ავტორი:

"უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას - მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა" - მამუკა ხაზარაძე საკუთარი გუნდისა და სამომავლო გეგმების შესახებ

"უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას - მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა" - მამუკა ხაზარაძე საკუთარი გუნდისა და სამომავლო გეგმების შესახებ

უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ უზარმაზარი არმიაა ახალგაზრდების, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოძრაობა, რომლის დაფუძნებასაც ბიზნესმენი აპირებს, საკმაოდ მოთხოვნადია.

„უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას. ძალიან დიდი ინტერესია, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმია, პროფესიონალები გვიერთებიან. გვიერთდება ის ხალხი, ვისაც უნდა სილაღე დაბრუნდეს და საფუძველი იმის, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. იმ ადამიანებმა, რომელთა მშობლებმაც ბოლო კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში ისწავლეს, დაბრუდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან მათ სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდებათ. ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი - ბარს, ის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასე ძალიან სჭირდება“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ახალ გუნდში პროფესიონალებს ელოდებიან.

"ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გუნდს, სადაც ცნობილი სახეები პოლიტიკიდან ვერ მოიაზრებიან ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან, ვერც უკნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ სახეებს, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, ყველას ველოდებით“, - განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ყველაფერი კეთდება, რომ ანაკლიის პროექტი „გამარჯვებამდე მივიდეს“.

„ჩვენ, იცით, რომ დაახლოებით 60 კაცი გვყავს ოფისში, რომელიც დღედაღამე მუშაობს, რათა მივიყვანოთ ეს პროცესი გამარჯვებამდე და გამარჯვება პირველ რიგში არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენჯერაც ახლოს მივედით ხელისმოწერაზე, იმდენი პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვიქსიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ! ეს ქმედება {ანგარიშების დაყადაღება} მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, თუმცა არც ეს გამოგივათ. პირდაპირ გეუბნებით, არ გამოგივათ და ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ ან თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, - მიმართა ხაზარაძემ ხელისუფლებას.

ხაზარაძის განცხადებით, ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, საქართველოსა და უცხოეთში მყოფი მათი მეგობრები მზადყოფნას გამოთქვამენ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარონ.

როგორც ხაზარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისად, მათ არაფრის ეშინიათ.

„მინდა ხელისუფლებას დავუსვა შეკითხვა, რატომ შეეშინდა? ძალიან შეეშინდათ მათ, იმიტომ რომ, როცა ის სამსახურები, რომელთა ხელფასებსაც ბიზნესმენები ვიხდით, გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, ნიშნავს იმას, რომ არსებობს შიში, აბსოლუტურად დიდი პანიკის საფუძველი. ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია.

რასთან გვაქვს საქმე? თქვენ იცით, რომ ბიზნესმენისთვის ყველა ანგარიშის დაყადაღება და ყველა ანგარიშის გაჩერება ნიშნავს, რომ მათი გაგებით, ჩვენ ვერ მოვემსახურებით იმ ვალებს, ადგილობრივ თუ უცხოურ საკრედიტო მომსახურებას ვერ განვახორციელებთ, რომელსაც ვახორციელებდით და რომლითაც ვაფინანსებდით და დღემდე ვაფინანსებთ ანაკლიის პორტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათი გაგებით, ვერ დავაფინანსებთ მოძრაობას, ვერ დავაფინანსებთ პარტიას, რომლის დაფუძნების თარიღსაც მალე შეგატყობინებთ. არ გამოგივათ არაფერი. რატომ? იმიტომ, რომ საქრათველოში არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელსაც მეგობრობა ჰქვია და რომელიც ამ ხელისუფლებას არ ჰყავს. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი საქართველოში და უცხოეთში, რომელიც ყველანაირად მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ის კურსი, რაც შევპირდით ჩვენ ხალხს, რომ რეალობა, ეს მახინჯი, მიკერძოებული სახელმწიფო ერთ ხელში, დასრულდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში სასაუბროდ იწვევს. მისი თქმით, ის თანახმაა, ტელევიზიაში მივიდეს და პირდაპირ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან ერთად განიხილოს, რაზე იყო შეთანხმება ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.

„ჩვენ თიბისი ბანკში“ მინორიტარული აქციები გვაქვს. ჩვენ არასდროს გვქონია საკონტროლო პაკეტი და სწორედ ამ გადასახედიდან შევქმენით 10-ათას კაციანი ორგანიზაცია. ისევე, როგორც ჩვენ არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში ახალ პარტნიორებს, ინვესტორებს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი, ამიტომ, ვამბობ, რომ ჩვენი არ არის ანაკლია. ახლა ცდილობენ პერსონიფიცირება გააკეთონ - ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით, როგორც დამფინანსებლები.

რადგან ბევრი კითხვა დაგროვდა საზოგადოებაში, ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება ეს იყოს „იმედი“ და ვისაუბროთ ღიად. რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები და ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას. ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს. ხშირად მისვამენ შეკითხვას - მამუკა ვერ დაალაგეთ? - ძმებო, არ გამოვა. „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს“, - განაცხადა ხაზარაძემ.

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ბრიტანეთში მათი ანგარიშების დაყადაღება მოითხოვა. შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს გაუგზავნა ნოტა და მოითხოვა ჩვენი ანგარიშების დაყადაღება ბრიტანეთში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, აღნიშნულზე ვრცლად ისაუბრა ბადრი ჯაფარიძემაც.

„ყოველდღიურად ახალი რეპრესიული ღონისძიებები ტარდება ჩვენ წინააღმდეგ. ამჯერად ამ მიმართულებით ახალი სიტყვაა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რომელმაც მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, რომ თურმე მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომელიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ, რომ არის კრიმინალური წარმოშობის. რა თქმა უნდა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როდესაც მიმართავს სახელმწიფო უწყება, ცხადია, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება ამ შემთხვევაში პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტია“, - აღნიშნა „თიბისი ბაკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები