ავტორი:

ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია მოკლედ

ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია მოკლედ

თბილისმა ქალაქის სტატუსი ვახტანგ გორგასლისგან მიიღო, ხოლო დედაქალაქად მისი მემკვიდრის - დაჩის დროს იქცა. თბილისს თავიდანვე ჰყავდა მმართველები, რომლებიც ქართველი მეფის მოხელეები იყვნენ. ეთნოგრაფი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვეუბნება, რომ VI საუკუნის 30-იან წლებში ქალაქს უკვე ირანელი მარზპანი მართავდა, ხოლო VIII-IX საუკუნეებში - არაბი ამირა. მისი თქმით, არაბთა მმართველობის დროს ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ვაჭარ-ხელოსანთა დამოუკიდებელი ხელისუფლება თვითმმართველობა, რომლის სათავეში თბილისელი ბერები - ქალაქის უხუცესები იდგნენ. როცა 1082 წელს, თბილისელებმა საბოლოოდ თავი დააღწიეს არაბი ამირების ბატონობას, 40 წლის განმავლობაში თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო. მას თორმეტთა საბჭო და მის წინაშე პასუხისმგებელი ადგილობრივი მოხელენი განაგებდნენ. თბილისის საბჭოს წევრები ქალაქს მორიგეობით თვითონ მეთაურობდნენ. ასეთ დროებით გამგებელს „ქალაქის თავადი“ ეწოდებოდა.

თბილისის გამგებელს, როცა თბილისი საქართველოს მეფეთა ხელში იყო, „ამირა“ ან „ამირათამირა“ ეწოდებოდა (ტერმინი არაბულია, რაც არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგი იყო). ამირა მეფეთა მიერ დიდგვაროვანთა წრიდან ინიშნებოდა - ის ქალაქის უზენაესი გამგებელი გახლდათ. ამირათამირას „ხელი“ საქალაქო ცხოვრების მთელ სფეროს ეხებოდა. ამირები სხვა ქალაქებსაც ჰყავდა. ამირთამირა მხოლოდ დედაქალაქის, თბილისის გამგებელი იყო. XII-XV საუკუნეების თბილისში მეფის მიერ დანიშნული სხვა მოხელეებიც იყვნენ. ერთ-ერთი ქალაქის ციხისთავი გახლდათ. მას ქალაქისა და მისი ციხის დაცვა-პატრონობა ევალებოდა და ემორჩილებოდნენ „მეციხოვეები“. წყაროებში კიდევ მოხსენიებულები არიან „შურტა“ (ევალებოდა წესრიგის დაცვა), „მეკოშკე“ (იგივე მესასწორე), „მებაჟე“.

XVII საუკუნის დასაწყისიდან „ამირთ-ამირას“ წოდება „მოურავის“ წოდებად შეიცვალა. თავდაპირველად დასახელება „ამირთ-ამირა“ და „მოურავი“ ერთმანეთის პარალელურად გამოიყენებოდა. მოურავს მეფე ნიშნავდა. „ქალაქის სამოქალაქოსი ყოველივე მოურავს უნდა ეკითხოს“-ო, - მითითებულია თბილისის მოურავის უფლება-მვალეობის განმსაზრვრელ დოკუმენტში. მას განსაკუთრებით ქალაქის ეკონომიკური ცხოვრებისთვის უნდა ედევნებინა თვალი. მის პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა ქურდების, ცუდი ზნის ხალხის და სხვათა ძებნა-დაპატიმრება, საზომ-საწყაოთა სისწორისთვის თვალყურის დევნება. მოურავს ქალაქის შემოსავლის ცალკეული სახეებიდან გასამრჯელო ჰქონდა დანიშნული.

თბილისის მოურავის ყოველწლიური შემოსავალი XVIII საუკუნეში 263 თუმანი ყოფილა

როგორც მეცნიერი გვეუბნება, თბილისში მოურავი სხვაც იყო, უფრო ზუსტად, კათალიკოსის მოურავი, რომელსაც კათალიკოსი ნიშნავდა. აქ მცხოვრები საეკლესიო ყმა-მოქალაქეების ზედამხვედველობა ევალებოდა. სავარაუდოდ, ვახტანგ VI-ის წინ გაჩენილი ეს „მრავალმოურავიანობა“ ერეკლე II-ემ 1784 წელს გააუქმა.

XV-XVI საუკუნეებიდან არსებობდა თბილისის მამასახლისისა და მელიქის თანამდებობებიც. XVIII საუკუნის 30-იანი წლებიდან ეს ორი თანამდებობა გაუერთიანებიათ. მოურავის შემდეგ თბილისი პირველი ხელისუფალი მელიქ-მამასახლისად იწოდებოდა. ამ თანამდებობის გაერთიანება კი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ თბილისის სომხური მოსახლეობა კულტურულად და ენობრივად ქალაქის ქართულ მოსახლეობას დაუახლოვდა. ისინი თავის შეგნებით, კულტურულად და ენობრივად თითქმის არ განსხვავდებოდნენ ქალაქის ქართული მოსახლეობისგან. მელიქ-მამასახლისი მოურავის ხელქვეითი მოხელე იყო. მელიქ-მამასახლისის ერთ-ერთ მოვალეობას თბილისის მოქალაქეთა გაყრისა და შეყრის საქმეც შეადგენდა. ის ამტკიცებდა მამულის, დარბაზის, სახლის ნასყიდობის წიგნებსაც. ხელმძღვანელობდა სამეფო დუქნების გადაკეთება-შკეთებას, ჯარისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგის ჩამოტანას, ქალაქიდან ურმების გაგზავნას, წესიერების მეთვალყურეობას, ხანძრის საწინააღმდეგო ზომების დაცვას... მელიქ-მამასახლისის თანამდებობა ვახტანგ VI-დან მოყოლებული, ვიდრე სამეფოს გაუქმებამდე, მემკვიდრეობით თანამდებობად გადაიქცა. ის ბებუთაშვილების ხელში იყო. მელიქ-მამასახლისს თბილისის ვაჭარ-ხელოსანთა ამქრებიც ემსახურებოდნენ: ყოველ დღესასწაულის დღეს ამქრები როგორც თბილისის მოურავს, ისე მელიქ-მამასახლისს ძღვენს მიართმევდნენ...

მოურავს, მელიქ-მასახლისის გარდა, თბილისში სხვა ხელქვეითი მოხუცებიც ჰყავდა. მაგალითად შეიძლება „ქალაქის ნაცვალი“/„ბატონის ნაცვალი“ და „მოურავის ნაცვალი“ დავასახელოთ. „ქალაქის ნაცვალს“ მთელი რიგი მოვალეობები ჰქონდა. ესენია: ბაზარში წესიერების დაცვა, სენის გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება, საზღვარგარეთიდან მოსულებისთვის თვალყურის დევნება, საზოგადოებრივ ბაღებზე თვალყურის დაჭერა, ქალაქის მოსახლეობის ზუსტი აღწერა. ქალაქის ნაცვლის განკარგულებით ხდებოდა უცხოეთიდან მოსულების, ელჩების თუ კურიერების, დაბინავება. ამისთვის მოქალაქეთა შორის შემოღებული იყო მორიგეობა. უცხოეთიდან მოსულთა ჩასახლება მათ ბინებში მორიგეობით ხდებოდა.

თბილისის მოხელეთა შორის გვიან შუა საუკუნეების დოკუმენტებში მოიხსენიებიან „ქალაქის მებაჯენი“. მათი რიცხვი ექვსზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო, რადგან XVIII საუკუნის თბილისს ექვსი კარი ჰქონდა. მათი უპირველესი მოვალეობა იყო თბილისში სავაჭროდ შემოტანილ საქონელზე ბაჟის აკრეფა.

ქალაქის მოურავს ქალაქში წესიერებისა და ქურდ-ავაზაკებისაგან მოქალაქეთა დასაცავად ჰყავდა ასასები. მათ სათევში ასასბაში ედგა. ისინი „მოურავის იასაულები“ იყვნენ. მეფის მოხელე იყო „ქალაქის მწერალი“, რომელსაც ქალაქის შემოსავალ-გასავლის აღრიცვა და სათანადო დავთარში შეტანა ევალებოდა. მასვე ევალებოდა თბილისის სახლების, მამულების, ბაღების და აგრეთვე მოსახლეობის აღწერა. ქალაქს ჰყავდა მთავარი მესასწორეც - ყაფანდარი. თბილისის მოხელეთა შორის იყვნენ „ჯარჩებიც“. ჯარჩი იმ საგანგებო მოხელეს ეწოდებოდა, რომელსაც ბაზრობის დღეს მეფის სხვადასხვა ბრძანების გამოცხადება ევალებოდა. ჯარჩების უფროსს ჯარჩიბაში ერქვა. თბილისის თითქმის ყველა თანამდებობა, რაც XVII-XVIII საუკუნეებშიც იყო, ასეთი გახლდათ, უბრალოდ ზოგიერთმა მათგანმა დროთა განმავლობაში სახელი შეიცვალა.