ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში ვერაფრით მოხერხდა დემოკრატიული კონსტიტუციის შემუშავება...
ახლახან სახელმწიფო კომისიამ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საბაზისო ვარიანტს დაჩქარებული წესით, ანუ როგორც ერთ-ერთმა დეპუტატმა თქვა, "ჩქარი ტაშით" უყარა კენჭი; წინააღმდეგ ხმა მხოლოდ კომისიის სამმა წევრმა მისცა, მომხრე კი 44 გახლდათ.
ამ მეტად აქტუალურ საკითხზე გვესაუბრებიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი.
თენგიზ შარმანაშვილი: "მათი ზღაპრების განხილვას ვერ დავიწყებდით"
-ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით შევეცადეთ, მიგვეღწია ბალანსისთვის ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებს შორის. შესაბამისად გადანაწილდა უფლებამოსილებები პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის. პრეზიდენტს აღარ აქვს უწინდებურად უკონტროლო ბერკეტები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, პარლამენტი სრულიად აკონტროლებს საქართველოს მთავრობას, მთავრობა მის წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ თუ პარლამენტი ვერ შეძლებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას, იგი შეიძლება დაითხოვონ.
-ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის დამყარებისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო. ხელისუფლება მზად არის ამისთვის?
-ეს პოლიტიკური ნება, უპირველესად იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლება დათანხმდა ამ საკონსტიტუციო რეფორმას, დაბალანსებული სისტემის შექმნას, სადაც არის საპარლამენტო რესპუბლიკისთვის დამახასიათებელი ელემენტები. ხოლო თუ მომავალში კანონს უგულებელყოფენ, ამას საერთაშორისო თანამეგობრობა ურეაქციოდ არ დატოვებს.
-თქვენი ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში საპარლამენტო მმართველობის ელემენტების სიჭარბემ, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა კიდევ უფრო გაართულოს...
-ამიტომაც შევჯერდით მართვის შერეულ მოდელზე, სადაც პრეზიდენტი რჩება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საგანგებო ან საომარი ვითარების გამოცხადების შემთხვევაში კი სრულად აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში... ნურავინ წარმოიდგენს, რომ ეს კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება.
-ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის ზოგი მონაწილე შეეწინააღმდეგა კონსტიტუციის პროექტში ჩაწერილ ასეთ ფრაზას: "პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის, ასევე სახელმწიფო ორგანოების გამართული საქმიანობის გარანტია"...
-მათ ეჭვი გამოთქვეს, რომ ბოლო ფრაზა, რომელიც სახელმწიფო ორგანოების გამართულად საქმიანობას ეხებოდა, შესაძლოა, თანამდებობის ბოროტად გამოყენების საფუძველი გამხდარიყო, ჩვენ კი ეს შენიშვნა გავითვალისწინეთ.
-რატომ ვერ მოახერხეთ აქტიური თანამშრომლობა იმ საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან, სადაც არაერთი ცნობილი იურისტი შედიოდა?
-ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ვართ, მაგრამ ზოგმა რეფორმათა განხორციელების პროცესში ჩართვაზე უარი თქვა. ჩვენი კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა პირველივე სხდომაზე თქვა, რის გაკეთებას ვაპირებდით, სიახლე არაფერი ყოფილა. ეს ბოლოს გაუჩნდა ზოგს იდეები, უფრო მეტიც, კონსტიტუციონალიზმისთვის მიუღებელი იდეებიც კი წამოაყენეს, უნდოდათ, კონსტიტუციაში აკრძალვები შეგვეტანა, რაც ბერლინის კონფერენციის მონაწილე უცხოელი ექსპერტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ოპოზიციონერებს ერთსაც შევახსენებ: განა მათ მიერ მიღებულ "საგურამოს მანიფესტში" საპარლამენტო რესპუბლიკაზე არ იყო ლაპარაკი? საპარლამენტო რესპუბლიკაზე საუბრობდნენ საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებიც. ასე რომ, საოცრება არაფერი მომხდარა, ჩვენ მათი ზღაპრებისა და არაკონსტიტუციური წინადადებების განხილვას ვერ დავიწყებდით.
-რომელ პარტიას ჰქონდა ასეთი შეთავაზება?
-ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებს", რასაც ექსპერტებმა არასერიოზული უწოდეს. ჩვენც იმავეს ვამბობთ, მაგრამ ხომ იცით, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.
ზაქარია ქუცნაშვილი:
"ისეთივე უპასუხისმგებლო პრემიერს მივიღებთ, როგორიც პრეზიდენტი გვყავს!"
-საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტი არც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია და არც საკანონმდებლოსი, მაგრამ რეალურად, იმის გამო, რომ მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება 2004 წლის თებერვლის კონსტიტუციური ცვლილებებით, თავს უფლებას აძლევს, დაწერილი და დაუწერელი კანონებით მართოს ქვეყანა. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები კი, რომელსაც სახელმწიფო კომისიამ ახლახან უყარა კენჭი, პოლიტიკურ ძალაუფლებას პრეზიდენტის ხელიდან პრემიერ-მინისტრის ხელში გადაიტანს, მაგრამ იმის გამო, რომ საპარლამენტო ოპოზიციას ბერკეტები არ მისცეს მთავრობის საქმიანობის გასაკონტროლებლად, ჩვენ ისეთივე უპასუხისმგებლო პრემიერს მივიღებთ, როგორიც პრეზიდენტი გვყავს.
-თენგიზ შარმანაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ექსპერტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვითონ ითხოვდნენ ქვეყნის მართვის საპარლამენტო მოდელზე გადასვლას.
-საპარლამენტო მოდელზე გადასვლა პრეზიდენტის პოსტის არსებობას არ გამორიცხავს. სწორედ თავისი ზრახვების შესანიღბად იყენებენ ისინი სიტყვა "შერეულს", ისიც სიცრუეა, თითქოს პარლამენტის როლი ძლიერდება.
ამ კომისიის წევრებს საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირებთან: მინდია უგრეხელიძესთან, ვახტანგ ხმალაძესთან, ვახტანგ ძაბირაძესთან და სხვებთან ურთიერთობა სჭირდებათ იმისთვის, რომ ე.წ. საკონსტიტუციო რეფორმებს მეტი ლეგიტიმურობა შესძინონ და არა მათი შენიშვნების გასაზიარებლად.
-ეს საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო ექსპერტებმაც განიხილეს. თქვენი ინფორმაციით, გაითვალისწინეს მათი შენიშვნები?
-განა, გინახავთ საერთაშორისო ექსპერტების გამოქვეყნებული დასკვნა? დემეტრაშვილი ადასტურებს, რომ ბერლინში ერთ-ერთმა ექსპერტმა საქართველოში რუსული მოდელის შესაძლო განმეორებაზე ისაუბრა.
ოღონდ დასძენს: არ მახსოვს, სიტყვა პუტინიზაცია ითქვა თუ არა, მალე სტენოგრამას ჩამოვიტანთო. განა პუტინის ხსენების გარეშე არ შეიძლება ძალაუფლების მიტაცება? თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს კომისია მხოლოდ ფორმალურ ფუნქციას შეასრულებდა სააკაშვილის ძალაუფლების გასახანგრძლივებლად. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობას გაიყვანს, რომელიც მას პრემიერად აირჩევს. შემდეგ კი, მეტი უფლებებით შეუდგება ქვეყნის მართვას იმავე რეზიდენციიდან.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)