ელექტრონიკისა და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი იაპონური ფირმის Brother Industries-ის მეცნიერებმა ახალი აკუმულატორის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც ენერგიას ვიბრაციისგან იღებს.
აკუმულატორ Vibration Energy Cell-ის დატენვა ხელის ერთი-ორი გაქნევით შეიძლება. მისი შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მომავალში ელექტროენერგიის მსგავსი წყარო АА და ААА ტიპების ბატარეებს შეცვლის.
ახალი მექანიზმის მუშაობის პრინციპი ჩვეულებრივი დინამოსას ჰგავს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ შემთხვევაში ენერგია არა ხახუნისგან, არამედ ვიბრაციისგან გამომუშავდება. ტოკიოში გამართულ პრეზენტაციაზე მწარმოებლებმა საზოგადეობას აჩვენეს, როგორ მუშაობს ბატარეა ტელევიზორის პულტსა და ჯიბის ფანარში.
"ბატარეის გამოყენება, მისი დაბალი სიმძლავრის გამო, მართვის პულტებსა და დიოდურ ნათურებშია მიზანშეწონილი, რომლებსაც მუდმივი დენის წყარო არ სჭირდებათ", - განაცხადეს მწარმოებლებმა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.