"არ არსებობს ბიზნესსფერო, რომელსაც ფული არ შეაწერეს"

 "არ არსებობს ბიზნესსფერო, რომელსაც ფული არ შეაწერეს"

პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე ამბობს, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი და ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოქმედების გამო ქვეყნიდან გაიქცა.

ბატონ დავითთან ინტერვიუ სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ.

- როგორც ვიცი, ამ ხელისუფლებასა და ვანო ჩხარტიშვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მოთხოვნაა. უარის მიღების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სცადეს, ჩხარტიშვილისთვის გვარიანი თანხა გამოეძალათ. დასახელებული იყო საკმაოდ დიდი თანხა - 20 მილიონი დოლარი, როგორც არაოფიციალური ჯარიმა იმისთვის, რომ ჩხარტიშვილი არ გაურიგდა ხელისუფლებას და არ დააჭერინა ნოღაიდელი. 21 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდათ მისი ოჯახი.

- ეს ყველაფერი ჩხარტიშვილმა პირადად გითხრათ?

- დიახ. პირადად არ შევხვედრივარ, მაგრამ რამდენჯერმე ვესაუბრე ”სკაიპით”. ვაპირებ, უახლოეს მომავალში შევხვდე და უფრო დეტალურად გავერკვე მომხდარში. ჩვენ კარგა ხანია ოჯახებით ვმეგობრობთ, თუმცა ის ბოლო ხანს შორს იყო პოლიტიკისგან, მით უფრო, რომ ამ ქვეყანაში ბიზნესმენისთვის სახიფათოა ოპოზიციონერთან მეგობრობა. ამიტომაც ხშირი კონტაქტი აღარ გვქონდა.

- ვანო ჩხარტიშვილს სერიოზული ბიზნესაქტივები აქვს საქართველოში, რა ბედი ელის ამ აქტივებს?

- როგორც ვიცი, მისგან ნაწილს ფულად ითხოვდნენ, ნაწილს - ბიზნესწილებად, რაც სხვისთვის უნდა გადაეფორმებინა. ლაპარაკი იყო თამბაქოს ქარხანაზე, აგრეთვე - ფოთის ნავსადგურსა და წისქვილკომბინატზე. ვიმედოვნებ, რომ ვანო ამ ყველაფერს ხელისუფლებას საკუთარი ნებით არ გადაუფორმებს. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც უზარმაზარი ტელეკომპანია "მზე", რომელიც მისი საკუთრება იყო და უამრავი ფული ჰქონდა ჩადებული, ხელისუფლების მუქარითა და მოთხოვნით, დავით ბეჟუაშვილს აჩუქა.

ხომ გახსოვთ, ქართველი ბიზნესმენები უცებ როგორი გულუხვები გახდნენ და თავიანთი ქონებით სახელმწიფოს როგორ ასაჩუქრებდნენ. იმხანად ჩხარტიშვილი ასეთი არჩევანის წინაშე დააყენეს - ან თავისუფლება, ან ტელევიზიაო და ისიც იძულებული გახდა, დაეთმო. დღეს უკვე მისგან თანხას მერაბიშვილი და ადეიშვილი ითხოვენ, თუმცა ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მსურს, რადგან ეს არ იყოს მხოლოდ ლაპარაკი, მინდა, მქონდეს ამის დამადასტურებელი ვიდეო ან აუდიომასალა, რის მოპოვებასაც ვცდილობ.

- ვანო ჩხარტიშვილს აქვს ამგვარი ჩანაწერები?

- ერთია, აქვს თუ არა და მეორეა - მზად იქნება თუ არა, გადმოგვცეს ეს ჩანაწერები და გახადოს საჯარო. ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობ.

- არსებობს მოსაზრება, რომ ნოღაიდელი იყო მხოლოდ საბაბი და მავანს ჩხარტიშვილისგან თანხა აინტერესებდა...

- ეს ვერსია არ არის გამორიცხული, ხელისუფლება, შესაძლოა, ცდილობდა ორი კურდღლის დაჭერას. ვფიქრობ, ნოღაიდელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ისეთი წონიანი და მდიდარი ადამიანისგან, როგორიც ვანო ჩხარტიშვილია, კარგი საფუძველი იქნებოდა ნოღაიდელის დასაპატიმრებლად, თანაც "ნაციონალური მოძრაობის" პასუხისმგებლობა ნაკლებად გამოჩნდებოდა. საქმე ის არის, რომ დღეს ნოღაიდელის დაჭერა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და პრივატიზაციის გამო მთელ პასუხისმგებლობას დააკისრებს სააკაშვილსაც, რომელმაც ის დანიშნა პრემიერად და ეს თანამდებობა ნოღაიდელმა კარგა ხანს შეინარჩუნა.

შესაბამისად, ერთი კონკრეტული ქრთამის აღების ფაქტის გახმაურება უფრო აძლევდათ ხელს. ეს ხელისუფლება კარგა ხანია ჩამოყალიბდა კრიმინალური მენტალიტეტის ხელისუფლებად. მართალია, კრიმინალურ ავტორიტეტებს დევნიან, მაგრამ ამასობაში თვითონ იქცნენ კრიმინალებად. მათ სჭირდებათ კონკრეტული მიზეზი, რათა როგორმე ფული შეაწერონ და გამოსძალონ იმ პირებს, ვისაც ფული აქვს.

სწორედ ასე იქცეოდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ე.წ. კანონიერი ქურდები. მსოფლიოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში ყველაზე სახიფათო ტენდენციად მიიჩნევა ორი რამ: პირველი, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში მოდის არანორმალური ადამიანი, რომელსაც დიქტატურისკენ აქვს მიდრეკილება, მეორე - როდესაც კრიმინალური აზროვნების ხალხი მოდის ხელისუფლებაში. ჩვენ ერთიც გვჭირს და მეორეც.

ვინ უნდა დაიცვას ბიზნესმენი, როდესაც თვითონ ხელისუფლებაა გამომძალველი? დღეს ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია ფული, ლაპარაკია სააკაშვილსა და მის უახლოეს გარემოცვაზე, რომლებმაც კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის გარანტია არის დიდი ფული, რათა შეინარჩუნონ სოციალური სიმშვიდე და მაღალი ხელფასი გადაუხადონ ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს. სხვა შემთხვევაში, როგორც სააკაშვილი იტყვის ხოლმე, მათი ხელისუფლება ჩამოიშლება. გარდა ამისა, პირადი ფუფუნებისთვისაც სჭირდებათ დიდი ფული, ამიტომ მიადგნენ ფავორიტ ბიზნესმენებსაც. არ არსებობს ბიზნესსფერო, რომელსაც ფული არ შეაწერეს.

დემეტრაძეს რომ იჭერდნენ, ფულზე ფიქრობდნენ, რადგან სურდათ, ისეთ მდიდარ ფეხბურთელზე გასვლა, როგორიც კალაძეა, რათა მეგობრის გასათავისუფლებლად ფული შეაგროვონ და გადაიხადონ. ჩხარტიშვილსაც სწორედ ფულის გამო ერჩიან.

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაასრულა და პროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნა...

- ოპოზიციურმა ძალებმა უკვე გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია გავრცელებული განცხადებით, სადაც ითქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელია კონსტიტუციის ლამის არსებითად ახალი პროექტის დაჩქარებულად მიღება. წარმოგიდგენიათ, საერთო-სახალხო განხილვის გამოცხადდება აგვისტოში, ეს ხომ მკვდარი თვეა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის თვალსაზრისით?! აგვისტოს ბოლოს აპირებენ ამ ცვლილებების მიღებას, რაც ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ ვიღაც ცდილობს მიაფუჩეჩოს ეს უმნიშვნელოვანესი თემა და თავისთავზე მოირგოს კონსტიტუცია.

ხელისუფლება ისუფთავებს მოედანს სამომავლოდ. ჯერჯერობით არ ვაპირებ შინაარსზე ლაპარაკს, ბევრი რამ ამ ცვლილებებში ჩვენთვისაც მისაღებია, მაგრამ ჯერ ვაყენებთ ორ საკითხს: საერთო-საჯარო განხილვას დაეთმოს სათანადო დრო და მეორე, ეს ცვლილებები მიიღოს არა ამჟამინდელმა, არამედ მომავალმა პარლამენტმა.

- ბოლო ხანს არაერთი უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური ვიზიტი შედგა, შესაძლოა თუ არა ეს ვიზიტები სახელმწიფოს მხარდაჭერის გარდა, ხელისუფლების მხარდაჭერადაც მივიჩნიოთ?

- მსგავსიც არაფერი თქმულა არც ერთი სტუმრის მიერ.  დღეს აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ ხელისუფლებას შეახსენონ: საჭიროა დემოკრატიული რეფორმები. გარდა ამისა, ეს ხელისუფლება არის გარკვეული ხიფათის შემცველი, რადგან 2008 წელს ლამის მთელი მსოფლიო ჩაითრია უდიდეს დაპირისპირებაში, ამიტომაც დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან მისმა სრულმა იზოლირებამ შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში ჩააყენოს საქართველოც და მთელი რეგიონიც. მისასალმებელია, რომ კეთდება განცხადებები ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპაციაზე, მაგრამ ეს არის საქართველოს მხარდაჭერა და არა - სააკაშვილის რეჟიმის. საბედნიეროდ, ამ ხელისუფლების უგუნურებისა და ავანტიურისტული ნაბიჯების მიუხედავად, დასავლეთი საქართველოს მაინც არ წირავს.

- რას იტყვით მაგისტრალური გაზსადენის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე?

- სააკაშვილი ეძებს გზებს რუსეთისკენ და ამ გაზსადენი გაყიდვის შესახებ გაკეთებული განცხადებაც ამის ნაწილია, ანუ ცდილობს თავის გადასარჩენად ახლა ამ აქტივით ივაჭროს მოსკოვთან.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2004 წელთან შედარებით დღეს ამ გაზსადენმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა...

- როგორც ყოველთვის, ახლაც დემაგოგობენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გაზსადენი რუსეთისთვის და "გაზპრომისთვის". მათთვის ძალიან პრინციპულია, მონოპოლისტები გახდნენ ყველა მიმართულებით, თუმცა სამხრეთის მიმართულება მათთვის ჯერჯერობით მიუწვდომელია. ერთადერთი შემაერთებელი ირანის გაზის საბადოებსა და ინფრასტრუქტურასთან არის ეს მაგისტრალური გაზსადენი. გარდა ამისა, ეს გაზსადენი შესაძლოა, საქართველოს სამომავლოდ  გარკვეული პირობების კარნახისთვისაც გამოადგეს. გავიხსენოთ უკრაინა, რომელმაც ეფექტიანად გამოიყენა თავისი სატრანზიტო ფუნქცია და ის ინფრასტრუქტურა, რომლის ხელში ჩასაგდებადაც იბრძვის რუსეთი, სწორედ ამით იყო განპირობებული კრემლის მიერ იანუკოვიჩის მხარდაჭერა.

- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავის დროზე მეტად პრინციპული პოზიცია დაიკავა გაზსადენის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით, დღეს ეს პოზიცია არ ჩანს, რატომ?

- ვერაფერს გეტყვით, ამ საკითხზე ვაპირებ ამერიკის ელჩთან შეხვედრას. თუ დღეს ამერიკის მხრიდან აღარ არის მსგავსი ინტერესი, ეს კიდევ უფრო საგანგაშოა ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის პოზიციის მიჩქმალვას ცდილობს. თუ ამერიკას არ აინტერესებს ეს საკითხი, ეს ნიშნავს, რომ ის მიდის ამ რეგიონიდან, რაც ძნელად დასაჯერებელია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მათი აზრის იგნორირებას ან აშანტაჟებს და ძველებურად ევაჭრება. ადრეც ამბობდნენ, ფული არ გვაქვს,  გაზსადენს ვერ ვუვლითო და ამერიკელებს გამოსძალეს ფული.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე