ავტორი:

"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

"მის საქმეში რომ ჩაეხედა, პრეზიდენტს წესით არ უნდა შეეწყალებინა" - ადვოკატი და იურისტები პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანი და 8 ქალია.

შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძის აღმოჩენამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილების ტალღა ააგორა. უფლებადამცველების ნაწილი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტები ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილებას გაუგებარსა და სამარცხვინოს უწოდებენ.

2015 წლის 18 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე 22 წლის პოლიციის ოფიცრის, თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ძალაში დატოვა სამივე ინსტანციის სასამართლომ.

საქმის მასალების მიხედვით, 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ "ვეგასში" მუკბანიანი მისივე ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა" ავრცელებს ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის დეტალების შესახებ, რომლის მიხედვითაც, კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამავე საქმისთვის მსჯავრდებულმა, ვინმე ბესიკ მამულაძემ კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს დაუწყო შევიწროვება, ხოლო პოლიციელმა თარაშ მუკბანიანმა დამშვიდება სთხოვა. ამით გაღიზიანებული არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამულაძე და მასთან ერთად მყოფი დევაძე თავს დაესხნენ და 5-6 წუთის განმავლობაში დაუნდობლად სცემდნენ მუკბანიანს, დევაძემ პოლიციელს წაართვა კუთვნილი ტაბელური იარაღი და თავის არეში გასროლით ადგილზე მოკლა.

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" ხელმძღავნელი ზაზა ჭაია AMBEBI.GE-თან საუბარში ამბობს, რომ მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება ფაქტი, როდესაც განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტს სრულად შეეწყალებინოს:

"პირი გასამართლებულია განზრახ მკვლელობისთვის, ამ დანაშაულმა შეძრა არა მხოლოდ შსს, არამედ მთელი საქართველო. მოკლეს 22 წლის ვაჟკაცი თავისივე ტაბელური იარაღით. მაშინ გულზე მჯიღის ცემით ამბობდნენ, რომ მკვლელს დასჯიდნენ სამაგალითოდ და ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულს იწყალებს ხუთ წელიწადში, როდესაც მას მისჯილი ჰქონდა 12 წელი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ასეთი რამ არ გამიგია, რომ მისჯილი ჰქონდეს განზრახ მკვლელობისთვის პირს და მას იწყალებდნენ სრულად. თავი რომ დავანებოთ გარდაცვლილის ასაკს, მის პროფესიას, აუხსნელია ეს ნაბიჯი, რამ გადააწყვეტინა მას ამის გაკეთება", - აცხადებს ზაზა ჭაია.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას მისი პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკაც მოჰყვა.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მისთვის გაუგებარია.

"ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

"ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი შემთხვევა. 2 შვილის მამა, პოლიციის 22 წლის თანამშრომელი მოკლა "კანონიერი ქურდის" ლავასოღლის წარმომადგენელმა, რომელიც საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოიწვია. როცა პოლიციელი გამოესარჩლა მანდილოსანს, მისივე ტაბელური იარაღით მოკლა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელმა. შემდეგ ჩვენ გვახსოვს, როგორ აპარებდა მთავრობა ამ მკვლელს საზღვარზე, მან საზღვარი გადაკვეთა და იქ შემთხვევით მყოფმა მოკლული პოლიციელის თანამშრომლებმა დააკავეს ნეიტრალურ ზონაში. 4 წლის შემდეგ მკვლელი გათავისუფლებულია. საქართველოს ჰყავს სრულიად სამარცხვინო და თავისმომჭრელი პრეზიდენტი", - განაცხადა კანდელაკმა.

პრეზიდენტის მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

"საიდან იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა ამ ადამიანის შესახებ, ვიღაცამ ხომ მიაწოდა ინფორმაცია? ეს არის უაღრესად სკანდალური საქმე და მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა კრიმინალი, თანაც პოლიციელის მკვლელი გაათავისუფლა. როგორ შეიძლება არ ეკითხა რას აკეთებდა?! მისი მოქმედების მოტივი არის ორი რამ - კორუფცია და ვიღაცებმა შეაჩეჩეს შეწყალებისთვის ეს ადამიანი, ან ხელისუფლების მიერ ამ ადამიანის მფარველობა სხვადასხვა მიზნით. მიზანი ყოველთვის ერთია საქართველოში, ეს არის ძალაუფლების შენარჩუნება. არ არის გამორიცხული რაღაც გარიგება იყოს იმ ადამიანებთან, რომელიც ამ კრიმინალების ზურგს უკან დგას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა გოცირიძემ.

AMBEBI.GE დაუკავშირდა რამაზ დევაძის ადვოკატს პაატა შავაძეს. მისი განცხადებით, სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებამ გამოიწვია. ადვოკატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიიღო.

"იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციამ რამაზ დევაძე დამნაშავედ სცნო, ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას და არც ახლა ვეთანხმებით. ძალიან გამკვირვებია ის აჟიოტაჟი, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა დევაძე, ის ხომ დამნაშავე იყოო. დიახ, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს, რომლებიც დამნაშავეები არიან. ეს არის შეწყალების არსი. ის არ იყო დამნაშავე განზრახ მკვლელობაში, მაგრამ რადგან გარდაცვლილი იყო პოლიციელი და სენსიტიური თემა იყო, ამიტომ მას მიუსაჯეს განზრახ მკვლელობისთვის. სინამდვილეში საქმე ეხებოდა გაუფრთხილებლობით მკვლელობას, ჩვენ ამას ვასაბუთებდით, მაგრამ არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები. დევაძეს არ სურდა მისი მოკვლა, მოკვდა ის გაუფრთხილებლობით. მე ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს, ოთხი წელი და რამდენიმე თვე აქვს მოხდილი და უნდა მოეხადა 12 წელი. მაჩვენონ ნორმა, რომლითაც ეკრძალება საქართველოს პრეზიდენტს 108, 109-ე მუხლით მსჯავრდებული პირების შეწყალება, მას აქვს ეს უნივერსალური უფლება და იყენებს კიდეც. ეს გადაწყვეტილება იყო სრულიად კანონიერი", - აღნიშნა პაატა შავაძემ.

ჩვენ დავუკავშირდით გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრებს. მათ საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, თუმცა დევაძის გათავისუფლებით გამოწვეული უკმაყოფილება არ დაუმალავთ.

ზოგადად, შეწყალების თემა პერიოდულად აქტიურდება და ბევრს საუბრობენ სისტემის ხარვეზებთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ სისტემა დასახვეწია და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. იურიდიული მომსახურების ცენტრის - "სი ელ ეს"-ის თანადამფუძნებელი, ადვოკატი ეკა ლომიძე AMBEBI.GE-სთან შეწყალების სისტემის პრობლემებზე საუბრობს.

"არსებობს კონკრეტული რეგულაციები შეწყალების შესახებ, თუმცა განმარტებები არის ძალიან ზოგადი. იქვე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო განმარტება, რომ პრეზიდენტს შეუძლია ყველანაირი პროცედურის გვერდის ავლით შეიწყალოს ესა თუ ის მსჯავრდებული, მას შეუძლია არ დაეთანხმოს და საერთოდ არ გაითვალისწინოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება. ეს საკითხი წლებია დგას და ამბობენ რომ, ეს არის ჰუმანური აქტი პრეზიდენტის მხრიდან და საკანონმდებლო ხელისუფლება ამბობდა უარს დამატებითი კრიტერიუმების დაწესებაზე. ერთი შეხედვით თითქოს არის გაწერილი კრიტერიუმები შეწყალების, თუმცა როდესაც ვხვდებით ჩანაწერს, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს მსჯავრდებული, ეს აქარწყლებს ყოველგვარ რეგულაციას. საკანონმდებლო ცვლილებები იწყება იმის შემდეგ, როდესაც რაღაც კატასტროფა მოხდება. მანამდეც ვამბობთ, მაგრამ არავინ გვისმენს. ამ ბოლო დროს ისე გაამკაცრეს შეწყალების საკითხი, სიტუაციის გამო, რომ უკვე შესაძლოა სამართლიანად შესაწყალებელ პირს არ იწყალებენ. მათ შორის შშმ პირებს, რომელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის რისკი ფაქტობრივად არ არსებობს. ვვარდებით მეორე უკიდურესობაში. არ ხდება სათანადოდ ისტორიების შესწავლა, ან უგულისყუროდ იწყალებენ, ვეფხიას (თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ვეფხია ბაქრაძე) უთხრეს უარი რამდენჯერმე, მის საქმეში რომ ჩაეხედა პრეზიდენტს, წესით ის არ უნდა შეეწყალებინა, ჰქონდა ადმინიტრაციული დარღვევები საპატიმროში...", - აცხადებს ეკა ლომიძე.

უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სამართლებრივად პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებაში შეზრუდვების დაწესება, არასწორი იქნება და არასწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, მხოლოდ პერსონალურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება საუბარი.

"თუ პრეზიდენტი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისთვის იქნება მიუღებელი, ეს იქნება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დებულებით იურიდიულად პრეზიდენტს ვერ შეზღუდავ, რადგან კონსტიტუციაში რაც არის გაწერილი, იმის საწინააღმდეგოდ ვერც დებულება და ვერც კანონი ვერ იმოქმედებს", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

"ჩემი ძმის გატაცების საქმეშიც ფიგურირებდა ცნობილი სპორტსმენი..." - 25 წლის წინ მომხდარი ტრაგედია, რომელიც ოჯახს შაქარაშვილის საქმემ ხელახლა გაახსენა

"ექსპერტის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა" - შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის ადვოკატი

თბილისში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა