"მურანოს" ახალი მოდიფიკაცია

"მურანოს" ახალი მოდიფიკაცია

კომპანია "ნისანმა" კროსოვერ "მურანოს" ახალი მოდიფიკაციის ფოტოები გაავრცელა. იგი დიზელის ძრავათია აღჭურვილი. იაპონური მწარმოებლის ინჟინრებმა "მძიმე საწვავზე" მომუშავე ძრავას გასაგრილებელი, დამატებითი საშუალების დამონტაჟების მიზნით, ძარას წინა ნაწილის დიზაინი შეცვალეს. ამასთან დაკავშირებით, მანქანას გაზრდილი ჰაერშემაკავებლის მქონე ახალი წინა ბამპერი და განსხვავებული ნისლის საწინააღმდეგო ფარები, აგრეთვე რადიატორის უფრო აგრესიული ცხაური ექნება.

ავტომობილი 2,5-ლიტრიანი, 190 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე, 4-ცილინდრიანი დიზელის ძრავათი აღიჭურვება, რომელიც სიჩქარის გადაცემათა 6-საფეხურიანი ადაპტური ავტომატური კოლოფით იმუშავებს. შერეულ ციკლში მუშაობისას, "ნისან მურანო" 100 კმ მანძილის დასაფარავად 8 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ატმოსფეროში მის მიერ გამონაბოლქვი CO2-ის რაოდენობა კი 1 კმ მანძილზე 210 გრამია. ევროპაში სიახლის შეძენა მსურველებს მიმდინარე წლის სექტემბერშივე შეეძლებათ. მანქანის ფასი 42,6 ათასი დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ევროპულ ბაზარზე "მურანოს" გამაში დიზელის ვერსია 249 ცხ. ძალის სიმძლავრის მქონე, 6-ცილინდრიან ბენზინის ძრავას შეუერთდება. კომპანია "ნისანში" ვარაუდობენ, რომ ევროპაში დიზელის "მურანოს" სახით, ამ მოდელის ავტომობილების საერთო რაოდენობის 90% გაიყიდება. ადრე გავრცელებული ცნობის თანახმად, მომავალი წლის დასაწყისში "ნისან მურანოს" აწყობა იაპონური კომპანიის სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხანაშიც დაიწყება. ამჟამად კი ამავე ქარხანაში სედან "ტეანასა" და კროსოვერ X-Traial-ს უშვებენ.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)