ავტორი:

იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? - ეს რეკომენდაციები, პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ

იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? - ეს რეკომენდაციები, პროდუქტის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ

2019 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი "მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე".

კანონის თანახმად, აკრძალულია იმ სურსათის ბაზარზე განთავსება, რომელიც რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. მაგალითად, ყველი, რომელიც მცენარეული ცხიმისგან არის დამზადებული, არ შეიძლება, "ყველის" სახელით გაიყიდოს. ამასთან, მის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ მცენარეული ცხიმით არის დამზადებული.

როგორც "მომხმარებელი.ge"-ს ხელმძღვანელი, ვახტანგ კობალაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ, ზოგიერთი მაღაზიის დახლებზე გამოჩნდა მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქცია, რომელსაც აკრძალვების გამო, კომპანიებმა არა "ყველი", არამედ "სულგუნი", "იმერული", "სახაჭაპურე" ან მსგავსი სახელები დააწერეს.

კობალაძე მომხმარებელს ურჩევს, შეცდომის თავიდან ასაცილებლად, პროდუქტის შემადგენლობა კარგად წაიკითხონ.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა "მომხმარებელი.ge"-მ "ფრესკოში" აღმოაჩინა - შპს „შირაქის“ წარმოებული პროდუქტი „იმერული სახაჭაპურე, რძის შემცველი პროდუქტი მცენარეული ცხიმით“.

როგორც დასახელებიდანაც ჩანს, პროდუქტი რძის ნაწარმს არ წარმოადგენს, არამედ არის „რძის შემცველი პროდუქტი“. თუმცა, გამოიყურება, როგორც ყველი.

შესაბამისად, დასახელებამ „იმერული სახაჭაპურე“ შესაძლოა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს და აღნიშნული პროდუქტი ყველად აღიქვას. ორგანიზაციამ რეაგირებისათვის მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც განახორციელა კონტროლი შპს "შირაქის" რძისა და რძის პროდუქტების საწარმოში და ბიზნესოპერატორს მისცა მითითება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს სურსათის ეტიკეტირება.

"მყიდველებს ხშირად გვეზარება ეტიკეტების კითხვა. თუკი ეტიკეტზე წერია, რომ ესა თუ ის პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, ის პროდუქტი რძის პროდუქტი აღარ არის, აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველადი ინფორმაცია არის ეტიკეტი. მას უბრალოდ რომ გადავხედოთ, შეგვეძლება დასკვნის გამოტანა, ესა თუ ის პროდუქტი არის თუ არა რძისგან დამზადებული. მეორე საკითხია, რამდენად სწორად არის ეტიკეტი შედგენილი და ეს უკვე ლაბორატორიული კვლევის საგანია.

თუკი კონკრეტული პროდუქტი რძისგან არ არის დამზადებული, კანონით აკრძალულია, რომ მას ეწეროს რძის პროდუქტის სახელწოდება, მათ შორის, „იმერული“ ან „სახაჭაპურე“. კანონი არსებობს, სურსათის ეროვნული სააგენტო ამას აკონტროლებს, თუმცა რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა პროდუქტსა და მაღაზიას ვერავინ შეამოწმებს.

მთავარი ბერკეტი ამ შემთხვევაში, ისევ თვითონ მომხმარებელია. მან უნდა შეხედოს ეტიკეტს და შესაბამისი გადაწყვეტილებება მიიღოს, სურს თუ არა კონკრეტული პროდუქტის შეძენა. ასევე, როცა თვალსაჩინო დარღვევას ვნახავთ ანუ პროდუქტს შემადგენლობაში უწერია მცენარეული ცხიმი და ამავდროულად, რძის პროდუქტის დასახელება აქვს, მოქალაქეობრივი ვალს მოიხდით თუ დარეკავთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501-ზე და დარღვევის შესახებ შეატყობინებთ" - გვეუბნება ვახტანგ კობალაძე.

"მომხმარებელი.ge" დეტალურად განმარტავს AMBEBI.GE-ს მკითხველისთვის, რისგან უნდა იყოს რძის პროდუქტები დამზადებული და რა შემთხვევაში არ მიიჩნევა პროდუქცია რძის ნაწარმად:

  • რძე და რძის ნაწარმი (გარდა ყველისა), შეიძლება, რძის ფხვნილისგან დამზადდეს. რძის ფხვნილი რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით მიიღება. მიზეზი არის ის, რომ ფხვნილის შენახვის ვადა უფრო ხანგრძლივია, ტრანსპორტირება კი მარტივი. აღსანიშნავია, რომ რძის ფხვნილისგან დამზადებულ რძეს „აღდგენილი“ რძე ეწოდება, რაც პროდუქტის შეძენისას გასათვალისწინებელია.
  • თუ რძის პროდუქტი დამზადებულია რძის ფხვნილით, ეს ინგრედიენტების ჩამონათვალში მითითებული უნდა იყოს!
  • დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინ „ყველის“ გამოყენება
  • საქართველოს ბაზარზე უხვად იყიდება რძის ნაწარმის მსგავსი პროდუქტი, რომელშიც რძის ცხიმი მცენარეული ცხიმით ან სხვა ინგრედიენტებით არის ჩანაცვლებული. ასეთ პროდუქტზე რძის ნაწარმის მითითება, ასევე, წარწერა რძის პროდუქტის „მსგავსი“ ან „-ებრი“, აკრძალულია!
  • პროდუქტს, რომელიც არ არის ყველი, რადგან დამზადებულია მცენარეული ცხიმის ან რძის ფხვნილის გამოყენებით, არ შეიძლება ეწეროს „იმერული“ ან „სახაჭაპურე“.
  • პროდუქტი, რომელიც გარეგნულად ან გემოთი ჰგავს რძის ნაწარმს, შეიძლება, საერთოდ არ შეიცავდეს რძეს.

"მომხმარებელი.ge" ასევე გვაფრთხილებს, რომ მცენარეული ცხიმის და მოხდილი (გაუცხიმოებული) შესქელებული რძის ნარევის ჩვილ ბავშვთა კვებაში გამოყენება დაუშვებელია, რასაც კანონიც ითვალისწინებს.

მათივე განმარტებით, ზოგჯერ წონით გაყიდულ პროდუქტს არასწორად აწერია რძის ნაწარმის სახელწოდება, ამიტომ პროდუქტის შემადგენლობას უნდა დააკვირდეთ და თუ ინგრედიენტების სრული ჩამონათვალი მითითებული არ არის, მოითხოვოთ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის აპრილ-ივნისის თვეებში მცენარეულ ცხიმებზე 25 დასახელების სურსათის შემოწმების შედეგად, აღმოაჩინა, რომ ორში მცენარეული ცხიმების შემცველობა ფიქსირდებოდა, თუმცა პროდუქცია რძის ნაწარმის სახელწოდებით იყიდებოდა.

ერთ შემთხვევაში მწარმოებელი "სულგუნს" ყიდდა, როგორც რძის ნაწარმს, თუმცა ის მცენარეულ ცხიმებს შეიცავდა, მეორე შემთხვევაში კი დარღვევები კარაქში დაფიქსირდა.

ორივე დამრღვევი ბიზნესოპერატორი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 74¹ მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, 200 ლარით დააჯარიმა.

"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ნაკრები 41:13 დაამარცხეს

ჩინეთის მოქალაქე მცირეწლოვანი ტყუპები თავს კარგად გრძნობენ - მათ ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვეს

3 ცვლილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა