ავტორი:

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე, როცა ექიმთან მიდის - წაიკითხეთ, სანამ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავთ

რა უნდა იცოდეს პაციენტმა საკუთარ უფლებებზე, როცა ექიმთან მიდის - წაიკითხეთ, სანამ სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხავთ

ხშირად ექიმთან ვიზიტის დროს, პაციენტმა არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ და ის, თუ როგორ მოემსახურება ექიმი, მხოლოდ მის პროფესიონალიზმსა და კეთილგანწყობის ხარისხზეა დამოკიდებული.

დიახ, უმეტესად არ ვიცით, თუნდაც ოჯახის ექიმს ჩვენთვის რა ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება აქვს, ან სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში, რა უნდა მოვითხოვოთ სამედიცინო ბრიგადისგან და არც ის ვიცით, ექიმის არაკვალიფიციურობის გამო დაზარალებულმა პაციენტმა სამართალი როგორ იპოვოს.

ამ საკითხებზე სასაუბროდ AMBEBI.GE-მ სამედიცინო სამართლის მკვლევარს, ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს და ასისტენტ-პროფესორს თამარ კერძაიას მიმართა.

- რა უფლებები აქვს პაციენტს ექიმთან ვიზიტის დროს და რა შეიძლება მოითხოვოს მისგან?

- პირველ რიგში, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია სამედიცინო მომსახურების შესახებ. სამედიცინო პერსონალმა უნდა განუმარტოს პაციენტს არამხოლოდ მის მიერ შეთავაზებული სამედიცინო მომსახურების შინაარსი, არამედ ყველა სხვა ალტერნატიული მკურნალობის საშუალება, თუნდაც მოცემული სამედიცინო დაწესებულება ვერ სთავაზობდეს მკურნალობის აღნიშნულ მეთოდებს პაციენტს, შესაბამისი აპარატურის თუ კადრების არყოლის გამო.

პაციენტს აუცილებლად უნდა განემარტოს დაგეგმილი სამედიცინო მომსახურების ყველა თანხმლები რისკი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუნდაც ძალიან მცირე ალბათობით. აღნიშნული საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია, რადგან პაციენტს შესაბამისი რისკის (გვერდითი მოვლენის) ცოდნის შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდ უარი ეთქვა შეთავაზებულ მკურნალობაზე. თუ ექიმი წინასწარვე არ მოახდენს რისკების შესახებ პაციენტის ინფორმირებას და ასეთი რისკი დადგება, ექიმი პასუხს აგებს იმის მიუხედავად, სწორად გაუწია თუ არა სამედიცინო მომსახურება.

მაგალითად, ერთ-ერთ შემთხვევაში, სასამართლომ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა იმის გამო, რომ 74 წლის პაციენტს ინტრავენური ინექციით მიეწოდა პენიცინილის შემცველობის მქონე წამალი, რომლითაც გამოწვეული ალერგიული რეაქციის შედეგად პაციენტი გარდაიცვალა. აქ მთავარი დარღვევა ის გახლდათ, რომ პაციენტს არ მიეწოდა ინფორმაცია აღნიშნული წამლის გამოყენების შესაძლო რისკებზე, რისი ვალდებულებაც ექიმს ჰქონდა.

ხშირად, სამედიცინო დაწესებულებები არღვევენ პაციენტის უფლებას, გაეცნოს მის შესახებ არსებულ ნებისმიერ სამედიცინო ჩანაწერს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშში ხშირადაა შემთხვევა, როდესაც პაციენტის მოთხოვნის მიუხედავად, სამედიცინო მომსაურების გამწევი არ აწვდის ან დაგვიანებით აწვდის პაციენტს განხორციელებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ჩანაწერებს.

საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, თუ ექიმმა ვერ უზრუნველყო სამედიცინო ჩანაწერების სწორად წარმოება ან არ გადასცა ეს ინფორმაცია პაციენტს, სასამართლოში მტკიცების ტვირთი სწორედ სამედიცინო მომსახურების გამწევის მხარეს გადადის, რაც იმას ნიშნვს, რომ არა პაციენტმა, არამედ ექიმმა უნდა ამტკიცოს, რომ შესაბამისი სამედიცინო მომსაურება პაციენტს სწორად და კვალიფიკაციურად გაეწია.

უმნიშნელოვანესი ვალდებულება, რომელიც ასევე გააჩნია ექიმს პაციენტის წინაშე, ნებისმიერი სამედიცინო მომსახურების გაწევის წინ, პაციენტისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღებაა. ხოლო, თუ პაციენტი მცირეწლოვანი ან გადაწყვეტილების მიღების უნარის არმქონეა, მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა აუცილებელი.

თუმცა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი მცირეწლოვანია ან უგონო მდგომარეობაშია და მისი ნათესავი უარს აცხადებს მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, რომელიც აუცილებელია მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა: საავადმყოფოში შემოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა, რომელსაც გადაუდებლად ესაჭიროებოდა ოპერაციული ჩარევა, რა დროსაც შესაძლოა დასჭირვებოდა სისხლის გადასხმა. პაციენტის მშობლებმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადეს მათი მრწამსიდან გამომდინარე - იეღოვას მოწმეები იყვნენ.

ექიმები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდენ - ერთ მხარეს იყო მშობლების კატეგორიული უარი სისხლის გადასხმაზე, ხოლო მეორე მხარეს - პატარა გოგონას სიცოცხლე. საბედნიეროდ, ექიმებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მშობლების უარის მიუხედავად, გოგონას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, რის შედეგადაც იგი გადარჩა. ასეთ დროს, როგორც შიდა კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით ცალსახადაა დადგენილი, რომ გადაუდებელ შემთხვევებში, სამედიცინო ჩარევა უნდა განხორციელდეს მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მიუხედავად მისი კანონიერი წარმომადგენლების უარისა.

- რა იგულისხმება ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაში და კონკრეტულად რა უნდა მოითხოვოს პაციენტმა?

- ხარისხიან მომსახურებაში იგულისხმება ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მოძველებული მეთოდით ან აპარატურით მომსახურების გაწევა ვერ იქნება გამართლებული ახალი აპარატურის სიძვირით ან ექიმის მიერ თანამედროვე, გაუმჯობესებული და ახლებური სამედიცინო მიდგომების არცოდნით.

თავის მხრივ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აკონტროლოს, რომ ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები ხარიხიან მომსახურებას აწვდიდნენ მოქალაქეებს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო აწარმოებს ექიმთა სერტიფიცირებას, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებას, შეიმუშავებს გაიდლაინებს და პროტოკოლებს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ხშირია უხარისხოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად დამდგარი ფატალური შემთხვევები.

მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი სამშობიარო დაწესებულებაში გადასხმული სისხლის შედეგად აივ ინფექციით დაინფიცირდა და გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებამ თავი იმართლა იმით, რომ მის ხელთ არსებული ტექნოლოგიით, სისხლის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის აღმოჩენა შეუძლებელი იყო ე.წ. ფანჯრის (ინკუბაციის) პერიოდის გამო.

სასამართლომ მაინც დააკისრა დაწესებულებას პასუხისმგებლობა, ვინაიდან, დადგინდა, რომ იმ დროისთვის არსებობდა დონორის შიდსის ვირუსით დაინფიცირების უზუსტესი მეთოდით დადგენის აპარატურა, რომელიც მოცემულ დაწესებულებას არ გააჩნდა. მართალია ეს მოწყობილობა ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ეს არ იყო საპატიო მიზეზი დაწესებულებისთვის, პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.

- რა უნდა იცოდეს პაციენტმა, როცა სახლში იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?

- სასწრაფოს გამოძახებისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა არის ის, რომ რიგ შემთხვევებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს თავისი შეხედულებით გადაჰყავს პაციენტი კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ცალსახად არღვევს პაციენტის უფლებებს.

პაციენტთა უფლებების შესახებ კანონის თანახმად, პაციენტმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს, თუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში სურს მომსახურების მიღება. ამისათვის, მას სწორად და ამომწურავად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ რომელ დაწესებულებებს შეუძლიათ მისი მიღება. გადაუდებელი შემთხვევების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ასევე დროის ფაქტორი, კერძოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ტერიტორიულად ყველაზე ახლოს მდებარე რომელი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს პაციენტის მიღებას.

პრაქტიკაში იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტი, მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გარეშე, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა კლინიკაში, რომელიც ტერიტორიულად უფრო შორს მდებარეობდა, ვიდრე სხვა სამედიცინო დაწესებულებები, რომელთაც ასევე შეეძლოთ მსგავსი მომსახურების გაწევა. ამის გამო, პაციენტისთვის შესაბამისი დახმარება დაგვიანდა, რამაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. ასეთ დროს, ბუნებრივია, დგება სასწრაფო დახმარების ჯგუფის პასუხისმგებლობის საკითხი.

- შეუძლია თუ არა სამედიცინო პერსონალს, პაციენტის თანხმობის გარეშე, სატელევიზიო კომენტარში დაასახელოს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ დეტალები? თუ არა, მაშინ ინფორმაცია როგორ უნდა მიეწოდოს საზოგადოებას, როცა საქმე ეხება გახმაურებულ შემთხვევებს?

- პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს განეკუთვნება და კანონმდებლობა მისი დაცვის მაღალ სტანდარტებს ადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტის გაცხადებული თანხმობის გარეშე, არავის აქვს უფლება, გაამჟღავნოს ინფორმაცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ქვეყნის კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევების ჩამონათვალს, როცა ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა, პაციენტის თანხმობის გარეშე მოხდეს. მაგალითად, ეს ის შემთხვევებია, როდესაც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.

ამასთან, საზოგადოებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად, რომელიც გაამართლებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, თუ ამ მონაცემების გაუმჟღავნებლობა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობის უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას. ასეთი დარღვევები ძალიან ხშირია პრაქტიკაში.

რამდენიმე წლის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი სახის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განხორციელებული ოპერაციული ჩარევების შესახებ მონაცემები სამედიცინო პერსონალმა პაციენტის თანხმობის გარეშე სატელევიზიო კომენტარისას გააჟღერა. დიაგნოზის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტმა ამ ინფორმაციის გამჟღავნებით უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო, დაენგრა ოჯახი და დასჭირდა ინტენსიური მკურნალობა სრულად გამოსაჯანმრთელებლად.

ამდენად, სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ, მისი თანხმობის გარეშე გაკეთებული სატელევიზიო კომენტარი წარმოადგენს პაციენტის პირადი ცხოვრებისა და კონფიდენციალურობის უფლების მძიმე დარღვევას.

- სად და როგორ უნდა იპოვოს სამართალი არაკვალიფიციური სპეციალისტისგან დაზარალებულმა პაციენტმა?

- პირველ რიგში, პაციენტს უფლება აქვს, დასვას ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და მიმართოს საჩივრით სსიპ "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს". თუმცა, საქმე ის არის, რომ სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება დააკისროს ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას ქონებრივი ზიანის, მათ შორის, პაციენტის მკურნალობის ან მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება. სააგენტოს შეუძლია მხოლოდ ადმინისტრაციული სანქცია გამოიყენოს ექიმის წინააღმდეგ, კერძოდ, ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, საქმიანობის უფლების შეჩერება, ექიმის სერტიფიკატის გაუქმება და სხვა. ამდენად, ასეთი საჩივრის შედეგად, ექიმი შესაძლოა, დაისაჯოს, მაგრამ ამით პაციენტის მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.

შემდეგი გზა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისკენ მიდის და იმ შემთხვევაში, თუ ექიმის ქმედებაში გამოიკვეთა ბრალეულობა, შესაძლოა, მოხდეს მისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ამასთან, აქაც, როგორც წინა შემთხვევაში, პაციენტის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება არ ხდება.

ერთადერთი გზა, რითაც პაციენტს შეუძლია უკვე სამედიცინო მომსახურების გამწევს მოსთხოვოს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ქონებრივი ანაზღაურება, სამოქალაქო დავების განმხილველ სასამართლომდე მიდის. ეს კი გრძელ და რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთი პროცესი წლობით გრძელდება.

მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის დაზიანებისას, დროულ სამედიცინო ჩარევას არსებითი მნიშვნელობა აქვს და დროში გაჭიანურებული სასამართლო პროცესი ისევ პაციენტის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამასთან, პაციენტს უწევს ფინანსური ხარჯების გაწევაც, ვინაიდან პროცესის წარმოება კარგი ადვოკატის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთი შემაფერხებელი გარემოებაა პაციენტის დარღვეული უფლების აღდგენის გზაზე.

- გამოდის, მიუხედავად კანონით პაციენტისთვის მინიჭებული ამდენი უფლებისა, მათი დაცვის ეფექტიანი მექანიზმები არ არსებობს. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პრობლემა?

- აქ უკვე საჭიროა პრობლემის კომპლექსური გაანალიზება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ბერკეტებისა და სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობის გარეშე შეუძლებელი იქნება. მოგეხსენებათ, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ისე მთავრობის სტრატეგიის შესაბამისად, აღნიშნული საკითხის გადაჭრა პრიორიტეტულია და საჭიროა დროული მოქმედება.

ამისათვის, აუცილებელია ერთი მხრივ, სამედიცინო დაწესებულებების სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება და იმპლემენტაცია, ხოლო მეორე მხრივ, სამედიცინო დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმების შემუშავება.

"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე

დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - როგორია მინისტრის მდგომარეობა?

"არც ერთ ჩემს პაციენტს იმუნიტეტი არასრულფასოვანი კვების გამო არ ჰქონია დაქვეითებული, ვინმემ მომიყვანოს მაშინ ასეთი პირი" - ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს