სამართალდამცავებმა შ.პ.ს. "ავტოპარკინგის"''დამფუძნებლები ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1982 წელს დაბადებული ხვიჩა წკეპლაძე და 1979 წელს დაბადებული დიმიტრი ჭელიძე; დირექტორი 1961 წელს დაბადებული, იური ბარბაქაძე და ამავე ფირმის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული მამუკა აფციაური.
სამინისტროს ინფორმაციით, 2010 წლის ივნისის დასაწყისში, თბილისის საპატრულო პოლიციას მიმართეს, დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებში ავტოსადგომებთან მყოფმა ე.წ. 'სტაიანშიკებმა'' რომელთა განცხადებით მძღოლების მიერ გადახდილი თანხიდან მათ სისტემატიურად სძალავდნენ ფულად თანხებს გარკვეული პირები.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგენილი და გამოვლენილი იქნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც თითქოსდა ავტოსადგომების მომსახურების მოწესრიგების მიზნით შექმნილი ჰქონდათ შ.პ.ს ''ავტოპარკინგი”. ისინი ფიზიკური ძალისა და მუქარის გამოყენებით, აიძულებდნენ ავტოსადგომზე მყოფ ე.წ. 'სტაიანშიკებს გაწევრიანებულიყვნენ მათ ფირმაში, რომელსაც არანაირი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა მსგავსი საქმიანობის წარმართვის და აიძულებდნენ ყოველი დღის ბოლოს მათთვის გადაეხადათ დადგენილი ტარიფი, 20-30 ლარის ოდენობით.
დანაშაული თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს.