საქართველოს რეფორმატორი მეფეები

საქართველოს რეფორმატორი მეფეები

ქვეყნის ისტორიაში იყვნენ მეფეები, რომელთაც შინა თუ გარე მტრისგან დაუძლურებული საქართველოს განვითარების გზაზე დასაყენებლად მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს. რეფორმატორ მეფეებზე და მათი გატარებული რეფორმების შესახებ სასაუბროდ ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურს მივმართეთ.

ფარნავაზ მეფე

ფარნავაზის სახელთან არის დაკავშირებული ქვეყნის სამხედრო-ადმინისტრაციული პრინციპით მოწყობა. იყო რვა საერისთაო და ერთი სასპასპეტო. ერისთავებს თავიანთ საგანმგებლო ტერიტორიაზე სამეფო ხარკის აკრეფვა, ჯარის გამოყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე წესრიგის დამყარება ევალებოდათ.

ფარნავაზის სახელს უკავშირდება რელიგიური ცენტრალიზაცია. ჩვენი რელიგია ქრისტიანობამდე წარმართული იყო. ქვეყნის რელიგიური ტომობრიობის დაძლევა აუცილებელი იყო და ერთიანი მთავარი ღმერთი გახდა არმაზი ანუ მთვარის ღვთაება, აღმოსავლური სამყაროდან შემოსული ღვთაება.

ვახტანგ გორგასალი

ძალიან მნიშვნელოვანია ვახტანგ გორგასლის მეფობა, თუმცა მას კონკრეტული რეფორმა არ გაუტარებია. ვახტანგმა ქართველი ერის კონსოლიდაცია მოახდინა. ის დიპლომატიური გზებით მოქმედებდა, ქვეყნის სასარგებლოდ ძალიან კარგად გამოიყენა ირანელთა ქვეშევრდომობაში ყოფნაც და შემდეგ ირანელთა და ბიზანტიელთა დაპირისპირებაც.

ქართლის სამეფოში, სადაც მაზდეანობა იქადაგებოდა და ქრისტიანობა იდევნებოდა, ვახტანგმა პირიქით მოახერხა და ქრისტიანობას სრული თავისუფლება მისცა, მაზდეანთა ეპისკოპოსი ციხეში ჩააგდო, მერე კი ქვეყნიდან გააძევა.

ვახტანგის სახელს უკავშირდება საეკლესიო რეფორმა. მან მოახერხა ის, რომ მთავარეპისკოპოსის მაგივრად საქართველოს საეკლესიო ტახტზე დაჯდა პირველი პატრიარქი პეტრე. ჩვენმა ეკლესიამ კი ავტოკეფალია მოიპოვა.

ბაგრატ III

ბაგრატ მესამე ერთიანი ფეოდალური მონარქიის პირველი მეფეა. ბაგრატმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ძირითადი ბირთვი შექმნა. ამიტომაც იწოდება ბაგრატი "აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კათხა" მეფედ. ამ შემთხვევაში, სიტყვაში "აფხაზთა" მთლიანად დასავლეთ საქართველო იგულისხმება.

ამ ერთიან ქვეყანას ერთიანი სამართლებრივი სისტემა დასჭირდა და როგორც ჩანს შექმნილა ე.წ. ბაგრატ კურაპალატის სამართალი. მას კურაპალატის ტიტული ბიზანტიის იმპერიისგან ჰქონდა მინიჭებული. ქვეყანა სხვანაირ მმართველობას მოითხოვდა. შეიზღუდა დიდი ერისთავის უფლებები, რომლებიც სხვადასხვა ტერიტორიებს განაგებდნენ და თავიანთ თავებს ფაქტობრივად დამოუკიდებლად თვლიდნენ. ამას გარდა, მის დროს ეკლესიის საჭეთმპყრობელი ხდება კათალიკოს-პატრიარქი და ერთიანდება აღმოსავლეთ და დასავლეთ ქართული ეკლესია.

დავით IV აღმაშენებელი

ამ სიაში ერთ-ერთი პირველი ადგილი დავით აღმაშენებელს და მის რეფორმებს უკავია. პირველ რიგში, აღსანიშნავია დავითის მიერ გატარებული სამხედრო რეფორმა. მან შექმნა საქართველოს მუდმივი 20 ათასიანი ჯარი. ასევე იყო 20 ათასიანი ფეოდალური ლაშქარი, დავითს ჰყავდა თავისი მონა-სპა - 5 ათას კაციანი სამეფო გვარდია, რომელიც ყაზარმულ ცხოვრებას ეწეოდა და მხოლოდ მეფეს ექვემდებარებოდა. ასევე იყვნენ მეციხოვნეები, ვინც ციხე-ქალაქებს იცავდნენ. სამხედრო რეფორმა იმით დასრულდა, რომ დავითმა 40 ათასი ყივჩაღი ოჯახი ჩამოასახლა. თითო ოჯახიდან თითო მებრძოლის გამოყვანა დაავალა, სანაცვლოდ კი მიწები დაურიგა და საცხოვრებელი მისცა.

დავითის სახელთან არის დაკავშირებული სასამართლო რეფორმა. ადრე ისეთი ვითარება იყო, რომ გლეხს მეფისთვის სიტყვა რომ მიეწოდებინა, ხეზე აძვრებოდნენ და ყურადღების მისაქცევად მეფეს ისე უყვიროდნენ. ეს სისტემა დავითმა ააწყო და სააჯო კარი შექმნა, ანუ უმაღლესი სააპელაციო სასამართლო და ქვედა ინსტანციაში ვინც უკუმაყოფილი იყო, შეეძლო სააჯო კარში - უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში თავისი საჩივარი მიეტანა, სააჯო კარს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და ამ სხდომებს დავითიც ხშირად ესწრებოდა.

მნიშვნელოვანი იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის - ამ ორი თანამდებობის გაერთიანება. სამეფო დარბაზი ფაქტობრივად დავითის დროს შეიქმნა. მას მეფე თავისი შეხედულებისამებრ იწვევდა, როცა კი დასჭირდებოდა. რაც შეეხება რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, ეს არ იყო საეკლესიო რეფორმა, ეს ეკლესიაში იმ წესების აღდგენა იყო, რომელიც თუნდაც თურქ-სელჩუკთა ბატონობის შემდეგ მოიშალა. ეს იყო თანამშრომლობა დავითსა და ეკლესიას შორის.

მნიშვნელოვანია ასევე მსტოვართა ინსტიტუტის შექმნა. მეფეს თავისი ინფორმატორები ყველგან ჰყავდა. მსტოვართა ინსტიტუტი ქვეყნის გარეთაც მოქმედებდა და ისინი ვალდებულები იყვნენ მეფისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მიმდინარე ამბები მიეწოდებინათ. ამიტომაც იყო, რომ დავით აღმაშენებელი ყოველთვის დროულ ნაბიჯებს დგამდა საერთაშორისო მიმართულებით, რადგან იცოდა გარშემო რა ხდებოდა.

ვახტანგ VI

ვახტანგ მეექვსის დროს დიდი ყურადღება ექცევა სწავლა-განათლებას. ეკლესიას ფეოდალების მიერ მიტაცებული მიწები დაუბრუნდა. ვახტანგმა შექმნა სპეციალური კომისია, რომ საქართველოს ისტორია შეესწავლათ და ე.წ. ახალი ქართლის ცხოვრება შედგა. ვახტანგის დროს გაიხსნა სტამბა, იბეჭდებოდა სახელმძღვანელოები. კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმის მხრივ ვახტანგის მოღვაწეობა დიდი იყო.

ერეკლე II

ერეკლე მეორის დროს საქართველო ევროპეიზაციის გზას დაადგა. ბევრი აღნიშნავდა, რომ ერეკლეს სურდა საქართველო ევროპის გზაზე დაეყენებინა. იმ დროს ჩვენი მთავარი პრობლემა იყო არა ირანელებთან ან ყიზილბაშებთან და ოსმალებთან ბრძოლა, იმაზე არანაკლები ზიანი მოგვიტანა ე.წ. ლეკიანობამ. ლეკები კავკასიონის ვიწრო გადმოსასვლელებიდან ღამე გადმოდიოდნენ, მოსახლეობას ჩუმად ესხმოდნენ თავს და აწიოკებდნენ.

ერეკლემ მეფემ მორიგე ჯარი შექმნა, რომლებიც სასაზღვრო რაიონებში განლაგდნენ და ლეკების შემოტევის დროს ხალხს იცავდნენ. მართალია ისინი ლეკების თავდასხმას თავიდან ვერ იცილებდნენ, მაგრამ როდესაც ლეკები ტყვეებით და ნადავლით უკან ბრუნდებოდნენ, მორიგე ჯარი მათ ეწეოდა და ნადავლსა და ტყვეებს უკან იხსნიდნენ. ლეკებს დარბევის სურვილი თანდათანობით გაუქრათ, თუმცა მორიგე ჯარს ლევან ბატონიშვილი მეთაურობდა, რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა და მორიგე ჯარი თანდათან მოიშალა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, "ქარვასლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება

15 თებერვლამდე ნალექი, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები