აშშ-სა და საქართველოს შორის ბირთვული უშიშროების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან აცნობეს, 21-22 ივლისს, სასტუმროში "ბეტსი" ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოში ბირთვული მასალების არალეგალურ გადაზიდვებთან ბრძოლას ეძღვნება.
შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს ბირთვული კონტრაბანდის აღსაკვეთად ერთობლივი სამოქმედო გეგმა განიხილება. სტუმრებს სამინისტროს წარმომადგენლები ბირთვული კონტრაბანდის გამოძიების, საზღვრების და სანაპირო ზოლის უშიშროების საკითხებზე ანგარიშს წარუდგენენ.
ამასთან, კონფერენციაზე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იმ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავენ, რომელიც ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას უკავშირდება.
საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბირთვულ ტერორიზმთან ბრძოლაში და რეგიონში უშიშროების რეჟიმის გაძლიერების გარანტია.