგბადით მდიდარი სისხლის მიწოდება მცირდება. ჩნდება იშემია, რომელიც გამოიხატება გულის ტკივილით, გულისცემის რიტმის დარღვევით და რიგ შემთხვევაში, გასტრიტის ნიშნებით. განსაკუთრებით ახალგაზრდებში დაავადება ატოპიურად არის ხოლმე გამოხატული. შეიძლება კუჭის ტკივილითაც გამოვლინდეს. გვქონია შემთხვევა, როდესაც მოგვმართა პაციენტმა, რომელიც კუჭის წყლულზე უშედეგოდ მკურნალობდა და აღმოჩნდა, რომ გულის დაავადება ჰქონდა.

გულის იშემიური დაავადება მიოკარდის ინფარქტის წინაპირობაა, რომლის თავიდან აცილებაც სტენტირებით ან შუნტირებითაა შესაძლებელი. საწყის ეტაპზე პრიორიტეტი ენიჭება სტენტირებას. ამ დროს გაცილებით ნაკლები რისკია, სწრაფად ხდება პაციენტის ცხოვრების ჩვეულ რიტმთან დაბრუნება. მესამე დღეს ის უკვე სახლშია და მეოთხე დღეს კი - სამსახურში.

თუმცა უმეტესად დაზიანება არა ერთ, არამედ რამდენიმე სისხლძარღვზეა. ამ შემთხვევაში უკვე ოპერაციის გაკეთებაა რეკომენდებული. რეალურად, სტენტირებაც და შუნტირებაც ორი სხვადასხვა გზაა ერთი მიზნის მისაღწევად, რომ გულს ჟანგბადით მდიდარი სისხლი მიეწოდოს.

როგორ ხდება გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტირება?

გულის იშემიური გამოკვლევის დროს ხდება იმის განსაზღვრა, არის თუ არა კორონარულ არტერიაში ათეროსკლეროზული ფოლაქი, რა ზომისაა ის და საჭიროა თუ არა ოპერაცია.

აღნიშნული გამოკვლევა რამდენიმე გზით ტარდება. ახალგაზრდებში, თუ დაავადება ფარულად მიმდინარეობს, კეთდება ხოლმე სტრეს ტესტი. პაციენტს ვარბენინებთ და კარდიოგრამას ვუღებთ. თუ ეჭვი ჩნდება, მერე ვგზავნით კორონაროგრაფიაზე. კორონაროგრაფია არის 100%-იანი მეთოდი, რომელიც გულის იშემიური დაავადების დიაგნოზს სვამს. კიდევ ერთი მეთოდია კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც ნაკლებად ინვაზიურია. მაგრამ თუ ქიურიგიული ჩარევა იგეგმება, საბოლოოდ მაინც კორონაროგრაფიას ვაკეთებთ ხოლმე.

რა პროცედურაა შუნტირება და როგორ კეთდება ის?

შუნტირება არის ქირურგიული ჩარევა, რომელიც გულის იშემიური დაავადების დროს კეთდება. ამ დროს სისხლძარღვის გამოყენებით შემოვლითი გზები იქმნება.

პროცედურა ორი მეთოდით კეთდება. ერთი არის სისხლის ხელოვნური მიმოქცევით, ანუ გულის გაჩერებით. ამ დროს გული და ფილტვები ითიშება და პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ერთდება. ეს არის კარგად ნაცადი პრაქტიკა და ბევრ კლინიკაში შუნტირება სწორედ ამ მეთოდით კეთდება. ჩვენთან, „ნიუ ჰოსპიტალსში“ ოპერაცია გულის გაჩერების გარეშე კეთდება. ეს მეთოდი სამედიცინო პერსონალის უფრო მჭიდრო მუშაობას და ჩართულობას მოითხოვს. თუმცა პაციენტისთვის უკეთესია, რადგან სწრაფად ხდება რეაბილიტაცია და გართულებების რისკიც მნიშვნელოვნად მცირდება. საკმაოდ კომპკლექსური ოპერაციაა, თუმცა თუ პაციენტი და ქირურგიული გუნდი კარგადაა მომზადებული, სასურველი შედეგიც მიღწევადია.

ამ უკანასკნელი მეთოდით შუნტირების გაკეთებას სჭირდება არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური კარდიოქირურგი, არამედ მთელი სამედიცინო პერსონალი. გუნდი წელიწადში 200 ოპერაციას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ შუნტირების მომუშავე გულზე გაკეთება შეძლოს. მაგალითად, ჩვენ წლიურად 500 ოპერაციამდე ვაკეთებთ.

რამდენ ხანს გრძელდება შუნტირების ოპერაცია და როგორია რეაბილიტაციის პროცესი?

ტრადიციული კორონარული შუნტირების ოპერაცია გრძელდება 3 საათს, ოპერაციის ძირითადი ნაწილი კი - მხოლოდ 1 საათი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი 2 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. მესამე დღეს ხდება მისი წამოდგომა. რაც უფრო მალე გაივლის, მით უფრო სწრაფად ხდება რეაბილიტაცია. დაახლოებით, მე-7 დღეს პაციენტს კლინიკიდან ვწერთ. ორი თვის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვები აქვს, მაგალითად, საჭესთან არ უნდა დაჯდეს. თუმცა ყველა პაციენტს ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ ვშველით შედეგს და არა მიზეზს. ამიტომ აუცილებელია, რომ რეგულარულად იაროს მკურნალ ექიმთან და მის მიერ მითითებული მედიკამენტები მიიღოს.

გულის იშემიური დაავადებების დროს მინიინვაზიური ოპერაციები თუ კეთდება?

მინიინვაზიური ოპერაციის დროს შეზღუდულები ვართ შუნტების რაოდენობით. ამ დროს მხოლოდ ერთი შუნტის გაკეთების საშუალება გვაქვს. კიდევ არის ჰიბრიდული ოპერაციები, როდესაც ხდება სტენტების ჩასმა. თუმცა ეფექტურობაზე თუ ვისაუბრებთ, მე მაინც სრულყოფილი ოპერაციისკენ ვიხრები. მინიინვაზიურ ოპერაციებს მაღალი რისკჯგუფის პაციენტებში ვაკეთებთ ხოლმე.

რა კარდიოქირურგიული სერვისებია ხელმისაწვდომი „ნიუ ჰოსპიტალსში“ და როდის უნდა მოგმართონ პაციენტებმა?

გულის პრობლემების აღმოჩენის საწყის ეტაპზევე პაციენტებმა უნდა მიმართონ კარდიოლოგს. საჭიროების შემთხვევაში მისი გადმომისამართება ხდება კარდიოქირურგიაში. დღევანდელ მედიცინაში პიროვნება არ წყვეტს ოპერაცია უნდა ჩატარდეს თუ არა, განსაკუთრებით კი, ეს გულის დაავადებებს ეხება. შუნტირება იმდენად მაღალტექნოლოგიური პროცედურაა, რომ გადაწყვეტილება კლინიკამ უნდა მიიღოს იმის მიხედვით თუ რამდენად კარგად არის აღჭურვილი ის ტექნოლოგიურად და რამდენად კარგად არის გუნდი მომზადებული. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა არა ინდივიდუალურად ქირურგს, არამედ მთელ გუნდს ეკისრებოდეს. სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობთ „ნიუ ჰოსპიტალსში“. შედეგად კი ჩვენთან პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად არის დაცული. საოპერაციოს აღჭურვილობა და ოპერაციის ჩატარების სისტემა, რომელიც ჩვენთანაა, საქართველოში სხვა კლინიკაში არ მეგულება. ჩვენთან პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი შემდეგი კარდიოლოგიური დაავადებების დროს გაგიწევთ შესაბამის მომსახურებას: მწვავე მიოკარდიული ინფარქტები, ტაქიკარდიები, კარდიომიოპათიები, ქოლესტერინის მომატება, გულის თანდაყოლილი დაავადებები, კორონარული არტერიების დაავადებები, გულის უკმარისობა, გულის სარქველების პათოლოგიები, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია), ინფექციური ენდოკარდიტი და სხვ.

სტიქია კახეთში - განადგურებულია ვენახების ნაწილი

"ვეუბნებოდი, ძმებო, თუ გინდათ ჩხუბი, მოდით ჩემთან... ვარ ძიუდოისტი" - რას ამბობს ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებზე ეპარქიის ყოფილი მმართველი

"ქართული თეატრი კახი კავსაძის გარეშე დაობლდა - ის საუკუნის ადამიანი იყო" - ნინო სუხიშვილი