ავტორი:

რა თქვა და რა არ თქვა გახარიამ?

რა თქვა და რა არ თქვა გახარიამ?

20-21 ივნისს რუსთაველზე აქციის დარბევისას გამოყენებული ტყვიები იყო ლეტალური, ადამიანებისთვის თვალების დათხრა შემთხვევითობა, თუმცა შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი - ასეთია გიორგი გახარიას ახსნა-განმარტება სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, რაზეც ცოტა ხნის წინ ექსპერტებთან და ანალიტიკოსებთან შეხვედრაზე ისაუბრა და დასძინა, რომ გადადგომას არ აპირებს და საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ კითხვები ბევრია, თუმცა როგორც ჩანს, მათზე პასუხები სრულად ვერც ექსპერტებმა მიიღეს. შეხვედრა რამდენიმე საათს გრძელდებოდა, მისი ნაწილი დახურული იყო, ამიტომ ნაწილობრივ უცნობია, რაზე ისაუბრა მინისტრმა. ღია ნაწილთან დაკავშირებით კი ექსპერტების თქმით, გახარია თავის მართლების რეჟიმში იყო.

ჩვენ დავუკავშირდით შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს და დავინტერესდით - რა თქვა და რა არ თქვა გახარიამ.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, ერთ-ერთია ვინც მინისტრს შეხვდა. მისი თქმით, გახარიამ თქვა, რომ ყველა ბრძანებაზე თავად აგებს პასუხს:

"შეხვედრაზე ბევრი რამ კონფიდენციალურად ითქვა, ამიტომ ვერ გავამხელ. გადადგომას როგორც ჩანს არ აპირებს, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ გაჩენილა და არც არავის უკითხავს, იმიტომ რომ არ ყოფილა ასეთი ფორმატი. ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, შეხვედრას დისკუსიის ხასიათი არ ჰქონია, თუმცა ბევრმა გამოთქვა შენიშვნები.

იმაზე, იყო თუ არა გადატრიალების მცდელობა, გახარიამ თქვა, რომ ინსტიტუტებზე შეტევის ფაქტი დაფიქსირებული იყო და მისი უწყება ცდილობს ამის მტკიცებულებები სრულად წარმოადგინოს. მინისტრის თქმით, აქციის დარბევა ლეგიტიმური იყო, თუმცა გარკვეულ ადგილებში მოხდა ძალის გადამეტება.

საუბარი შეეხო გამოყენებულ ტყვიებსაც და იმ კანონმდებლობასაც, რომლითაც იხელმძღვანელა ხელისუფლებამ აქციის დარბევისას. ტყვიებთან დაკავშირებით იყო იმის მტკიცება, რომ არის ლეტალური, ინსტრუქციის თანახმად, ტყვიების ათი მეტრის სიახლოვეს სროლა დაუშვებელია, ამიტომ სპეციალურად არავისთვის უსვრიათ, რომ დაესახიჩრებინათ. ანუ შსს მიდის იქითკენ, რომ ეს შემთხვევითობა იყო.

ის ტყვიები, რომელიც მინისტრმა გვაჩვენა, არის კრიმინალთან გამკლავებისთვის და დემონსტრაციების დასაშლელად, როცა გადაიზრდება ძალადობრივში და რეალური საფრთხე გაჩნდება

მოკლედ, გახარიამ მოგვაწოდა არგუმენტები, რომ ლეგიტიმურად მოქმედებდა პოლიცია. მან ასევე თქვა, რომ ყველა ბრძანება მისგან მოდიოდა და სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. თქვა - ყველა ბრძანებაზე პასუხს ვაგებო" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი, სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ 2-საათიან მონაკვეთზე, რომელიც ყველამ ნახა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტში შეჭრის მცდელობა და შემდეგ დარბევა:

"რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო დარბევისას პოლიციელების გადაცდომის შემთხვევებს, მაგრამ ძიებამ უნდა დაადგინოს, სად იყო გადაცდომა და ძალის გადამეტება.

ასევე, მინისტრმა წარმოგვიდგინა რეზინის ტყვიები და ქარხნის მოთხოვნები მის გამოყენებასთან დაკავშირებით. არის მოთხოვნა, რომ ათ მეტრზე ნაკლებ მანძილზე არ შეიძლება გამოყენება, თუმცა მისი თქმით, შიდა რეგულაციებით ეს გამკაცრებულია და სპეცრაზმელს ეკრძალება 20 მეტრზე ახლოს რეზინის ტყვიების გამოყენება.

ფაქტიურად ყველა გამომსვლელმა დასვა შეკითხვა და გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები მომხდართან დაკავშირებით. საკმაოდ ღია საუბარი შედგა ორივე მხრიდან. მაგალითად, კითხვები იყო დასმული პოლიციელების ქმედებებზე, დესტრუქციულ ქმედებებზე და ა.შ. ბევრი კითხვა იყო, მაგრამ არ მინდა გარეთ გამოტანა. რატომღაც ყველა ცალმხრივად ითხოვს მინისტრის გადადგომას, თუმცა არავინ საუბრობს მეორე მხარის დესტრუქციულ ქმედებებზე, ასე შედეგს ვერასდროს მივაღწევთ.

გახარიამ თქვა, რომ გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს, ასევე როგორც ვიცით, სახალხო დამცველია ჩართული და მგონი ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდეს" - აღნიშნავს სალუქვაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში.

აღმოსავლეთმცოდნის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ზურა ბატიაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა 20-21 ივნისის მოვლენები, შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს - ღია და კონფიდენციალური მხარე:

"მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციაზე მიტანილი შტურმის შემდეგ წარმოიშვა ლეგიტიმური უფლება და მან გასცა ბრძანება აქციის დაშლის. საუბარი, ძალიან ტექნიკურ დეტალებსაც შეეხო, მაგალითად იარაღზე და ტყვიებზე. საუბარი იყო იმ ინციდენტებზე, რომელიც დაშლისას მოხდა. ამ ინციდენტებს შორის შეიძლება დავასახელოთ პოლიციელებისთვის ჩაფხუტების და ფარების გატაცებაც.

ცალკე იყო საუბარი იმ გადაცდენებზე, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა და გვითხრა მინისტრმა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ყველანი ველოდებით ამ გამოძიების შედეგებს.

მე პირადად ამ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე გავამახვილე ყურადღება. პირველი ის, რომ საქართველოში ბოლო დროს გაძლიერდა პრორუსული ძალები და ტროლების და ბოტების აქტიურობა. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ეს არის შტურმი ქართულ სახელმწიფოებზე. ამაზე გახარიას პასუხი იყო, რომ საქართველო არის პროდასავლური ორიენტაციის ქვეყანა და ვერავითარი ძალა ამ მიმართულებას ვერ შეცვლის.

ასევე ვისაუბრეთ, ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გააქტიურებაზე, როგორიც არის უსაფრთხოების საბჭო, სადაც უნდა მოხდეს საქართველოსკენ მომავალი საფრთხეების იდენტიფიცირება, ანალიზი და მათთან ბრძოლის კონკრეტული გეგმების დასახვა. მოგეხსენებათ, ახლიდან იქმნება უსაფრთხოების საბჭო და ახლა ხდება მისი სტრუქტურის ფორმირება. მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს ხანში მოხდება ამ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვნად ამუშავება.

რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ბრალდებას, მტკიცებულებად არის ის კადრები, რომელიც ყველასთვის ცნობილია და არის კიდევ სხვა მასალები, რომელიც გასაჯაროვდება.

მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უახლოეს ხანში გიორგი გახარია გადადგომას არ აპირებს. თუმცა, გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც 20-21 ივნისს რუსთაველზე მოხდა. მისი თქმით, ეს არ იყო ის, რაც საქართველოს სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა. თქვა, რომ გამოძიება გრძელდება. დაკავებებზე არაფერი უთქვამს, თუმცა, სავარაუდოდ გაგრძელდება", - აღნიშნა ბატიაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები