ავტორი:

ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება - 3 მთავარი სიახლე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში

ტრანსპორტში ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება - 3 მთავარი სიახლე თბილისის სატრანსპორტო სისტემაში

თბილისის სატრანსპორტო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ქაღალდზე არსებული იდეებით, რომლის ავტორიც ფრანგული კომპანია „სისტრაა“, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების ახლებური და ინოვაციური სქემა შემოდის.

რა რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს ცენტრალურ გამზირებზე დედაქალაქის მერია, სად იმოძრავებს ავტობუსები ქუჩის შუა ზოლში, რამდენი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასური და აიკრძალება თუ არა ქუჩაში პარკირება - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში "სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ასმათ აბესაძე საუბრობს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაინერგება, ერთჯერადი მგზავრობის საფასურის ცვლილებაა. როგორც აბესაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, შემოვა ერთიანი გადახდის სისტემა და ერთი გადახდით მგზავრი საათნახევრის განმავლობაში ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებს. მისივე განმარტებით, მგზავრობის ერთიან სისტემაში სამარშრუტო ტაქსებიც ჩაერთვებიან.

"საათნახევარი მგზავრობა მინიმუმ 80 თეთრიდან 1-ლარამდე იქნება, ოღონდ ამ ინტეგრირებულ ტარიფში შევა მიკროავტობუსებიც. ვიღაცას მგზავრობა გაუიაფდება, ვიღაცას იგივე დარჩება. არავის მგზავრობა არ გაუძვირდება, მაგრამ გაუმჯობესდება მომსახურება.

გარდა ამისა, ქეშით გადახდა საერთოდ ამოვარდება. ერთხელ გადაიხდით, მოახდენთ ბარათის ვალიდაციას და იმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. პირველი მგზავრობისას ჩამოგვაჭრის ფიქსირებულ ტარიფს და საათნახევრის განმავლობაში ვიმგზავრებთ სხვადასხვა ტრანსპორტით. ქეშით მგზავრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.

მისივე თქმით, საათნახევრის გასვლის შემდეგ მგზავრს შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის უფლება აღარ ექნება და მას მგზავრობის საფასურის საწყისი თანხის გადახდა მოუწევს.

კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ 2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება.

როგორც „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა, მგზავრებს საფასურის გადახდა მხოლოდ საბანკო და სპეციალური ბარათებით შეეძლებათ.

„იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს „საქართველოს ბანკი“ მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს“, - განაცხადა აბესაძემ.

ამ დროისთვის საზოგადოებრვ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა „საქართველოს ბანკის“, „ვითიბი ბანკის“ და ბანკი „ქართუს“ ბარათებითაც არის შესაძლებელი. სისტემაში ჩართვას „თიბისი ბანკიც“ გეგმავს.

მესამე მნიშვნელოვანი სიახლე კი ავტობუსის ზოლის შუა ქუჩაში მოწყობას ეხება.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გარდა, ავტობუსის ზოლი ქუჩის შუაში რუსთაველის გამზირზეც მოეწყობა. ასმათ აბესაძის განცხადებით, 10 ძირითად დერეფანზე გასაკეთებელია დეტალური პროექტი, რადგან აუცილებელია კონკრეტული ქუჩების შესაბამისად მოწყობა:

"მაგალითად, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები გვერდებზე იქნება და არა შუაში. მაგრამ ჭავჭავაძეზე ვფიქრობთ, შუა ზოლი გავაკეთოთ. იგივე რეკომენდაცია გვაქვს რუსთაველის გამზირზეც. 10 ძირითად დერეფანს აუცილებლად ექნება ავტობუსების გამოყოფილი ხაზი, რომლის განლაგებასაც დეტალური პროექტი დაადგენს.

რაც შეეხება მარშალ გელოვანის გამზირს, მასზე ავტობუსის გამოყოფილი ზოლების დაგეგმვა თბილისის მერიის ჩარევით მოხდა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მიხედვით, ავტობუსის ზოლები საერთოდ არ იყო გათვალისწინებული და მერიის ჩარევით დაემატება. მერია ახლა 10 დერეფნის დეტალურ პროექტირებაზე ფასთა კვოტირებას ატარებს, შემდეგ ტენდერს გამოაცხადებს. მონაწილეობას ჩვენც მივიღებთ. ტენდერში გამარჯვებული დააპროექტებს ამ 10 დერეფანს.

ამოჩემება არ არის, რომ ავტობუსის ზოლი მაინცდამაინც შუაში იყოს. გააჩნია ტროტუარის კონფიგურაციას, პროფილს. თუ ხეების მოჭრა მოგვიწია, მაშინ ჯობს ეს ზოლი შუაში იყოს. ჭავჭავაძეზე მწვანე ზოლებს სერთოდ არ ვეხებით, მწვანე საფარი უცვლელი რჩება. სამაგიეროდ გაჩერებები იქნება შუაში“, - განაცხადა აბესაძემ.

წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"სალომეს ძმები ხმამაღლა ტიროდნენ... ამბობენ, პოლიციელი მოგვიანებით თავად ჩაბარდაო" - რას ჰყვებიან გურჯაანში ავარიაზე, რომელმაც მამაოს შვილი იმსხვერპლა

ხვალიდან თბილისში ბაგა-ბაღები იხურება - კახა კალაძის განცხადება

კურორტი„საირმე“ WorldTravel Award-ის გამარჯვებულია