ავტორი:

ყინწვისში, მე-12 საუკუნის ტაძარში "მეტლახი დააგეს" - ფოტოები "ფეისბუქიდან" და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადება

ყინწვისში, მე-12 საუკუნის ტაძარში "მეტლახი დააგეს" - ფოტოები "ფეისბუქიდან" და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადება

"ფეისბუქზე" ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გაავრცელა ფოტო, სადაც აღბეჭდილია ყინწვისის მე-12 საუკუნის ეკლესია, რომლის იატაკზეც მეტლახია დაგებული.

ფოტოს თამუნა გოჩიაშვილი ავრცელებს და წერს:

"ბოლშევიკებიც ამას აკეთებდნენ, აბანოდ გადააქცევდნენ ხოლმე ტაძრებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, თქვენ რომელ აბანოში ბანაობთ, ან თქვენ რუის-ურბნისის"აღმშენებელნო"?

ერთი კაი ვირის აბანო ალალია თქვენთვის! ახლა რა იქნება? ააყრევინებთ? ასაყრელები ხართ მაგ სკამებიდან უკლებლივ ყველა. სახელმწიფო ინსტიტუცია კი არა უუნარო კანტორა ხართ. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ტონი არ დამიწუნოთ ახლა და მუთაქების ჭმუჭნა არ დაიწყოთ და პასუხი გაეცით საზოგადოებას!" - წერს გოჩიაშვილი.

ფოტოს ინტერნეტსაზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. კომენტარებში წერენ, რომ ეკლესიაში "მეტლახი დააგეს" და იქაურობა "აბანოს დაემსგავსა":

"კედელზე შპალერი ააკარით, რაღაც ძველი ნაჯღაბნებია და არ მოუხდება იატაკს"

"ძვირიანი მეტლახი ჩანს, ალბათ პრადოები დაალომბარდეს"

"ჩამოართვით საპატრიარქოს ისტორიული ტაძრები! ეს საქართველოს თითოელი მოქალაქის საკუთრებაა და არა საპატრიარქოს!"

მოგვიანებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელშიც ვკითხულობთ:

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს.

VIDEO: მწვანე ფილები ყინწვისის ეკლესიაში - ახალი იატაკის ფოტოკადრები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შეფასება

სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგად ეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრივ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა.

უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივი მღვდელმსახურების მიერ არ იქნა დაშვებული სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.

განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა.

მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს.

ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა.

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა. სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარიმართა.

კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი. უნებართვო სამუშაოების შედეგად არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება.

იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთბული.

დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც. რუის-ურბნისის ეპარქიასთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა კვალიფიციური სპეციალიტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით უზრუნველყოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მეთოდოლოგიურად მართებული სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება და მისი განხორციელების ზედამხედველობა, რომელიც წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში იატაკის ფენილის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა პრობლემურ მიმართულებებსაც მოიცავს" - ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ