საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სამინისტროებში ნაცნობ-მეგობრობის ნიშნით კადრების შერჩევას შეეხო.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და სამშობლოს სიყვარული უნდა იყოს და ნაცნობ-მეგობრობა არ უნდა ჭრიდეს.
პრეზიდენტის თქმით, სამინისტროების შენობები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა მთავრობის წევრების მუშაობის პროცესის ნახვა შესაძლებელი იყოს.
"მინდა გადავხედო, რამდენი ნათესავი და ახლობელი მუშაობს თქვენი კავშირებით სამინისტროებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვის. ყველა სამინისტრო, შიგნიდანაც და გარედანაც უნდა იყოს გამჭვირვალე, შუშის, ეს მარტო პოზა არ არის, კაბინეტები არ არის მხოლოდ ყავის სასმელად და სიგარეტის მოსაწევად. კაბინეტები არის საქმის გასაკეთებლად და ყველანი უნდა ვიყოთ ბრძოლის წინა ხაზზე. შერჩევის კრიტერიუმი არის ერთი: პროფესიონალიზმი და საქმის სიყვარული. ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.