ავტორი:

ნეპოტიზმი, გარიგებები და "უკვდავი კლანი" - მორიგი სკანდალები მოსამართლეების შერჩევის პროცესში

ნეპოტიზმი, გარიგებები და "უკვდავი კლანი" - მორიგი სკანდალები მოსამართლეების შერჩევის პროცესში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მეორე ეტაპი დასრულდა. 20 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით 137-დან 50 კანდიდატი შეარჩია. 17 ივლისიდან გასაუბრებების შედეგად, საბჭო მათგან 20 კანდიდატს დატოვებს. პარლამენტს სწორედ ის 20 ადამიანი წარედგინება, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ათი წევრის მხარდაჭერას მიიღებს.

კონკურსის პროცედურებთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს. ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის შეჩერებას და კონკურსის თავიდან გამოცხადებას მოითხოვენ. არამოსამართლე წევრების განცხადებით, 50-კანდიდატიანი სიის შედგენის დროს, ადგილი ჰქონდა ნეპოტიზმსა და სავარაუდო გარიგებების ფაქტებს საბჭოს ზოგიერთ წევრს შორის.

  • გაყალბების სავარაუდო ფაქტები

კონკურსანტთა შერჩევისას წინასწარ შეთანხმების სავარაუდო ფაქტზე კრიტიკული განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც. ნინო ლომჯარიას თქმით, 137-დან 50 კანდიდატის შერჩევის პროცესში, დაახლოებით, 10 ბიულეტენში მაღალი ალბათობით წინასწარ შეთანხმებული კანდიდატები იყო შემოხაზული.

კერძოდ: საბჭოს ცამეტი წევრიდან ოთხმა ერთი და იგივე 20 ადამიანი შემოხაზა, სამმა - 20 ერთი და იგივე და ორმა 20 ერთი და იგივე.

"ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისათვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს" - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი AMBEBI.GE-სთან და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში 20 იმდენად დიდი რიცხვია, დამთხვევების ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსებობს.

ნაზი ჯანეზაშვილი

კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე, სამართალმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი გიორგი თუმანიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ შერჩევის პროცესმა სასამართლო სისტემაში კლანის არსებობა დაადასტურა და რომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები "ზემდგომი პირების" დავალებას ასრულებენ, როგორც მარიონეტები:

"კლანის არსებობა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მტკიცდება კენჭისყრის იმ შედეგებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ე.წ. მოკლე სიის (50 ადამიანის) შერჩევისას, სადაც საბჭოს წევრებმა ერთი და იგივე 20 ადამიანი აირჩიეს, რაც მათემატიკურად ადასტურებს კანდიდატებზე წინასწარი შეთანხმების არსებობას.

137 კანდიდატის დოკუმენტაცია ხელოვნურმა ინტელექტმა შეისწავლა, რის შედეგადაც ობიექტურად გაზომვად კრიტერიუმებზე დაფუძნებით განხორციელდა კანდიდატთა შეფასება. ამ კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე ძალიან ბევრი პირი ვერ მოხვდა 50-ეულში, მათ შორის ვერ მოხვდა საერთაშორისო სამართლის დოქტორი მარინა კვაჭაძე, რომელიც ობიექტურად ყველაზე ძლიერი კანდიდატი იყო 137-დან.

რეალური და ობიექტური კონკურსის პირობებში იმ 50-დან ბევრს არ ექნებოდა შანსი, ამ სიაში მოხვედრილიყვნენ. ხელოვნური ინტელექტის ანალიზის შედეგად ზოგიერთ მათგანს 50 ქულამდე არ აქვთ მიღებული, რაც ნიშნავს იმას, რომ თავიანთი ცხოვრების მანძილზე არ შეუქმნიათ რაიმე ღირებული სასამართლო სისტემისთვის, არ შეუქმნიათ სამეცნიერო ნაშრომები ან სხვა სასარგებლო ლიტერატურა, რომლითაც საზოგადოება ისარგებლებდა. ამ ადამიანების ბიოგრაფიებს თუ გადახედავთ, მათ არაფერი ღირებული არ გაუკეთებიათ სასამართლოსთვის!

გიორგი თუმანიშვილი

საბჭოს მიმართ არ შეიძლება ნდობა არსებობდეს. ადამიანები რომლებიც იქ არიან (მცირე გამონაკლისის გარდა), იღებენ გადაწყვეტილებებს კოლექტიურად და ეს გადაწყვეტილება მიღებულია ზემდგომი პირის, ან პირების მიერ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასრულებენ დავალებას, როგორც მარიონეტები. გამონაკლისებს წარმოადგენს საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი - ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, რომლებიც ცდილობენ, საბჭომ არ დაუშვას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო და კორუფციული გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკომპლექტდება საქართველოს უზენაესი სასამართლო.

დღევანდელ დღეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის პროცესი სრულებით დისკრედიტირებულია, ვინაიდან, შერჩევაში მონაწილეობას იღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნათესავები, თვითონ საბჭოს მდივანი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება კოლექტიურად, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით" - ამბობს პროფესორი გიორგი თუმანიშვილი.

  • ინტერესთა კონფლიქტი

მეორე პრობლემა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრები გამოყოფენ, ინტერესთა კონფლიქტია.

"კონკურსში მონაწილეობენ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების - თამარ ონიანის და ირაკლი შენგელიას ნათესავები. ერთ შემთხვევაში, ეს არის მაზლი, მეორე შემთხვევაში - ცოლის ძმა. ეს მიუღებელია. წარმოუდგენელია კონსტიტუციურ ორგანოში ხდებოდეს ასეთი რამ - იუსტიციის საბჭოს წევრები არჩევანს აკეთებდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობდნენ იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომელიც მათი ნათესავია", - უთხრა AMBEBI.GE-ს ჯანეზაშვილმა.

ბრალდებას ასე უპასუხა საბჭოს მოსამართლე წევრმა ირაკლი შენგელიამ:

"რაც შეეხება ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხს, არსებობს შემთხვევები, მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი თავის თავს აძლევს ხმას. იყო შემთხვევები, როდესაც პარლამენტი ნდობას უცხადებდა და ერთის მეუღლე იყო პარლამენტის წევრი და მეორეს მეუღლე იყო მთავრობის შემადგენლობაში ერთ-ერთი მინისტრი. ამაზე აქამდე არცერთი კითხვა არ დასმულა" - აღნიშნა შენგელიამ.

ამ პრობლემის არსებობაზე გააკეთა განცხადება "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც".

"საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ავალდებულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებაში" - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს ჯანეზაშვილი კიდევ ერთ კანდიდატთან - გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით.

გიორგი მიქაუტაძე

ჯანეზაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მიქაუტაძე კანდიდატად ვერ უნდა დარეგისტრირებულიყო, რადგან მან განაცხადი ხარვეზით შეავსო და მინიმუმ სამი რეკომენდატორის წარმოდგენის ნაცვლად ორი რეკომენდატორი მიუთითა:

„როდესაც განაცხადების შემოტანის ვადა იწურებოდა, განაცხადებს ვამოწმებდი ონლაინ რეჟიმში. როგორც კი შემოიტანა განაცხადი გიორგი მიქაუტაძემ, ვნახე, რომ მითითებული ჰყავდა მხოლოდ ორი რეკომენდატორი. რა თქმა უნდა, ვუთხარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მისი კანდიდატად დარეგისტრირება იყო დაუშვებელი, რადგან წესით მას ფორმალური პროცესი ვერ უნდა გადაელახა, მაგრამ საბჭოს სხვა მოსამართლე წევრები ამბობენ, რომ მათთვის ეს ორი რეკომენდატორიც კი არ არის საჭირო, რადგან ერთმანეთს ისედაც კარგად იცნობენ", - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძე საბჭოს აპარატის ხელმძღვანელია, რომელიც კანდიდატების შესახებ ინფორმაციას სწავლობს.

„როდესაც ადამიანი არის იმ აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც მასზე სწავლობს ინფორმაციას, არის აშკარა და ძალიან სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი,“ - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ორგანული კანონის თანახმად, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო 50 კაციან სიას შეიმუშავებს, ოქმს ხელს აწერს მდივანი, ამ შემთხვევაში კი ხელი დიმიტრი გვრიტიშვილმა მოაწერა, რაც მისივე თქმით, უკანონოდ შედგენილი აქტია.

  • ინფორმაციის ხელმიუწვდომლობა

მესამე პრობლემა, რაზეც არამოსამართლე წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებდნენ, ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაა. გასულ თვეში "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული ყველა განცხადებისა და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლები.

13 ივნისის პასუხით, საბჭომ უარი თქვა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე პერსონალური მონაცემების საფუძვლით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ უწყების ამგვარი მიდგომა არანაირ სტანდარტსაც არ პასუხობდა და წინააღმდეგობაში იყო მოქმედ კანონმდებლობასთან. როგორც ნაზი ჯანეზაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, ამ ეტაპზე ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის პრობლემა აღმოფხვრილია. მისი თქმით, არამოსამართლე წევრებს მოუწიათ ბრძოლა, რომ საბჭოს კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემა დაეწყოთ.

ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, სწორედ ეს არის ის ერთადერთი მიღწევა და შედეგი, რაც არამოსამართლე წევრების რამდენიმეთვიანმა ბრძოლამ გამოიღო.

"სხვა შედეგი ჩვენ არ გქონია. დეკემბერში იმ ათკაციანი პრობლემური სიის გაკრიტიკების შემდეგ, კარგი მოხდა ის, რომ პარლამენტმა უარი თქვა ჩინჩალაძის კლანის მოსამართლეების განხილვაზე და შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომლითაც ახლა ვხელმძღვანელობთ.

შედგა პროცედურები და შეიქმნა კონკურენციის შესაძლებლობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს პროცედურები ვერ უზრუნველყოფს, რომ ჩინჩალაძის ხალხი ისევ არ მოხვდეს ათკაციან სიაში. რადგან იმ ათი კაციდან, რომელიც თავის დროზე გავაპროტესტეთ, შვიდი კვლავ არის 50-კაციან სიაში. სამი მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ მათ არ სურდათ ეს და მოხსნეს კანდიდატურა.

ჩვენ ვთავაზობდით მეტი გამჭირვალობისთვის გზებს. მაგალითად: კონკურსის გამოცხადების სტანდარტის შემოღებას, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის სტანდარტის შემოღებას, საჯარო გასაუბრებას და ასევე საკუნსულტაციო ჯგუფის შექმნას, რომელშიც შევიდოდნენ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს საბჭო შერჩევის ეტაპზე ჩართვებოდა და ღია დისკუსიის შედეგად მიიღებდა გადაწყვეტილებას", - გვიხსნის ჯანეზაშვილი.

  • კენჭისყრის ფარულობა

როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ვენეციის კომისიის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რაც ფარული კენჭისყრის გაუქმებას გულისხმობდა, გაუთვალისწინებელი დარჩა. არამოსამართლე წევრების მტკიცებით, კენჭისყრის ფარულობა აჩენს რისკებს, რომ კანდიდატთა შერჩევის პროცედურები წინასწარ შეთანხმებით, გაყალბებით წარიმართოს.

როგორც ჩანს, საბჭოს არამოსამართლე წევრების მოთხოვნის გათვალისწინებას, კონკურსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, არავინ აპირებს. რადგან პროცესები გრძელდება, სახალხო დაცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარი ძალისხმევა გასაუბრებების სწორად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს.

"ადამიანის უფელებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" სხვა გამოსავალსაც ხედავს:

"უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ზრახვების აღსასრულებლად, საბჭოს თითოეული წევრის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ლოიალური წევრების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიდან ჩამოცილებით, წინასწარ შეთანხმებული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა საბჭოსთვის საგრძნობლად გართულდება.

კერძოდ, იმისათვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის საბოლოოდ წარსადგენ სიაში მოხვდეს, მას საბჭოში, არანაკლებ ათი ხმა სჭირდება. ამ დროისთვის, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს 11 გარანტირებული მხარდამჭერი ყავს, სამი წევრის ჩამოცილების შემთხვევაში კი, მათ ინტერესებზე მორგებული სიის ფორმირებას საფრთხე ექმნება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს