ავტორი:

23 წლის ქართველი გოგონას ამერიკული წარმატება - ნინო კოდუა აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 90 000-დოლარიანი დაფინანსებით ისწავლის

23 წლის ქართველი გოგონას ამერიკული წარმატება - ნინო კოდუა აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში 90 000-დოლარიანი დაფინანსებით ისწავლის

23 წლის ნინო კოდუა კიდევ ერთი ქართველია, რომელიც აშშ-ს პრესტიჟულ უნივერსიტეტში დოქტორანტურაზე ეკონომიკის მიმართულებით ისწავლის. ქართველ სტუდენტს Johns Hopkins-ის უნივერსიტეტმა სწავლა სრულად, 87 200 აშშ დოლარით დაუფინანსა! გრანტის გარდა, გოგონა სტიპენდიასაც მიიღებს.

ნინოს მათემატიკა ბავშვობიდან უყვარდა. პირველი ცხრა კლასი სკოლა „ლომისში“ გაატარა, 2 წლის განმავლობაში კი ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, მე-12 კლასი კი სკოლა „ლოგოსში“ გაატარა.

სურდა, სწავლა უცხოეთში, კერძოდ აშშ-ში გაეგრძელებინა, ამ მიზნის მისაღწევად კი ბევრი შრომა დასჭირდა. მას შემდეგ, რაც სკოლა ვერცხლის მედალზე დაასრულა, ნინო 2015 წელს, სრული დაფინანსებით Furman-ის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა.

Furman-ის უნივერსიტეტი სამხრეთ კაროლინაში რეიტინგით პირველ ადგილზეა. უნივერსიტეტი 1826 წელს სასულიერო პირმა რიჩარდ ფურმანმა დააარსა და სამხრეთ კაროლინას უძველესი უნივერსიტეტია. მიუხედავად სასულიერო საფუძვლებისა, 1992 წლიდან Furman-ის უნივერსიტეტი სეკულარული სასწავლო სივრცე გახდა.

Furman-ში სტუდენტები მსოფლიოს 53 ქვეყნიდან და აშშ-ს 46 შტატიდან ირიცხებიან. სწავლის უმაღლეს სტანდარტთან ერთად, მათ გარემოც იზიდავთ - უნივერსიტეტი 304 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული, მისი უდიდესი ნაწილი კი გამწვანებულია. სტუდენტებს საშუალება აქვთ, სამეცადინო გარემო ნამდვილ ტყეში "მოიწყონ".

ამ პოპულარულ და უდიდესი ისტორიის მქონე უნივერსიტეტში ქართველი ნინო კოდუა ერთდროულად, ორ ფაკულტეტს "შეეჭიდა": ეკონომიკა-მათემატიკა და ბუღალტერია.

"მართალია, თვითონ უნივერსიტეტშიც ძალიან უკვირდათ, რომ ამ ორ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ 2019 წელს ორივე, უმაღლესი შეფასებით დავამთავრე", - აღნიშნა ნინომ.

Furman-ის უნივერსიტეტი მონდომებული და მოტივირებული სტუდენტებისთვის ყველა კარს ფართოდ ხსნის. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ნინომ არაერთი ჯილდო მიიღო. 2018 წლის მაისში, გამორჩეული აკადემიური პოტენციალისა და ინტელექტუალური მონაცემებისთვის Arthur Magill-ის ჯილდო გადაეცა. ბაკალავრიატის დამთავრების ბოლო წელს კი გამორჩეული აკადემიური მოსწრებისა და უნივერსიტეტში შეტანილი წვლილისთვის J. Carlyle Ellet-ის ეკონომიკის პრიზი მიიღო.

ეკონომიკური მიმართულებით წარმატების მიუხედავად, არც ბუღალტერია „დაჩაგრულა“. ქართველ სტუდენტს ბუღალტერიაში წარმატებისთვის Lawrence Kessler-ის ჯილდო გადაეცა. ბოლოს კი მათემატიკა-ეკონომიკის ჯილდო მიიღო ყველაზე მაღალი GPA-სთვის ამ სპეციალობაში. ეს ჯილდოები ნინოს ბებიას თბილისში, სახლში აქვს შენახული და შვილიშვილის წარმატებით ძალიან ამაყობს.

23 წლის ნინო კოდუა დატვირთული სასწავლო რეჟიმისა და გამოცდების მიუხედავად, ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში კვლევებსაც ატარებდა. ასევე, მონაწილეობა მიიღო პროექტში - „ქალები ეკონომიკურ კვლევაში“. ჩართული იყო აღმოსავლური ეკონომიკური ასოციაციის კონფერენციაში, რომელიც ნიუ იორკში ტარდებოდა.

ქართველ სტუდენტს შრომა დაუფასდა და რამდენიმე პრესტიჟულმა უნივერსიტეტმა სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით მიღება შესთავაზა, რაც ჩვენს რეალობაში როგორც წესი, იშვიათად ხდება.

"ჩემი ბაკალავრიატზე სწავლის კრედიტები და მიღწევები საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მაგისტრატურის გარეშე პირდაპირ ჩამებარებინა ეკონომიკის დოქტორანტურაზე. 8 უნივერსიტეტიდან მომივიდა დოქტორანტურაზე მიღება (ყველა სრული დაფინანსებით). არჩევანი შევაჩერე Johns Hopkins უნივერსიტეტზე, რომელმაც სრულად დამიფინანსა სწავლა ($87,200). ასევე, მომცა ყოველწლიური სტიპენდია და ჯანმრთელობის დაზღვევა“, - განმარტა ნინომ.

მიუხედავად იმისა, რომ Furman-ის უნივერსიტეტში დიდი ცოდნა დააგროვა, AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში, ეკონომიკის დოქტორანტურაზე სწავლა მისთვის დიდი გამოწვევაა.

„მომიწევს სწავლა ისეთი დოქტორანტურის კანდიდატებთან, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება და არაერთი მაგისტრის ხარისხი. რა თქმა უნდა, მათთან ერთად სწავლა ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება“, - აღნიშნავს ის.

Johns Hopkins-ის უნივერსიტეტიც კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ბალტიმორში, მერილენდში მდებარეობს. Furman-ის უნივერსიტეტის მსგავსად, მასაც დიდი ისტორია აქვს. ის 1876 წელს დაარსდა.

John Hopkins-ის უნივერსიტეტს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანს კვლევით საგანმანათლებლო დაწესებულებად მიიჩნევენ. ამასთან, ის აშშ-ში ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტების ათეულში შედის. Furman-ის უნივერსიტეტის მსგავსად, ისიც უდიდეს გამწვანებულ სივრცესა და მშვიდ აკადემიურ გარემოს მოიცავს.

უნივერსიტეტი ამერიკელმა ანრეპრენერმა, მონობისა და სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრე პიროვნებამ, ფილანტროპმა ჯონ ჰოპკინსმა დაარსა.

დღეს ამ უნივერსიტეტში სწავლა, ცოდნის მიღების მსურველთათვის ნამდვილი დღესასწაულია და ეს დღესასწაული ნინოსთვისაც დადგა - საკუთარ დაბადების დღეზე ქართველი გოგონა აშშ-ში გაემგზავრა, რათა სწავლის დაწყებისთვის მოემზადოს.

მისი წარმატება ამით არ მთავრდება. 23 წლის ნინო კოდუა მომავალი წლიდან დოქტორანტურაზე სწავლის პარალელურად, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ლექციებს ჩაატარებს.

"ასევე, მსურს ჩავატარო საინტერესო კვლევები ეკონომიკის მიმართულებით და მივიღო სამუშაო გამოცდილება აშშ-ში", - აღნიშნავს ის.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში დიდი მომავალი ელოდება, სურს მიღებული ცოდნით, მიღწევებითა და გამოცდილებით საქართველოს ეკონომიკას „გამოადგეს“. ამბობს, რომ დასახული მიზნების მიღწევაში დაუღალავი შრომა და სწავლის წყურვილი ეხმარება.

„მიუხედავად შორი მანძილისა, ძალიან დამეხმარა ჩემი ოჯახის მორალური მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი უდიდესი სურვილი იმისა, რომ ყოველდღიური ჩემი წარმატებებით გავახარო, ყველა ჯილდო მივუძღვნა ჩემს გამზრდელ ბებოს“, - განგვიმარტა ნინო კოდუამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი