ყოველ მეორე ოჯახს მატერიალური მდგომარეობა გაუუარესდა

ყოველ მეორე ოჯახს მატერიალური მდგომარეობა გაუუარესდა

მიმდინარე წელი გაზრდილი სამომხმარებლო ფასებითა და ყოფითი პრობლემების სიუხვით გამოირჩევა. თბილისური ოჯახების უმეტესობა არ მალავს, რომ ფინანსურ ხელმოკლეობას განიცდის. უმეტეს შემთხვევაში, ამის მიზეზად სამსახურის დაკარგვას და უმუშევრობას ასახელებენ.

იმისთვის, რომ გაგვერკვია, შეუმცირდა თუ არა ოჯახებს შემოსავლები 2010 წლიდან, 50-მდე ოჯახი გამოვკითხეთ. აქედან 25-მა გვიპასუხა, რომ მატერიალური მდგომარეობა გაუუარესდა. 15 გამოკითხულმა თქვა, რომ შემოსავალი გაეზარდათ, მაგრამ ხარჯებიც მოემატათ, რის გამოც არსებითად ვერ იგრძნეს შემოსავლების ზრდით გამოწვეული კეთილდღეობა.

50 გამოკითხულიდან მხოლოდ 10-მა უპასუხა, რომ შემოსავლები ზრდის გამო მათი მატერიალური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. გამოკითხულთა უმრავლესობა სოციალურ პრობლემებზე გულახდილად საუბრობს. გაირკვა, რომ ბევრს ოჯახური მდგომარეობა მძიმე აქვს და ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად გაორკეცებული შრომა უწევს.

ნელიკო სიგუა, პენსიონერი: "შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი შეგვიმცირდა, რადგან ჩემმა შვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს დაკარგა სამსახური. ერთადერთი შემომტანი ოჯახში ჩემი რძალია, რომელსაც 500 ლარამდე აქვს ხელფასი და, ძირითადად, კვებას და ბავშვებს ხმარდება. მე პენსიონერი ვარ, ფიზიკურად ვერ ვმუშაობ და რძალს ვეხმარები შვილების გაზრდაში. პენსიის თანხით გადასახადებს ვიხდი, ზოგჯერ კი წამლის ყიდვასაც ვახერხებ".

მზია ნარსიძე, ყოფილი პედაგოგი: "ბოლო 5 წელია, ჩემი ოჯახი ფინანსურად უკან-უკან მიდის. 4 სული ვცხოვრობთ სახლში და არც ერთი არ ვმუშაობთ. იშვიათად შეიძლება ერთჯერადი სამუშაო გამომიჩნდეს, სახლებს ვალაგებ და ამით ვირჩენთ თავს. ბოლო დროს მოთხოვნაც შემცირდა. ზოგჯერ კვირა გავა ისე, რომ სამუშაოდ ვერ გავდივარ. 5 წლის წინათ მეუღლე გარდამეცვალა და მას შემდეგ ოჯახი დიდ გაჭირვებაშია. არავინ გვეხმარება, ყველას თავისი თავი გასჭირვებია და ვერ დაავალდებულებ.

ჩემი შვილი სტუდენტია. არის შემთხვევა, როცა სამგზავრო 20 თეთრიც არ აქვს ხოლმე. წლის განმავლობაში მდგომარეობის გამოსწორებას არ ველოდები. შემდეგ, ალბათ, რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. ძირითადად, შვილის იმედი მაქვს, ახალგზარდაა და როგორმე იშოვის სამსახურს ან სტუდენტური პროგრამით დასაქმდება, რომ ორიოდე თეთრი შემოიტანოს ოჯახში".

ბადრი გურჩიანი, დევნილი: "ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმდენად არ ვფიქრობ, რამდენსაც არსებული მდგომარეობის შენარჩუნებაზე. ხელოსანი ვარ და შეკვეთებზე ვმუშაობ, ძირითადად, სარემონტო სამუშაოებით ვარ დაკავებული. ახლა სეზონია და სამუშაო არ ჭირს. ამ მხრივ გასული წელი პრობლემური იყო. შეიძლება ითქვას, შემოსავალიც მეტია, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ხარჯებმა ისე მოიმატა, რომ დანაზოგი არც ეტყობა ოჯახს, უამრავი ხარჯია გასაწევი და უკვე ძლივს ვუძლებთ".

ნათია მანჯგალაძე, მედდა: "წლიდან წლამდე სტაბილური შემოსავალი მაქვს, ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელფასი 250 ლარი მაქვს. მეუღლეც მუშაობს, ამიტომ ფინანსურ გაჭირვებას დიდად არ განვიცდით, თუმცა ოჯახს აშკარად მეტი სჭირდება. განსაკუთრებით ყოველდღიურმა ხარჯებმა იმატა. ყველაფერი ძვირი ღირს, საკვებიც და ტანსაცმელიც. ამასთან, ხშირად არის გაუთვალისწინებელი ხარჯებიც. სიმართლე გითხრათ, ოჯახის შემოსავალი არ შემცირებულა, მაგრამ შარშან ცოტა უკეთესად ვიყავით".

გიო ქალდანი, დისტრიბუტორი: "შემოსავალი შარშანდელთან შედარებით, შემიმცირდა, რაც ჩემი ოჯახის მდგომარეობას ძალიან მძიმედ დაეტყო. კრიზისის გამო სამსახურში შეგვამცირეს. ვინც დავრჩით, ხელფასები გაგვინახევრეს. სულ რაღაც 200 ლარს ვიღებ, რომელიც გზის ფულად და წვრილი ხარჯებისთვისაც ძლივს მყოფნის".

ნინო ჩიტეიშვილი, ჟურნალისტი: "ერთ-ერთ ყოველკვირეულ გაზეთში ვმუშაობ. გამომუშავებაზე ვარ და თვის ბოლოს გროშების თვლა მიწევს, 100 ლარამდეც ვერ ვიღებ. გასულ წელსაც იგივე მდგომარეობა მქონდა, მაგრამ ჩემი და მუშაობდა და თავი გაგვქონდა. ახლა ძალიან გვიჭირს".

დათო მეგრელიძე, უმუშევარი: "ჩემთვის არც შარშან ყოფილა დალხენილი ცხოვრება და არც წელსაა. ფინანსური მდგომარეობა დარჩა იგივე, რაც გასულ წელს გვქონდა. თუმცა, ახლა მეტი პრობლემებია, ბაზარზე ცეცხლის ფასებია, რასაც ოჯახი უკვე ვეღარ უძლებს".

გამოკითხულთა მცირე ნაწილი წლევანდელი შემოსავლებით უკმაყოფილო არ არის და ამბობს, რომ შემოსავალი გაეზარდათ. როგორც ამბობენ, გაჭირვებას თავი გაართვეს. ხარჯების სფერო არ გაზრდიათ, თუმცა დღევანდელ პირობებში ხარჯმა მაინც მოიმატა, რის გამოც გაუმჯობესებული ფინანსური მდგომარეობა ნაკლებად ან თითქმის არ დაეტყოთ.

როგორც გაირკვა, 2010 წელს, მიუხედავად იმისა, რომ სამსახურის შოვნა გაჭირდა და ყოფითი პრობლემებიც მეტია, ახალი სამუშაო ადგილის პოვნას თბილისელებნი მაინც ახერხებენ. უმეტესწილად, არალეგალური შრომით (ძიძა, ოჯახის დამლაგებელი და სხვა)

ლია ხუროშვილი, ძიძა: "სულ ახლახან დავიწყე ძიძად მუშაობა. 4 წლის ბავშვს ვუვლი და კარგადაც მიხდიან. ვფიქრობ, ამით ოჯახის მატერიალურ მდგომარეობას გავიუმჯობესებ. მინდა, რომ ეს თანხა მთლიანად ჩემს შვილებს მოვახმარო".

სალომე მეტრეველი, იურისტი: "საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ხელფასი არ გამზრდია, მაგრამ დაგვემატა სამუშაო, რის გამოც ბოლო 3 თვის განმავლობაში თვიურ ხელფასს გაორმაგებით ვიღებ. ასე გაგრძელდება სექტემბრამდე, რაც ჩემს წლიურ შემოსავალს ბევრად გააუმჯობესებს. ამიტომ 2010 წელს არ ვუჩივი, ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მეტი შრომა მიწევს".

ნინი გოგიშვილი, დიზაინერი: "შემოსავალი ცოტა მეტი მაქვს, რადგან შეკვეთები მომემატა და ჩემი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ამან კარგი გავლენა იქონია. ვერ გეტყვით, რომ დანაზოგი ხარჯებისთვის კარგად მყოფნის, გარკვეულ დონით, მაინც მიწევს თვის შეკავება. ფულს თავისუფლად, ჩემს გემოზე ვერ ვხარჯავ. რადგან ეს არ არის სტაბილური თანხა და შეიძლება მომავალში ნაკლები გამოვიმუშავო. ამიტომ ხარჯებს უნდა გავუფრთხილდე".

ლილი ვართაგავა, ექიმი: "დიდად არა, მაგრამ უმნიშვნელოდ გაიზარდა ოჯახის დანაზოგი. არსებითი გავლენა ჩვენს მდგომარეობაზე ამას არ მოუხდენია. ხან რა იჩენს თავს, ხან - რა. იმატა გაუთვალისწინებელმა ხარჯებმაც, ძალიან გაჭირდა ცხოვრება. ვცდილობ, ბავშვებმა ხშირად იარონ თეატრში, სხვადასხვა საღამოებსა და სპექტაკლებზე, რომ სულიერ საზრდოსაც ეზიარონ. ყველაფერი ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შარშან ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებდით, წელსაც ასევე, რასაც ჩემი ჩემოსავლის სერიოზული ნაწილი ხმარდება".

ბექა ხაფავა, უმაღლესი სასწავლების კურსდამთავრებული: "დედა საზღვარგარეთ არალეგალურად მუშაობს და წლიდან წლამდე მის ხარჯზე ვცხოვრობდით. შარშან სტუდენტური პროგრამებით დავკავდი და ჩემი "ფულის გემო" კარგად გავიგე. ბევრი არ ამიღია, მაგრამ ჩემი პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი იყო. ახლა სერიოზული შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე ერთ-ერთი ბანკისგან, რაც მაიმედებს, რომ წლის ბოლომდე ფინანსურ მდგომარეობას გავიუმჯობესებ".

თამილა ძნელაძე, პენსიონერი: "ჩემი შვილები კერძო სტრუქტურაში მუშაობენ. ოჯახის შემოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ იმდენად ბევრია გასავალი, რომ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დიდად ვერ დაგვეტყო. ყოველ თვე სულ 1000 ლარი და ცოტა მეტიც გვიგროვდება, მაგრამ პრობლემებს კვლავ ძველებურად ვერ ავუდივართ".

ქეთო ფაილოძე, პენსიონერი: "ოჯახში შემოსავალი მოგვემატა, მაგრამ არა საკუთარი შრომის ხარჯზე. ჩემი რძალი გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ და მისი გამოგზავნილი ფულის იმედად ვართ. ყოველთვე 300 დოლარს გვიგზავნის. ადრე 300 ლარიც არ გვიგროვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი მუშაობდა. პენსიის თანხასაც ვიღებ. ვცდილობ ფულის გამოზოგვას, მაგრამ არ გამომდის".

ირაკლი ღონღაძე, ინჟინერი: "პროფესიით არ ვმუშაობ. დაცვის სამსახურში ვარ და 300 ლარამდე მაქვს გამომუშავება. მესამე წევრი ვარ ოჯახში, ვინც მუშაობს. ამდენად, არა გვიშავს, ყოფითი პრობლემების მოგვარება არ გვიჭირს. შარშან ცოტა ნაკლები იყო შემოსავალი, მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით. დედაჩემი ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მოეწყო და ისიც გვეხმარება".

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"