ხელისუფლება "გაქსუებულ" ადამიანებს მაღალ თანამდებობებზე აღარ შეინახავს, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ყვარელში, მთავრობის გასვლით სხდომაზე განაცხადა . პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს, მთელ რიგ უწყებებში არსებული არაპროფესიონალიზმი და ბიუროკრატიზმია. ”ეს ყველა სამინისტროს ეხება. ზოგს მეტად - ზოგს ნაკლებად. მთავრობის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქმის გვერდის ავლით და საკითხების გვერდზე გადადებით არის დაკავებული. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ. მე მაქსიმალურად დელეგირებული მყავს მინისტრები და მათ საქმიანობაში არ ვერევი, მაგრამ ეს საქმისგან თავის არიდებას არ ნიშნავს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი ბიზნესმენის მიერ ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილი მოიყვანა, რომელიც ფოთში ერთ-ერთი ჭაობის ადგილას დიდი მაცივრის გაკეთებას ეხებოდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიზნესმენის კარგად დასაბუთებული წერილ, რომელსაც თან უამრავი სქემა ერთვის, ეკონომიკის სამინისტროში ზურაბ პოლოლიკაშვილის მინისტრობისას შევიდა.
”საქმე 9 მილიონის ინვესტირებას და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას ეხებოდა და მაშინ, როდესაც დღე და ღამე მე და ნიკა გილაური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ორი თვის თავზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბიზნესმენს უარის წერილს უბრუნებს”,- განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, მინისტრის იმდროინდელი პირველი მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილი საპასუხო წერილში განმარტავს, რომ ეს არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ბიზნესმენს სხვაგან ამისამართებს.
”ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ ქელეხებზე და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი და უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეებია მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სწორედ ასეთი ადამიანები უშლიან ხელს საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას. ”აი, ვინ არცხვენს საქართველოს. გობეჯიშვილი და კომპანია. როცა თანამდებობაზე ადამიანი მუშაობს და მისი ერთადერთი ფუნქცია გადაწყვეტილების მოშორებაა, ამაზე მეტი პრობლემა მან თავის ქვეყანას რა უნდა შეუქმნას ?!. ნორმალური თანამდებობის პირი როგორ მოიქცეოდა გეტყვით. ნორმალური მინისტრი დაურეკავდა ამ ბიზნესმენს, დაპატიჟებდა კაბინეტში ან კაფეში, მოეფერებოდა და დღეგამოშვებით დაურეკავდა და ჰკითხავდა: მოდიხარ თუ არა ?”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე მინისტრებს მიმართა, კარგად ჩაიხედონ საკუთარ სამინისტროებში, რადგან მსგავსი რამ ბევრგან ხდება.
გრიგოლ გობეჯიშვილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად მივიდა. ის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გობეჯიშვილი 2004-2007 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2007-2009 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალიას დანიშვნის შემდეგ გობეჯიშვილმა თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე კი არჩილ კეკელია დაინიშნა.