ავტორი:

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, გირაოს სახით მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს - რას პასუხობენ ბიზნესმენები

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, გირაოს სახით მილიონ-მილიონ ლარს ითხოვს - რას პასუხობენ ბიზნესმენები

„თიბისი ბანკის“ ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, სახელმწიფო ბრალდება ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ, თითოეულის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

„ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულის შემთხვევაში. ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლებით, რა საფუძვლებიც სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების მიზნებისთვის", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ეროვნული ბანკისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნა, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები.

პროკურატურამ მესამედ ჩატარებული ქვეყნის საწინააღმდეგო ბრიფინგით ქართულ ეკონომიკას დააკარგინა, ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო უნდა გაიმართოს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბოლო ორ დღეში პროკურატურამ ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარით დაუგდო.

„პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით „თიბისი“ ბანკს და ანაკლიას იმისთვის, რომ გადაგვეფარა და იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ჩვენი ეს ორი უზარმაზარი კომპანია. ჩვენ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი, ორჯერ მოგვიწია გადადგომა. მეორედ გუშინ გადავდექით, მას შემდეგ რაც 98%-ით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა, ამას მოყვა ის ფაქტი, რომ 5 წუთიანი დოკუმენტის და მასალის გადმოსაცემად, პროკურატურამ, მესამედ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა, ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგინა ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომელიც ლონდიონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ორ დღეში, პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ, ქვეყანას მიადგა უზარმაზარი ზარალი.

ჩვენ პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრისა და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ, იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც სამწუხაროდ, ხელისუფლებას აქვთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები