ავტორი:

„თამაში ჭვავის ყანაში“ პირველი ქართული თარგმანითა და სათაურით ხელახლა გამოიცა

„თამაში ჭვავის ყანაში“ პირველი ქართული თარგმანითა და სათაურით ხელახლა გამოიცა

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო კლასიკაა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რომანი 1951 წელს გამოიცა და მაშინვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა კრიტიკას გაუძლო და ის დღემდე, ახალგაზრდების ერთ-ერთი რჩეული ნაწარმოებია.

გამოცემიდან რამდენიმე წელში, 1960-იან წლებში „თამაში ჭვავის ყანაში“ ქართულ ენაზეც ითარგმნა. რომანი ქართულად ცნობილმა მთარგმნელმა, ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა. სელინჯერის რომანი ქართულად მეორედაც ითარგმნა, განსხვავებული სათაურით - „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“. თუმცა მკითხველში არსებობდა გარკვეული სახის ნოსტალგიები პირველი თარგმანის მიმართ და სწორედ ამიტომ, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ვახტანგ ჭელიძის თარგმანი ხელახლა დაბეჭდა და ახალი გამოცემა უახლოეს დღეებში წიგნის მაღაზიის დახლებზეც გამოჩნდება.

„ჯერომ სელინჯერი აქტუალობას დღემდე არ კარგავს. მისი რომანის ხელახლა გამოცემაზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის წიგნის თავდაპირველი, ყველასთვის საყვარელი თარგმანი დაგვებრუნებინა. ძალიან საინტერესო გამოვიდა ყდის დიზაინიც. წიგნები უკვე დაბეჭდილია და მალე მკითხველი მის შეძენასაც შეძლებს,“ - ამბობს გამომცემლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, მარიამ აბდუშელიშვილი.

რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. რომანი პირველ პირშია მოთხრობილი და ნათლადაა წარმოჩინებული ჰოლდენის მსოფლმხედველობა. ეს არის ადამიანი, რომელიც გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს. თავისი პატარა დის გარდა არავინ მოსწონს და უყვარს. ადამიანები, რომლის მიმართაც ჰოლდენს მცირედი ნდობა უჩნდება, მოგვიანებით მას აუცილებლად უცრუებენ იმედს. იგი სევდით უყურებს ბავშვებს და ფიქრობს, რომ მათ ჯერ კიდევ არაფერი იციან იმ საფრთხეზე, რაც საზოგადოებაში ემუქრებათ.

ჰოლდენი თვლის, რომ ის უკვე გადაიჩეხა იმ უფსკრულიდან, რომელიც ჭვავის ყანაში იყო ჩამალული. მაგრამ მას სურს, რომ სხვები მაინც გადაარჩინოს. იდგეს უფსკრულის პირას და უყუროს ბავშვებს, რომლებიც თავისთვის თამაშობენ, ხოლო როცა მათ გადავარდნის საფრთხე დაემუქრებათ, გადაარჩინოს ისინი. სწორედ ჰოლდენის ამ მონოლოგიდან წარმოსდგება ნაწარმოების სათაურიც.

„თვალწინ მიდგას, როგორ თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე, ჭვავის ყანაში. ათასობით ბავშვია და თან არავინ ახლავთ– ესე იგი, დიდი არავინ ახლავთ– ჩემს მეტი. მე კიდე საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ, და რას ვაკეთებ – ბავშვებს ვიჭერ, რომ უფსკრულში არ გადაიჩეხონ. თუ გამორბის და წინ არ იყურება, არც იცის, რომ უფსკრულს უახლოვდება, უცებ გამოვვარდები და ხელს ვტაცებ. მთელი დღე მეტს არაფერს ვაკეთებ – ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ ეს მინდა, სხვა არაფერი.”- სწორედ ასე ფიქრობს ჰოლდენი.

ის ამბობს: „უფრო ისეთ წიგნებზე ვგიჟდები, კითხვას რომ დაამთავრებ და ინატრებ – ნეტა ამის დამწერი და მე კაი ძმაკაცები ვიყოთო, და ტელეფონითაც რომ დაურეკავ, როცა მოგინდება. ეს კი იშვიათად ხდება.“ - ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მკითხველს ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობის სურვილი მართლაც უჩნდება.

წიგნის შეძენა „ბიბლუსის“ ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი.

და მაინც საით მიფრინავენ ხოლმე იხვები, როცა ტბა იყინება?

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა