ავტორი:

ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას "КГБ-ს ოფიცერს" უწოდებენ

ვინ არის დიმიტრი ლეჟავა, რომელიც სამხედრო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და მას "КГБ-ს ოფიცერს" უწოდებენ

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ ახალი კადრი დაინიშნა, რომლის შესახებაც ზურაბიშვილის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ახალი მრჩეველი დიმიტრი ლეჟავაა, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს სამხედრო საკითხებში გაუწევს კონსულტაციას.

ლეჟავა რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე - იუნკერთა კურსების გამოშვებაზე, სადაც 93-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო. საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ღონისძიებაზე შეკრებილებს ქვეყნის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი წაუკითხა.

სწორედ ამ ღონისძიების ფოტო და ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ გაირკვა, რომ ზურაბიშვილს სამხედრო საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს, რომლის სახელმა და გვარმა ოპოზიციისა და ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ლეჟავას "კგბ"-ს ოფიცერი უწოდა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს ქართული უსაფრთხოების განადგურებას და „ეს შვიდის წლის წინ დაიწყო".

„როდესაც დააკავეს ჩვენი მებრძოლი ოფიცრები, ის ხალხი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ფედერაციის ჯარებს, როდესაც ისინი შემოდიოდნენ საქართველოში, ამის მერე ყველაზე დაცულ ობიექტებზე შეიყვანეს რუსი ჯაშუშები. ობიექტებზე,რომლებზეც ათობით მილიონი დოლარი დაიხარჯა. ობიექტებზე, სადაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრი შევდიოდი უზარმაზარი პროცედურების გავლის შემდეგ. ამის შემდეგ გადასცეს რუსეთს ჩვენი სამხედროების ბაზები, რომლის მიხედვით, ზოგი ჩვენი სამხედრო ოფიცერი დაკავებულია, ზოგი სამწუხაროდ რუსი „ქილერის“ მიერ მოკლული.

შემდეგ დაგვინიშნეს პრეზიდენტი, რომელმაც დაადანაშაულა ჩვენი სამხედროები ცხინვალის დაბომბვაში და რომლის განცხადების საფუძველზეც, რუსეთი ჩვენი გენერლების გასამართლებას ითხოვს. ესეც არ იყო საკმარისი და უშიშროების სამინისტროში ყოფილი „კგბ“-ს გენერალი დანიშნეს, ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი დანიშნეს. ოფიცერი, რომელიც მსახურობდა „კგბ“-ში, როდესაც რუსთაველზე 9 აპრილს დაიღვარა სისხლი.

ყოფილი „კგბ“-ს ოფიცერი არ არსებობს. ნურავის ჰგონია, რომ ბევრი დრო გავიდა და რამე შეიცვალა. მინდა, ვინც არ იცის შევახსენო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა გაიტანა საქართველოდან არქივი, „კგბ“-ს ოფიცრების დოსიეები და პირადი საქმეები. ეს ყველაფერი ახლა არის მოსკოვში. არ უნდა იყო დიდი ექსპერტი, რომ მიხვდე, თუ რამდენად დიდი ბერკეტი აქვს რუსეთს ამ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად“, - აცხადებს შაშკინი.

ამ პოზიციას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე და აღნიშნულის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"საბჭოთა უშიშროების გენერალი დიმიტრი ლეჟავა პრეზიდენტის მრჩევლი ყოფილა უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებში. მუშაობდა საბჭოთა КГБ -ში 1983-1994 წლებში.

მგონი, კითხვას - რატომ არაფერს ამბობს პრეზიდენტი ოკუპაციაზე - პასუხი გაცემული აქვს. საგანგაშო სიტუაციაა - საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ფართო ინფილტრაცია მიმდინარეობს. #სირცხვილია!" - წერს დეკანოიძე.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ თეონა აქუბარდიამ საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს უთხრა რომ, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მკაფიოდ გაცხადებული საგარეო კურსი აქვს, რაც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას გულისხმობს, უმჯობესი იქნებოდა, აღნიშნულ თანამდებობაზე ისეთი ადამიანი დანიშნულიყო, ვისაც ერთი მხრივ, არ ექნებოდა საბჭოთა წარსული:

„თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა. მრჩევლის კომპეტენცია იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის როლს. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის შეთანხმება შედგა, რომ პრეზიდენტს ეყოლება მუდმივი წარმომადგენელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, სადაც განიხილება ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის და კოორდინაციის საკითხები. შესაბამისად, მას საიდუმლო ინფორმაციაზე სრული დაშვება ექნება.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თავად წყვეტს ვინ დანიშნოს ამ პოსტზე, ბატონი ლეჟავას საბჭოთა წარსული და მისი გამოცდილება არც თუ ისე პოზიტიურად მეტყველებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე. საქართველოს არ აქვს ლუსტრაციის კანონი, როგორც ეს გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა და მათ შორის უკრაინამაც, რომ ვიცოდეთ, ვინ თანამშრომლობდა „კა-გე-ბეს“ სამსახურებთან,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, ექსპერტის შეფასებით, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, დიმიტრი ლეჟავას პიროვნება 2003 წლის შემდეგ აღარ ჩანდა, რაც მისი თქმით, საკმაოდ დიდი წყვეტაა. აქუბარდიას განცხადებით, აქ თავს იჩენს კომპეტენციის საკითხი, თუ რამდენად შეუძლია ლეჟავას მრჩევლის ფუნქციების ჯეროვნად შესრულება.

„ამ სფეროს საკმაოდ ბევრი სპეციალისტი გვყავს, რომლებსაც დასავლეთში აქვთ უმაღლესი განათლება მიღებული. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავად არის დასავლეთში გაზრდილი და იცნობს ამ სტანდარტებს, ის უნდა ყოფილიყო პირველი, ვინც თავის მრჩევლის პოსტზე ამ რაკურსით შეარჩევდა კადრს. ალბათ, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია თავად ახსნის, რა კრიტერიუმით შეარჩია მრჩეველი, თუმცა რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირს არ ჰქონოდა საბჭოთა წარსული,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დიმიტრი ლეჟავა 1983-1994 წლებში საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში მუშაობდა. 1994-1996 წლებში ის სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, ხოლო 1996-1998 ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში იყო დასაქმებული.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე