ავტორი:

რას მალავდა ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში - იულონ გაგოშიძე ახალი აღმოჩენის შესახებ

რას მალავდა ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში - იულონ გაგოშიძე ახალი აღმოჩენის შესახებ

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კახეთის რეგიონში, ალაზნის ველზე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, ძვ.წ მე-5 მე-4 საუკუნეების სასახლის ნაშთები აღმოაჩინა.

ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი და არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე AMBEBI.GE-ს უყვება, რომ შენობა სპარსელთა აქემენიანთა იმპერიის პერიოდის უნდა იყოს, რომელმაც ძვ.წ. 330 წლამდე იარსება, ვიდრე ალექსანდრე მაკედონელი დაამხობდა (აქემენიანების იმპერია, დიდი სპარსული იმპერია - ძველი სახელმწიფო, რომელიც წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 წელს, გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო).

მეცნიერთა ვარაუდით, ამ პერიოდში კახეთის რეგიონი აქემენიანთა იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო.

არქეოლოგებმა ალაზნის ველის აღმოჩენებზე მუშაობა 25 წლის წინ დაიწყეს. იულონ გაგოშიძე იხსენებს, რომ გათხრების დაწყებიდანვე კედელი და სვეტების ბაზისები აღმოაჩინეს, რამაც არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო.

მან გვიამბო ყველა იმ დეტალის შესახებ, რასაც ალაზნის ველი საუკუნეების განმავლობაში მალავდა და ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი...

"ჯერ კიდევ 1994-1995 წლებში ქართულ-გერმანული ექსპედიცია კიაზო ფიცხელაურის და ჩემი მონაწილეობით მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის მიწებზე. ამ მიწებზე მდებარეობს „ნაომარი გორა“, რომლის მახლობლად გავთხარეთ ძვ.წ მე-5 სუკუნის სასახლის 30 მეტრის სიგრძის ერთი კედელი. დანარჩენი დანგრეული დაგვხვდა...

სამწუხაროდ, ამ ტერიტორიაზე ბულდოზერით უმუშავიათ, რის შედეგადაც კედლის ნაწილი განადგურდა. გათხრებისას სვეტების ბაზისებიც აღმოვაჩინეთ, ბაზისები გამოფენილია სიღნაღის მუზეუმში", - გვიამბობს იულონ გაგოშიძე.

ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტის თქმით, 1995 წელს ალაზნის ველზე არქეოლოგიური სამუშაოები შეწყდა. "იმედი აღარ გვქონდა, რომ რამეს ვიპოვნიდით" - დასძენს გაგოშიძე.

სამუშაოები 2017 წელს, მიუნხენის უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ჯგუფთან ერთად განახლდა.

"მათ გადაწყვიტეს, რომ აქ სხვა ნაგებობებიც მოეძებნათ, რადგან სავარაუდოდ, მინდორში ცალკე სხვა ასეთ სასახლეს არ აშენებდნენ. ამის გამო მიუნხენის უნივერსიტეტიდან ჯერ 2017 წელს ჩამოვიდნენ, შემდეგ 2018 წელს და ამ ტერიტორიაზე გეოფიზიკოსებმა გეომაგნიტური და გეოფიზიკური დაზვერვები ჩაატარეს.

ის სამუშაო შედეგიანი იყო, ამიტომ წელს გასათხრელად განვაახლეთ მუშაობა. გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე, სადაც სასახლე აღმოვაჩინეთ, მცირე მასშტაბის გათხრები ჩაგვეტარებინა. ეს სასახლე ქუმბათის სასახლის სახელით შევიდა ისტორიაში.

გამოჩნდა ქვაფენილიანი გზა, რომელიც როგორც ჩანს, სასახლისაკენ მიდიოდა. ამ დროს გავიგეთ, რომ ამ ადგილის მახლობლად, სოფელ ჯუგაანის სოფლის სახნავ-სათეს ტერიტორიაზე (ამ ადგილს სააქლემე ჰქვია) შემთხვევით აღმოჩენილა კვეთილი ჩუქურთმებით შექმნილი არქიტექტურული დეტალი, როგორც ჩანს სვეტის კაპიტელი, რომელიც ახლა მოქალაქე ზურაბ შიუკაშვილის ეზოში ინახება, ტერიტორია კი, სადაც კაპიტელი აღმოჩნდა, ეკუთვნის გელა ზედელაშვილს“, - უყვება AMBEBI.GE-ს არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი.

იულონ გაგოშიძე იხსენებს, რომ გელა ზედელაშვილის მიწის ნაკვეთზე ჩატარებული დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ მიწის ზედაპირიდან ძალიან ახლოს უნდა ყოფილიყო ძველი ნაგებობების ნაშთები.

"ხვნა-თესვა ამას დააზიანებდა და საბოლოოდ მოსპობდა, ამიტომ საჩქაროდ დავწერე წერილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის სახელზე, რომ ძეგლის გადასარჩენად იქ აუცილებელია სასწრაფო გათხრების ჩატარება. გათხრის ნებართვა მივიღეთ და 2019 წლის 5 აგვისტოდან 22 აგვისტომდე ამ ადგილას არქეოლოგიური სამუშაოები ჩავატარეთ...

აღმოვაჩინეთ 1 ჰექტარზე განფენილი, სავარაუდოდ, ნახანძრალი ნაგებობის ნაშთები. ასევე, არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა რთული გეგმარების ნაგებობა - სასახლის ცენტრალური ექვსსვეტიანი დარბაზი

1,5 მეტრი სისქის კედლები ალიზის აგურითაა ნაგები. დარბაზის ხის სვეტები, კირქვის ზარისებრი ფორმის ბაზისებს ეყრდნობა. ასევე, გამოვლინდა ალიზის აგურის ნაშენები კვადრატული პოდიუმი, რომელზეც სავარაუდოდ, ტახტი ან საკურთხეველი უნდა მდგარიყო" - აღნიშნავს იულონ გაგოშიძე.

ბაზისების ზარისებრი ფორმა, ისევე როგორც ამავე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი არქიტექტურული დეტალი არქეოლოგებს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ეს ნაგებობა აქემენიდური ხანისაა.

"ბაზისები, ისევე როგორც ის პირველი არქიტექტურული დეტალი შემკულია კვეთილი ორნამენტით. ეს ორნამენტი ე.წ ლოტოსის ორნამენტია. ლოტოსის ყვავილი ძველი ეგვიპტიდან მოდის, შემდეგ ირანელებმა აითვისეს, სპარსეთიდან კი საქართველოშიც გავრცელდა. მოგეხსენებათ, რომ ძვ.წ მე-6 საუკუნეში შეიქმნა დიდი იმპერია და არსებობდა იქამდე, სანამ ალექსანდრე მაკედონელმა არ დაამხო.

ამ პერიოდში, მთელი მსოფლიო ფაქტობრივად, ერთიან პოლიტიკურ არეალში გაერთიანდა და ჩვენი საქართველო, რომელსაც ბერძნები კოლხეთის სახელით იცნობდნენ, ამ სისტემაში იყო ჩართული. ჩვენს სახელმწიფოს ამ იმპერიასთან ძალიან დიდი გავლენა და ძალიან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა

ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში სამხრეთი და აღმოსავლეთ ნაწილი პირდაპირ იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. როგორც ჩანს, კახეთიც მის შემადგენლობაში მოხვდა. ალაზნის ველზე აღმოჩენილი ნაგებობა კი აქემენიანთა ნამუშევარი უნდა იყოს.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ასეთი ნაგებობა დღეს საქართველოში ერთადერთია და რამდენადაც ეხება აქემენიანთა იმპერიას, საყურადღებოა არამარტო ქართული ისტორიისთვის, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და დანარჩენი ქვეყნებისთვის" - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში იულონ გაგოშიძე.

მეცნიერი გვიამბობს, რომ მას ხშირად ეკითხებიან, 2400 წლის წინანდელ სასახლეში აღმოჩენილია თუ არა ნივთები. იულონ გაგოშიძის თქმით, ეს იყო დარბაზის ტიპის შენობა, სადაც სავარაუდოდ, მიღებები იმართებოდა, ამიტომ იქ ნივთები არ უნდა ყოფილიყო.

აღმოჩენა სპეციალური პლასტიკის პარკით დაფარეს, მიწა დააყარეს და მიიღეს პირობა, რომ აქ მიწათმოქმედება შეჩერდება. მომავალ წელს კი სავარაუდოდ, აქ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება. ამის შემდეგ გამოჩნდება, კიდევ რას მალავს ალაზნის ველი...

ხვალიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

როგორ გამოიყურება ვილა თბილისში, რომელიც 12 მილიონ ლარზე მეტი ღირს

ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"