"დასასვენებლად კახეთი მირჩევნია და სხვებსაც იმავეს ვურჩევ"

"დასასვენებლად კახეთი მირჩევნია და სხვებსაც იმავეს ვურჩევ"

"როცა პირველად შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, მაშინვე მივხვდი, რომ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა და ჩვენს ქვეყანას საგარეო არენაზე სულ სხვანაირი კუთხით წარმოაჩენდა", - ღიმილით ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი, რომელიც ორივე ხელისუფლების დროს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იყო.

- ბატონო გია, საქართველოში პოლიტიკურად დათბა, რამ გამოიწვია ეს, თქვენი აზრით?

- მე არ მწამს ქართველზე ქართველზე გამარჯვების და ეს უახლოესმა ოცწლიანმა ისტორიამ ნათლად დაგვანახა. თანაც ბოლო არჩევნები მართლაც კეთილსინდისიერად ჩატარდა. შიდა და გარე პოლიტიკა გადაბმულია ერთმანეთთან და ამის შედეგია ის, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო გარე სამყაროსთვის ორმაგად საინტერესო გახდა. ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ამერიკაში. ჩვენთვის ყველაზე ახლო პარტნიორ და მოკავშირე ქვეყანაში პრეზიდენტი შეიცვალა და იქ საგარეო პოლიტიკური კურსის დალაგებას დრო სჭირდებოდა. ჩვენდა საბედნიეროდ, შეცვლილია რუსეთის ტონიც.

- თუმცა ტონის შეცვლას ტანკის გაყვანა სჯობს...

- ეს არც ისე ადვილია... იცით, რამდენი მილიარდი დახარჯა ამერიკამ საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ?!. წაკითხული მაქვს, რას წარმოადგენდა მარშალის გეგმა თავის დროზე, როცა ამერიკამ ევროპას ხელი გაუწოდა. ფედერაციულ გერმანიას, რომელმაც ომი წააგო და განადგურებული იყო როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად, 1,4 მილიარდი დოლარი მისცეს...

- გერმანია იმ ფინანსურმა დახმარებამ ათ წელიწადში ფეხზე დააყენა და ჩვენს ეკონომიკას ამდენი დახმარების არაფერი ეტყობა...

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ეს თანხა მხოლოდ ეკონომიკისთვის კი არა, დევნილთათვისაც იყო... გარდა ამისა, ქვეყანაში მართლა ბევრი გაკეთდა. საქართველოს ნებისმიერ რეგიონში გაირეთ, ისეთ ადგილას შეგხვდებათ ახალი გზები, ადრე სიზმრადაც ვერ ნახავდა ქართველი კაცი.

- უკვე დამკვიდრდა ქართულ საზოგადოებაში ასეთი ტერმინი, ასფალტს ვერ ვჭამთო..

- იცით, არავინ გვაჭმევს და გვასმევს. ამ დახმარებას იმისთვის არავინ გვაძლევს, რომ ჩვენ გულზე ხელი დავიკრიფოთ და არაფერი ვაკეთოთ.

- ამჟამად ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობთ, ალბათ ხშირად მოგისმენიათ, რომ სამსახურის დასაწყებად აუცილებლად ნაციონალური მოძრაობის წევრობაა საჭირო, არის თუ არა ეს ადამიანის უფლების დარღვევა?

- არ ვიცი და ვერ გეტყვით, თავად მე არც "ნაციონალი" და არც მოქკავშირის წევრი ვყოფილვარ.

- განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობთ და არ გვიმხელთ, ბატონო გია?

- არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პარტიის მიმართ ჩემი სიმპათიები არ გამაჩნია.

- ამ პრობლემის არსებობას ისიც ადასტურებს, რომ ვერა ქობალიამ თანამდებობაზე დანიშნვნის პირველივე დღეს თქვა, - ჩემს უწყებაში ნაცნობობისა და ნათესაური კავშირების ინსტიტუტი აღარ იმუშავებსო...

- რამდენი ჩემი ნათესავი იცით, რომელიც ამ პრინციპით მივიღე სამსახურში?!. ამ ქალბატონს რომ ვიცნობდე, თქვენს შეკითხვას სერიოზულად ვუპასუხებდი, მაგრამ მას მხოლოდ ერთხელ მოვუსმინე, ბათუმში, როცა ამას წინათ უმრავლესობის სხდომა იყო.

- პოლიტიკიდან ცოტა უფრო სასიამოვნო თემებზე გადავინაცვლოთ. ზაფხული შვებულებასა და დასვენებასთან ასოცირდება, სად აპირებთ დასვენებას?

- შვებულებით თუ შვებულების გარეშე, თელავში მივდივარ და იქ ვისვენებ. სხვა დასასვენებელი ადგილს, კახეთის გარდა, არ ვაღიარებ და სხვებსაც იმავეს ვურჩევ... (იცინის) ხუთი წელი ვიყავი კახეთის გუბერნატორი და ჩემთვის ბედნიერებაა, ის რაიონები მოვიარო, სადაც ნამყოფი არ ვარ. ამ რეგიონში მყავს უამრავი მეგობარი, თანამოაზრე, მიცნობენ, ვიცნობ, მიყვარს, ვუყვარვარ. ახლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ჩემს საყვარელ ქიზიყში რომ ჩავალ, ყველას მოვინახულებ. აუცილებლად წავალ შირაქშიც. აღიარებულია, რომ კახელები სხარტი და ორიგინალური იუმორით გამოირჩევიან და ყველა შეხვედრა გამორჩეულია.

- რაზე გესაუბრებათ ადგილობრივი გლეხობა, პოლიტიკაზე?

- არა, პოლიტიკაზე იმდენად არა, უფრო სხვა პრობლემებზე, შეიძლება შემომჩივლონ, რომ აბროზია მოედო მთელ მინდორს და როგორ შევაჩეროთო... ან მუხები გახმა ტყეში და როგორ ვუშველოთო. ეს შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ეს მათი გასაჭირია და უნდა მოვუსმინო. კახეთში მიმავალი თუ გურჯაანში გავჩერდი საზამთროს საყიდლად, იმ ხალხთან ერთი საათი ვრჩები, უამრავ კითხვაზე მიწევს პასუხის გაცემა... მართალია, შვებულების გასატარებლად კახეთს ვირჩევ, მაგრამ სამეგრელოშიც ვარ დაპატიჟებული. ჩემს მეგრელ მეგობრებს სულ ვპირდები გინახულებთ-მეთქი და ერთხელაც ვერ ჩავედი... ახლა ვაპირებ ახალციხეში წავიდე, იქიდან გოდერძის უღელტეხილზე გადავალ, იქიდან კი ხულოს ვესტუმრები. ჩემს აჭარელ მეგობრებსაც ვპირდები სტუმრობას.

- ბატონო გია, ადამიანის უფლებებზე მუშაობის განმავლობაში, თუ გახსოვთ ყველაზე უცნაური განცხადება თუ მომართვა...

- ერთხელ ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მესტუმრა. ქვრივი იყო. დაწვრილებით მომიყვა, როგორ უჭირდათ ოჯახში და როგორი გაჭირვებით ზრდიდნენ ბოჩოლას. თან ამ ყველაფერს ძალიან მხატვრულად მიყვებოდა და მეც კარგა ხანს გასუსული ვუსმენდი. მივხვდი, რომ ამბის ფინალში ამ ბოჩოლას მოჰპარავდნენ და კახეთში პოლიციის უფროსთან დასარეკად მოვემზადე... თუმცა მანამდე ჩემი სტუმარი ალბათ 40 წუთის განმავლობაში ძალიან ნიჭიერად მიყვებოდა, რამდენს ნიშნავდა ეს ბოჩოლა მათი ოჯახისთვის, თხრობაში თანდათან ახალი მოქმედი პირები შემოჰყავდა...

ისიც მითხრა, რომ ის ბოჩოლა ერთხელ უკვე დაკარგა და ვიღაც მეზობელმა, რომელიც ძალიან კარგი ადამიანია, უპოვა და მიუყვანა. მერე იმ მეზობლების ამბავს მომიყვა, შვილიშვილი შეეძინათ, მაგრამ ფეხი აწუხებსო. ერთი სიტყვით, როგორც იქნა მივედით ფინალამდე და მითხრა, რომ ბოჩოლა ისევ მოპარეს, ვტაცე ტელეფონს ხელი, რომ კახეთის პოლიცია საქმის კურსში ჩამეყენებინა და პოლიციის უფროსის გასალანძღი სიტყვებიც კი მოფიქრებული მქონდა, მაგრამ ამ დროს ქალმა გამიღიმა - არა, ბიჭო, მაგიტომ კი არ ვარ მოსულიო... ტელეფონი ხელში შემაცივდა და გაოცებისგან თვალები დამიმრგვალდა.

- აბა, რა უნდოდა?

- ეს ამბავი რომ ჩაამთავრა, ისეთივე ნიჭიერებით და მაღალმხატვრულობით ახლა მეორე, ასევე გავრცობილი ამბის მოყოლას შეუდგა, ისევ ახალი მოქმედი პირები შემოიყვანა და იმაზე დიდხანს მიყვებოდა, რომ ცხენი და კვიცი მოჰპარეს... დაკარგული ჩლიქოსნები უპოვა პოლიციამ, მაგრამ ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი ამბავი, რაც კი მომისმენია.

ნინო აფხაზავა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე