ავტორი:

"პუტინი ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა" - ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

"პუტინი ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა" - ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ბესლანის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა. როგორც რუსული მედია წერს, დღემდე არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხის გაცემაც ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. 2004 წლის 1 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანის N1 სკოლაში ტერორისტთა დაჯგუფება შეიჭრა და 1128 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათი უმეტესობა ბავშვი იყო...

მძევლებმა სამი დღე-ღამე წყლისა და საკვების გარეშე გაატარეს. ამის შემდეგ რუსულმა სპეცსამსახურებმა შტურმი წამოიწყეს. შედეგად 334 ადამიზნი დაიღუპა, მათ შორის - 186 ბავშვი. ამ მოვლენების შედეგად 783 ადამიანი დაშავდა.

novayagazeta.ru-ს ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის შს მინისტრს, ნურგალიევს ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრციულ საზღვარზე მდებარე ბესლანის სკოლაზე ტერორისტთა თავდასხმა იგეგმებოდა. ამასთან, იმ დღეს ბესლანის სკოლას პრაქტიკულად მოუხსნეს დაცვა, რათა რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვლადიმერ ძასოხოვს იმ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გაევლო. სკოლას მხოლოდ ერთი ადამიანი, დაცვის თანამშრომელი უიარაღო ქალი იცავდა, რომელიც ასევე მძევლად აიყვანეს.

ფოტო: EPA
ფოტო: EPA

1-ელი სექტმებრის ღამეს, მას შემდეგ, რაც სკოლის შენობაში ასობით მძევლის აყვანის შესახებ გახდა ცნობილი, ბესლანში ФСБ-ს დირექტორის მოადგილეები, ვლადიმერ პრონიჩევი და ვლადიმერ ანისიმოვი, ასევე, ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმების Альфа-სა და Вымпел-ის ხელმძღვანელი, გენერალი ალექსანდრე ტიხონოვი ჩავიდნენ. მათ, ოს მაღალჩინოსნებთან ერთად, ტერორისტებთან მუშაობის საკითხი ითავეს და მუშაობას შეუდგნენ, თუმცა, შემდეგ მძევლების ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ იმდენად ხისტად და არაპროფესიონალურად მუშაობდნენ, რომ 2 სექტემბერს, ტერორისტებთან მოსალაპარაკებლად, სკოლაში ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი, რუსლან აუშევი შევიდა - მან 24 მძევლის გათავისუფლება შეძლო.

"საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მომლაპარაკებლად აყვანილ ზანდიონოვს მათთან კონტაქტი არ ჰქონია. ძასოხოვი, აუშევი და გავლენიანი ინგუში ოლიგარქი მიხეილ გუცარიევი, რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, ჩეჩნური დაჯგუფების წარმომადგენლებს აჰმედ ზაკაევსა და ასლან მასხადოვს (რომელიც მაშინ დამოუკიდებელი იჩქერიის პრეზიდენტი იყო და ФСБ-სგან იდევნებოდა) დაუკავშირდნენ და ტერორისტებთან მოლაპარაკებების წარმოება სთხოვეს. თავის მხრივ მათაც თანხმობა განაცხადეს, ოღონდ იმ შემთხვევში, თუ ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლება ვერ შეიტყობდა. 3 სექტემბერს დილით, მძევლების ოჯახის წევრებს ძასოხოვმა მიმართა და უთხრა, რომ "მოლაპარაკებას ახალი სახე უნდა მისცემოდა"...

ფოტო: Itar-Tacc

იმავე დღეს, ზუსტად ერთ საათში ბესლანის სკოლაში ორი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც შეიარაღებული ოპერაციაც დაიწყო. ოფიციალური გამოძიების მტკიცებით, ეს იყო ტერორისტების მიერ დარბაზში დამონტაჟებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მათ ამ მასშტაბის ასაფერთქებლები არ ჰქონდათ. ტერორისტების მიერ დამონტაჟებული ასაფეთქებელი ნივთიერებები გაცილებით გვიან, მას შემდეგ აფეთქდა, რაც სკოლის შენობაში ცეცხლი გაჩნდა... ამის შესახებ რუსეთის ოფიციალური გამოძიება, რასაკვირველია, დუმს", - წერს გამოცემა.

მოგვიანებით, ადგილობრივმა ექსპერტმა იური საველიოვმა განაცხადა, რომ ეს იყო "Шмель" და ქვეითთსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნი, რომელიც რუსეთის სპეცდანიშნულების შეიარაღებაში შედიოდა. დამოუკიდებელი ექსპერტების კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ მძევლები პირველივე გასროლის შედეგად დაიღუპნენ.

ფოტო: EPA
ფოტო: Global Look Press

"კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ამკვიდრდებდა აზრს, რომ პირველი გასროლის შემდეგ ტერორისტებმა მძევლებს ზურგში ესროლეს, თუმცა ეს ინფორმაცია არ დასტურდება, თუნდაც იმიტომ, რომ იდენტიფიკაციისთვის, დაღუპულების სხუელიდან ტყვია არ ამოუღიათ და არც ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებულა.

ასევე, პირველი აფეთქების შემდეგ სკოლის შენობაში ხანძარი არ გაჩენილა. ხანძარი მხოლოდ ორმხრივი სროლისას გაჩნდა. მის ჩასაქრობად ადგილობრივი მეხანძრეები არ მიუშვეს და ის 58-ე არმიის სამხედროებს ჩააქრობინეს. თანაც ხანძრის გაჩენიდან 4 საათის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც ცეცხლმა ყველანაირი, მათ შორის სროლების მიმართულებების კვალი და მძევლების ცხედრები გაანადგურა. 116 მძევლის ცხედარი სპორტდარბაზში მთლიანად დამწვარი იყო, ისე, რომ ექსპერტიზამ მათი სიკვდილის მიზეზის დადგენა ვერ შეძლო, რადგან ვერ გაარკვიეს ტყვიით დაიხოცნენ, აფეთქებისგან თუ ხანძრისგანს", - წერს novayagazeta.ru, რომლის ცნობითაც, ინფრომაცია, იმის შესახებ, რომ პირველი აფეთქება ძალოვანი უწყებებისთვის მოულოდნელი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება, მათ ამ ქმედებებით, მასხადოვის ჯგუფის ჩარევას დაასწრეს და ამიტომაც გაისროლეს.

ფოტო: ილია აზარი, "მედუზა"
ფოტო: ილია აზარი, "მედუზა"

ინტერნეტ-პორტალ "მედუზას" ერთ-ერთი ავტორი, ელა კესაევა გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ზარინა სკოლიდან ცოცხალი გამოვიდა. მან უამრავი უსამართლობა ნახა იმ დღეებში და შემდეგაც, რის გამოც დააფუძნა ორგანიზაცია "ბესლანის ხმა" და იმ დღეებში დაზარალებულთა უფლებებზე, ФСБ-ს დევნის მიუხედავად, მუშაობს. მისივე თქმით, "პუტინი ბესლანის ჯალათია, რომელმაც ძალაუფლების გამო, ასობით ადამიანი გაწირა".

მასთან საუბარში, ერთ-ერთი დაზარალებული, სვეტლანა მარგიევა ამბობს, რომ 2004 წლის სექტემბერში ის თავის ქალიშვილთან ერთად იმავე სპორტდარბაზში მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

"გარედან ისეთი ხმები შემოდიოდა, თითქოს პუტინი ყველაფერს აკთებდა ჩვენს დასახმარებლად. ბავშვები კითხულობდნენ, - ხომ გადაგვარჩენენო. ამასობაში კი, სროლები დაიწყო და ჩემი ქალიშვილი ხელში ჩამაკვდა. ჩვენმა ხელისუფლებამ, ხელიც არ გაანძრია, რომ ჩვენი შვილები გადაერჩინა. მეტიც, პუტინმა ძალაუფლება ჩვენი შვილების სისხლით გაიმყარა", - ამბობს მარგიევა.

ფოტო: სერგეი ჟუკოვი, ТАСС

15 წელი, 2 საგამოძიებო კომისია, 2 სახელმწიფო გამოძიება, 2 სასამართლო პროცესი და არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აპირებს დანაშაულის აღიარებას. ბესლანში ამას არ ივიწყებენ და არც პატიებას აპირებენ.

ტელეკომპანია დოჟდის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი 15 წლის განმავლობაში ტერაქტის წლისთავზე ბესლანში არცერთხელ არ ჩასულა. პრეზიდენტი თავს არიდებს შეხვედრას ხალხთან, რომელთა ოჯახის წევრებიც ჩეჩნეთის დამორჩილების ამბიციას შესწირა და რომლებიც მას ბესლანის ჯალათად მიიჩნევენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის გამოცდას განაახლებს - რა გვერდითი მოვლენა გამოუვლინდა ერთ-ერთ მოხალისეს, რის მერეც გამოცდა შეჩერდა

ირანელი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს - ვინ იყო ნავიდ აფკარი და რატომ გამოუტანეს უმკაცრესი სასჯელი

"განათლებულ ხალხს კორონასი გჯერათო? დაგვცინოდნენ, პირბადით რომ დავდიოდით" - საქართველოს მეზობელი ქვეყნები, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდებს ხსნის