ავტორი:

"გაუბედურებული დედები და დაობლებული ბავშვები იდგნენ იქ და ემოციებს ვერ მოვერიე" - ვინ არის ჯარისკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

"გაუბედურებული დედები და დაობლებული ბავშვები იდგნენ იქ და ემოციებს ვერ მოვერიე" - ვინ არის ჯარისკაცი, რომლის ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა

კადრმა, რომელშიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ატირებული ჯარისკაცი ჩანს, სრულიად ინტერნეტი მოიცვა. ვიდეოს ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან უამრავი ემოციური კომენტარი მოჰყვა.

როგორც AMBEBI.GE-მ გაარკვია, ვიდეოში 32 წლის გოგა კვირიკაშვილი ჩანს. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის ემოცია ერთ კონკრეტულ პირს კი არა, ომში დაღუპულ ყველა ადამიანს ეკუთვნოდა... გოგა კვირიკაშვილი ვაზიანის მე-5 საარტილერიო ბრიგადის საბრძოლო უზრუნველყოფის 52-ე ბატალიონის კაპრალია.

- სიმართლე გითხრათ, არც მეგონა და არც კი მიფიქრია, რომ ჩემს ემოციებს ვინმე შენიშნავდა. იქ იმდენი გმირის საფლავზე საქართველოს დროშით დგომა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. ჩემს გარშემო უამრავი გაუბედურებული დედა, დაქვრივებული ცოლი და დაობლებული ბავშვი იდგა და რაღაც მომენტში ემოციებს ვერ მოვერიე. ალბათ ამან იმოქმედა. არ ვიცი, უნდა მრცხვენოდეს თუ არა, მაგრამ რაღაც დროს თავი ვერ შევიკავე და ცრემლები მომერია... მე ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი ჯარისკაცი ვარ და ჩემი ქვეყნისა და ხალხის სატკივარი მტკივა...

2008 წლის ომში უამრავი ახლობელი დამეღუპა, ჩემი თანასოფლელი, ახალგაზრდა ბიჭი, ნოდარ თაყაძე... ჩვენს მეზობელ სოფელში დაბომბვისას ცოლ-ქმარი დაიღუპა და პატარა შვილი დარჩათ, დიტო რაზმაძე, რომელიც ჩვენს თვალწინ გაიზარდა...

თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას, ყველა ჩვენი ახლობელი არ იყო, ვინც იმ ომში დაიღუპა? ჩვენი საქართველოს შვილები ვინც იმ ომს შეეწირნენ? მე ასე მიმაჩნია და ალბათ ასე ფიქრობს ყველა ქართველი. ვერც ერთს გამოვარჩევდი, ყველაზე თანაბრად შემტკივა გული.

- თავად რამდენი ხანია, რაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობთ?

- 2013 წლიდან შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი ვარ და ჩემს ქვეყანას ღირსეულად ვემსახურები. 2008 წლის ომში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ გორის სოფელ ხილთუბანში ვცხოვრობ და ვხედავდი ჩემს გარშემო რა ხდებოდა. გვერდით სოფელში ბომბი ჩამოვარდა და სტადიონზე მოთამაშე პატარა ბიჭი, ნუგზარ ახალკაცი დაიღუპა. ის კადრები არასდროს დამავიწყდება და ის დღეები მძიმედ მახსოვს. უამრავი რამ მომისმენია ახლობლებისგან, მაგრამ მხოლოდ ერთი, შინდისის გმირების ისტორიაც ხომ საკმარისია, რომ ის ყველაფერი გაითავისო.

"დღე, როდესაც ყველა კარგ ხასიათზეა" - როგორ ჩატარდა "ქართული ღვინის ფესტივალი 2019"

დაპირისპირება ზუგდიდში - "ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები დაუშინეს

ქართველი მოსწავლეების წიგნიერების დონე გაუარესდა - რას ამბობენ განათლების ექსპერტები საგანგაშო კვლევაზე