"შესაძლოა, ამ ცვლილებებს სააკაშვილის გაპრემიერება ან პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მოჰყვეს"

"შესაძლოა, ამ ცვლილებებს სააკაშვილის გაპრემიერება ან პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მოჰყვეს"

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი პეტრე მამრაძე გვესაუბრება:

- ახლახან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხარი დაუჭირა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში მკვეთრ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს...

- მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი შესანიშნავი იურისტია, რეალურად კომისიის შექმნის მთავარი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის მართვის სადავეების შენარჩუნება გახლდათ, რაც ბოლოდროინდელმა პროცესებმაც დაადასტურა. მმართველმა ელიტამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებიდან წასვლას მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოჰყვება, იმდენი რამ აქვს ჩადენილი.

ქვეყნის მთავარ კანონში - კონსტიტუციაში შეტანილ იმ ცვლილებებს, არ არის გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება ან პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მოჰყვეს, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების ამ ორივე შტოს როლი იზრდება. საფრანგეთში ყოფნისას გაზეთ "ლე მონდისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ პრემიერობაზე ნაფიქრი აქვს, რასაც საოცარი ფრაზა მიაყოლა:

ჩვენ ხომ ისიც არ ვიცით, რა დღეში იქნება საქართველოს ეკონომიკა 3 წლის შემდეგო... და ეს მაშინ, როცა ქვეყნის საგარეო ვალი კატასტროფულად იზრდება, 2013 წლისთვის კი მისი მომსახურება 800 მილიონ დოლარს მიაღწევს... ასე რომ, დღევანდელი ხელისუფლება ყველა აკრძალული თუ დასაშვები მეთოდით ეცდება, შეინარჩუნოს სრული კონტროლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

- თბილისში ვიზიტისას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა თქვა: მხოლოდ სიტყვა "ოკუპაციის" ხმარება არაფერს ცვლის, პალესტინის ტერიტორიების მიმართ ამ ტერმინს დიდი ხანია ვიყენებთ, მაგრამ არაფერი იცვლებაო... თქვენ იმ ოთხ პოლიტიკურ ლიდერს შორის იყავით, ვინც კუშნერს შეხვდა, რა იყო ამ შეხვედრის მთავარი თემა?

- ჩემმა კოლეგებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ მძიმე ვითარებაზე, არასამართლიან საარჩევნო გარემოზე, მედიის პრობლემებზე... მე და რამდენიმე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყურადღება გავამახვილეთ კონფლიქტების მოგვარების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებზე და რუსეთთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე.

არ დავარღვევ დიპლომატიურ ეტიკეტს და თავს შევიკავებ კუშნერის ციტირებისგან, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემი მოსაზრება დაემთხვა საფრანგეთის პირველი დიპლომატის საჯარო განცხადებებს, მან ოთხჯერ თქვა, რომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. ძალიან მრავლისმეტყველი და კატეგორიული გახლდათ კუშნერის ფრაზა, რომლითაც მან ხელისუფლებას მიმართა: ოპოზიციას სამოქმედოდ, სამოღვაწეოდ მინიმალური პირობები მაინც უნდა ჰქონდესო, აქედან კარგად ჩანს, რა წარმოდგენა აქვს საფრანგეთის ხელისუფლებას ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაზე.

- განსხვავდებოდა იმ პოლიტიკოსების წრე, ვისაც ჰილარი კლინტონი და შემდეგ - ბერნარ კუშნერი შეხვდა. გამოითქვა მოსაზრება: ამ შეხვედრაზე იმიტომ მიიწვიეს, რომ კარგად იცნობს ფრანგულ კულტურას, ისტორიას, ენასო...

- არა მგონია. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, 14 წელიწადი მთავრობის კანცელარიის უფროსი ვიყავი, რაც რეკორდია. კარგად ვიცი, რომ ასეთი მაღალი დონის შეხვედრებზე მოწვევა სრულებით სხვადასხვა ნიშნით ხდება, გააჩნია, რა მიზანი აქვს შეხვედრას. მაგალითად, შარშან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა რადიკალური ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც რუსთაველის გამზირი საკნებით გადაკეტა, რათა ეთქვა, რომ შეერთებული შტატები ამგვარ პროცესებს მხარს არ დაუჭერს... ასე რომ, ამ შეხვედრაზე მიმიწვიეს როგორც პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენელი, ბატონი ნოღაიდელი იმ დროს თბილისში არ გახლდათ.

- ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ბერნარ კუშნერის ფრაზა, რომელიც მან პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელ ხათუნა კალმახელიძეს უთხრა: თქვენთან ერთად დიდი სიამოვნებით დავისვენებდი ერთი კვირით ბათუმშიო... როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე კუშნერმა?

- გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბერნარ კუშნერი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწეა, მას კარგად იცნობდნენ ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე.

კუშნერი ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის "მედიკოსები საზღვრებს გარეშე" ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც გმირულად მუშაობდა და მუშაობს ცხელ წერტილებში, მათ შორის, აფხაზეთში. სწორედ კუშნერი გახლდათ გორში გახმაურებული ინციდენტისას, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ცაში თვითმფრინავის გამოჩენისთანავე სამარცხვინოდ გაიქცა. გაოგნებულმა კუშნერმა მაშინ იკითხა:

სად და რატომ გარბის ეს ადამიანიო?! ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ფრანგი მინისტრის გორიდან სასწრაფო გაყვანა დააპირეს, რაზეც მან კატეგორიული უარი თქვა: გორში კიდევ როდის მოვხვდები, არ ვიცი, ამიტომ აუცილებლად უნდა ვნახო იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი და ძეგლიო. ფრანგულ კულტურას მართლაც კარგად ვიცნობ და შეიძლება ვთქვა, რომ კუშნერის სიტყვები, რომელიც მან ხათუნა კალმახელიძეს უთხრა, ნამდვილი ფრანგული კომპლიმენტია და სხვა არაფერი.

- რუსეთთან უპირობო დიალოგის დაწყების თაობაზე გავრცელებული განცხადების შემდეგ პრეზიდენტმა აღნიშნა: პუტინს არაერთხელ ვუთხარი, რომ მე შეიძლება საქართველოს უკანასკნელი ან ბოლოსწინა პრეზიდენტი აღმოვჩნდე, რომლისთვისაც რუსული კულტურა და ენა ახლობელიაო... თქვენი აზრით, შესაძლებელია რუსულ-ქართული ურთიერთობების დათბობა?

- სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებლად მიმაჩნია. მთავარია, რა კონტექსტში თქვა მან ეს ფრაზა. მან ჯერ რუსეთი მისთვის ჩვეული აგრესიული მანერით გალანძღა და შემდეგ თქვა ეს ფრაზა, თუმცა იქვე გაანეიტრალა: დიალოგის მთავარი თემა დეოკუპაციის საკითხი უნდა იყოსო. აღსანიშნავია, რომ თავიდანვე, ჟენევის მოლაპარაკებების დაწყებამდე, სააკაშვილმა ოთხი პირობა-ულტიმატუმი წაუყენა რუსეთს:

უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან, უზრუნველყოს ყველა ლტოლვილის უსაფრთხო დაბრუნება და კონფლიქტის ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება. თუ მოსკოვმა ეს ყველაფერი შეასრულა, დიალოგი რაღა საჭიროა?!

ამაზე ნაპოლეონ ბონაპარტეს წერილი მახსენდება, რომელიც მან მოსკოვის აღების შემდეგ კრემლიდან გაუგზავნა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს და რომელიც ასე იწყებოდა: "ჩემს ძმას, იმპერატორ ალექსანდრეს" და სადაც იოტისოდენა ულტიმატუმიც არ იყო. სააკაშვილმა კი ყველაფერი აბსურდის თეატრს დაამსგავსა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე წელიწად-ნახევარია, ვამბობთ, რომ ოპოზიციის გაერთიანება ვინმეს ახირება კი არა, აუცილებლობაა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე