ავტორი:

ქართულ მედიაში  ტელევიზიების ბუმი იწყება - ვინ როგორ გადაინაწილებს გავლენებს

ქართულ მედიაში  ტელევიზიების ბუმი იწყება - ვინ როგორ გადაინაწილებს გავლენებს

არჩევნებამდე 1 წლით ადრე ქართულ მედიასივრცეში მორიგი გადაადგილებები იწყება. ქართულ სატელევიზიო სივრცეს, მალე ერთდროულად ორი ტელევიზია შეემატება, რასაც მედია ექსპერტები მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ დიდი კონკურენციის ფონზე შესაძლებელი იქნება ობიექტური საინფორმაციო ველის მოძებნა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, რასაც არხზე მენეჯმენტის მყისიერი ცვლილება მოჰყვა - გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

თავად გვარამია დიდხანს არ დარჩენილა უქმად და ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა. მისი თქმით, "გადავწყვიტე: რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო". ამასთან, ის იმედს გამოთქვამს, რომ კამპანიას, რომელსაც ახალი ტელევიზიის შესაქმნელად დაიწყებს, ბევრი დაეხმარება შემოწირულობით.

პროცესების პარალელურად ცვლილებებია ტელეკომპანია "იმედში", სადაც საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნანა ლეჟავას ნაცვლად ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე დაინიშნა. ცოტა ხნით ადრე, ცვლილება განხორციელდა მენეჯმენტშიც - "იმედის" გენერალური დირექტორის პოზიცია ელდარ მდინარაძემ დაიკავა, რომელიც წლების წინ ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა, ტელეკომპანიის აღმასრულებელ დირექტორად კი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა დაინიშნა.

სექტემბრისთვის ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზარაშვილმაც. ცნობილი გახდა ისიც, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი სახე ტელევიზიას "ფორმულა კრეატივთან" ერთად გახსნის. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. კეზერაშვილის თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ ახლებურად დაანახა და უბიძგა იმისკენ, რომ მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულიყო.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ბაზარზე ტელევიზიების სიმრავლეს მიესალმება მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე.

"ცუდი პროცესი არ არის, თუ ქვეყანაში ბევრი მედიაორგანიზაცია იხსნება, მითუმეტეს ტელევიზია. ვისურვებდი, რომ იყოს ისეთი ტელევიზიები, რომელთა საქმიანობა მაქსიმალურად გამჭირვალე იქნება, პროფესიული სტანდარტები და ეთიკური ნორმები ძალიან მაღალი ხარისხის.

ნიკა გვარამია ან დავით კეზერაშვილი, არ ვიცი, ამას როგორ ჩამოაყალიბებენ და რა პროდუქტს, რა ფორმით შემოგვთავაზებენ. მიმაჩნია, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა განსაზღვრონ იმ ჟურნალისტებმა და პროდიუსერებმა, რომლებიც არხებზე იმუშავებენ. როცა კონკრეტული დამკვეთი, დამფუძნებელი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის მოსაწონი იყო ვიღაცისთვის არა, თუ ჟურნალისტებისთვის და პროდიუსერებისთვის მისაღებია, დაიწყებენ ერთობლივ მუშაობას და გარკვეული სტანდარტს შემოგვთავაზებენ.

მაგალითად, 18 ივლისამდე ვინც იყო „რუსთავი 2“-ის მეპატრონე და ახლა ვინც არის, არც ერთი მხარის მიმართ არ მქონია განსაკუთრებული ნდობა, მაგრამ მთავარია, თავად ჟურნალისტები რა პროდუქტს გვთავაზობდნენ და გვთავაზობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ქმნიან ტელევიზიას, ფინანსები მაქსიმალურად გამჭირვალე გახადონ, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ფულს აბანდებენ ტელევიზიაში და შემდგომ როგორ აპირებენ ტელევიზიის განვითარებას" - გვითხრა ქორიძემ.

მედიასივრცეში დაწყებული ცვლილებები არ გაკვირვებიათ ექსპერტებს. პოლიტიკის ექსპერტის ხათუნა ლაგაზიძის თქმით, 2016 წლის არჩევნები მოიგეს იმ ძალებმა, ვის ინტერესებსაც ტელევიზიები ატარებდნენ, შესაბამისად არჩევნების წინ ეს პროცესები მოსალოდნელი იყო:

"2016 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვდნენ ის ძალები, რომელთაც ჰქონდათ ტელევიზიები. ამიტომ სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ მივიღებდით ამ რეალობას, რაც დღეს გაცხადდა. ამდენი ტელევიზიების არსებობას მივესალმები. გასაგებია, მათ კვლავ ექნებათ სიმპათიები გარკვეული პოლიტიკური ძალების მიმართ. რომ შევხედოთ ჩვენთვის ყველაზე მისაბაძ აშშ-ის სატელევიო სივრცეს, იქაც არ მალავენ ტელევიზიები თავის სიმპათიებს საპრეზიდენტო კანდიდატების და პარტიების მიმართ.

ასე რომ, რაც უფრო მეტი ტელევიზია იქნება კონკურენციის თვალსაზრისით ობიექტურობის ხარისხიც მოიმატებს. მაყურებელს ექნება იმის საშუალება გარჩიოს - რა არის პროპაგანდა და რა დაბალანსებული, ობიექტური ინფორმაცია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მისასალმებელია.

კეზერაშვილს თავის ბიზნესები საქართველოში აღარ აქვს, ამიტომ თუ ვინმესგან შეიძლება ველოდოთ ობიექტურობას, სწორედ მისი ტელევიზიიდან. თუკი ინტელექტუალურ მხარდაჭერას "ევროპული საქართველო" აღმოუჩენს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალინტელექტუალური ტელევიზია შემოვა ქართულ მედიასივრცეში.

ამ პირობებში თუ ქიბარ ხალვაში ტელევიზიას შეხედავს, როგორც ბიზნესს, ის ვალდებული იქნება ობიექტურობის მაღალი ხარისხის ტელევიზია გააკეთოს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "რუსთავი 2" კიდევ ერთხელ გაიყიდოს, იმიტომ რომ ეს დაებედა წლების განმავლობაში - ტელეკომპანია ხელიდან ხელში გადადიოდა.

საბედნიეროდ, ტელევიზიების გახსნა არ არის დამოკიდებული იმაზე, ხელისუფლებას აწყობს თუ არ აწყობს ეს. გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გაართულოს ლიცენზიების გაცემა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

ანალოგიურად ფიქრობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც. მისი თქმით, რაც უფრო მეტი ტელევიზია იქნება, თუნდაც აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური სიმპატიებით, მით უკეთესია.

"ამ პროცესებს ობიექტურად შევხედავდი. რაც უფრო მეტი ტელევიზია იქნება, თუნდაც აშკარა გამოკვეთილი პოლიტიკური ვექტორით, უკეთესიც კია. როდესაც ხელისუფლება მიდრეკილია მონოპოლიზაციისკენ (და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ზუსტად ასეთი ტენდენციებია მოსალოდნელი), რაც უფრო მეტი ალტერნატივა გაჩნდება, მით უკეთესია, სახელმწიფოებრივადაც და საზოგადოებისთვისაც.

მედიის როლი არის ხელისუფლების კრიტიკა. ვფიქრობ, დღევანდელ სიტუაციაში ბევრად დიდი უბედურებაა "იმედი", ვიდრე "რუსთავი 2". დავუშვათ, რომ "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტული არხი, ეს პარტია კი ოპოზიციაშია, ამიტომ რეალური ზიანის მოყენება არ შეუძლია. პროპაგანდა საშიშია მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებას აქვს დაქვემდებარებული" - გვითხრა ხუხაშვილმა.

ფაქტია, ქართულ საზოგადოებას სექტემბრიდან ცხელი პოლიტიკური სეზონი ელის, მედიას კი ტრადიციულად გადამწყვეტი როლი ექნება ამ პროცესში...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები