ავტორი:

"ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას"- ოქრუაშვილის თქმით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა

"ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას"- ოქრუაშვილის თქმით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა

სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, - ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

ოქრუაშვილის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

„როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10 დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განცხადება წილების გასხვისებაზე, ყადაღის დადებაზე და ოთხშაბათს მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასამართლო კვლავ შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, რადგან მან ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში 2017 წელს შეტანილი განცხადების ზუსტად იდენტური განცხადება შეიტანა, რომელიც ხალვაშს დაუკმაყოფილეს და „რუსთავი 2“-ის წილებს ყადაღა დაადეს.

ჟურნალისტების კითხვაზე კი, რატომ არ შეიტანა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სარჩელი პარიზის ან ლონდონის სასამართლოებში, მან განმარტა, რომ ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით "ბურთის გადაგდებას ივანიშვილის მოედანზე" გეგმავს.

„ჩემთვის ეს არ არის იურიდიული პროცესი, ჩემთვის ეს არის პოლიტიკური პროცესი. ძალიან მარტივი მიზეზის გამო არ შევიტანე - ლონდონში ან პარიზში რომ შემეტანა, ეს დავა და ეს სარჩელი და იქ მედავა, არ იქნებოდა ამ საქმისთვის მარტივი პოლიტიკური ჭრილის შეძენა. ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი, რადგან ამ ყველაფრის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყნის მმართველი. მე ვაპირებ ბურთის ივანიშვილის მოედანზე გადაგდებას, ქართულ სასამართლოში სარჩელის შეტანის მეშვეობით, რომ გაირკვეს ამ ქვეყანას მომავალი აქვს თუ არ აქვს. ლონდონში დავას ამ საკითხზე დავასრულებდი რვა წლის მერე და შეიძლება არსებითი აღარ ყოფილიყო. ეს არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ „რუსთავი 2“-ი პოლიტიკური იარაღი არ არის ჩემთვის, ივანიშვილისთვის კი არის“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები