ავტორი:

ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე - დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ „რუსთავი 2“ - ის წილებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზების მიღებას.

მათი განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლია და ხელისუფლებას არ გამოუვა, რომ მისთვის ტელეკომპანიის გადაცემა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს. მათივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ საქციელით ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2“-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

„ინტერპრესნიუსი“ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამონთავსიუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს, ჩვენთვის „რუსთავი 2“ - ის 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის ნათელი დასტურია. ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული. ბოლოდროინდელი შემოთავაზების მიღება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას. ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით. ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მე-7 წელს ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო „ტროლებისა“ და „ბოტების“ არნახული გააქტიურების გზით, აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურად გამოგვაცხადებდა, რომ ჩვენ არ ვიღებთ დიდსულოვნად ნაბოძებ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2“-ის კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2“-ის უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ამ საქციელით ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2“-ის მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება. ჩვენი მიზანია წართმეული უფლებების აღდგენა სამართლიანობის გზით და არა კულუარული გარიგებების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც, ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნას იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებენ.

ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს 2012 წელს დაწყებული და თაროზე შემოდებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დამფუძნებლებისთვის დაბრუნება. ჩვენ განვაგრძნობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2“-მა დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების - თავისუფლების ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი პოზიცია“, - აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები მესამე სექტორთან, მაქსიმალურად გავაქტიურდებით. ვინც ფიქრობს, რომ ის რაც ხდება „რუსთავი 2“-ის თავს, მიუღებელი და დაუშვებელია, ყველასთან გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას, - აცხადებს დავით დვალი.

დვალის თქმით, ის და ჯარჯი აქიმიძე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას იწყებენ და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალურად საზოგადოებას უკვე კონსულტაციების შემდეგ მიაწვდიან ინფორმაციას.

„ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვისმენია ქიბარ ხალვაშის განცხადება იმ დღეს, როდესაც შეხვედრიდან გამოვედით. ჩვენ ვაკეთებდით ჩვენ განცხადებებს და იქ გაიჟღერა თურმე ფრაზებმა, რომ მოლაპარაკება გაგრძელდება, კონტრწინადადებებს ელოდებიან და ა.შ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადება არის პასუხი, არანაირ ვაჭრობას არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ადგილი. ჩვენ მაშინ შეხვედრაზეც პირდაპირ დავსვით საკითხი, რომ კი ბატონო, ბრძანეთ, თქვენი ნებაა და ჩვენი პასუხი იქნება კი ან არა. სავაჭრო იქ არაფერი არ არის. ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური კონტაქტი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, დაგემილი გვაქვს შეხვედრები, მათ შორის დღეს და ხვალაც. მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებთ, ყველასთან, ვინც ფიქრობს, რომ ის რაც „რუსთავი 2“-ის თავს ხდება მიუღებელი და დაუშვებელია, გავალთ კონტაქტზე და დავსახავთ მოქმედების სტრატეგიას“, - აცხადებს დვალი.

მისი თქმით, თუ მას და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“ - ის წილების საკონტროლო პაკეტი არ ექნებათ, მათ გარანტია არ ექნებათ, რომ მოვლენები მათთვის მისაღები ფორმით განვითარდება.

„ჩვენ წითელი ხაზი ვთქვით. ამ ტელევიზიის კონტროლი უნდა იყოს ჩვენზე. თუ არ იქნება კონტროლი, მე ვერანაირ გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ იქ ისე განვითარდება მოვლენები, როგორიც ჩვენთვის მისაღებია. შესაბამისად, ამის მონაწილეები არ ვიქნებით,“ - განაცხადა დავით დვალმა.

ამასთან, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, თუ პროკურატურა იტყვის, რომ 2004 წელს მათ ძალადობრივად დაათმობინეს ტელეკომპანიის წილები და ამ საქმის სასამართლო განხილვა დაიწყება, ამავდროულად თუ მათ 60%-იანი წილი გადაეცემათ, ის და დავით დვალი „რუსთავი 2“ - ში შევლენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები