ბათუმისა და ბათუმელების მიმართ ხოტბა-დიდებას პრეზიდენტი სააკაშვილი არასოდეს იშურებს. "ბათუმი პირველი ევროპული ქალაქია ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მეტად ბათუმელები არიან შეჩვეულნი ჩემს ნახვას ქუჩაში;
რამდენჯერმე ველოსიპედით გავიარე და ხალხმა არ შეიმჩნია, თითი არ გამოუშვერიათ, ნახეთ, ეს გიჟი რას აკეთებსო - ნამდვილი ევროპაა", - განაცხადა პრეზიდენტმა და აშკარად მიანიშნა იმ არაევროპელებზე, ანუ თბილისელებზე, რომლებიც მას არათუ იმჩნევენ, ხშირად რესტორანში სტუმრობაშიც უშლიან ხელს...
ბათუმსა და ბათუმელებზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილს არც ასლან აბაშიძე ავიწყდება, - არაერთხელ უთქვამს, რომ აბაშიძემ დელფინარიუმი გააპარტახა, დელფინები არ უყვარდა და ამ საწყალ ცხოველებს ხშირად აშიმშილებდა, თან დასძინა, ჩვენ კი მას ავაღორძინებთო.
და აი, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბათუმის აკვარიუმის (რომელიც დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს აშენდება) მშენებლობის დიზაინისთვის გამოცხადებულ კონკურსში დანიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Henning Larsen Achitect-მა გაიმარჯვა.
პროექტის თანახმად, ნაგებობა ოთხი "ლოდისგან" შედგება და თითოეული ქვა თითო ზღვის - ეგეოსის, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვების სიმბოლო იქნება, ინტერაქტიული გამოფენები კი ამ ზღვების წყალქვეშა სამყაროს ცხოვრებაზე გვიამბობენ. ოთხივე ლოდი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება სივრცით, სადაც კაფეები, დარბაზი და სავაჭრო ცენტრი განთავსდება. რაც შეეხება დაფინანსებას, აკვარიუმის მშენებლობას მთლიანად ბათუმის ბიუჯეტი დააფინანსებს.
Henning Larsen Achitect-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და მაღალანაზღაურებადი სამშენებლო კომპანიაა, თვითონ ლარსენი კოპენჰაგენის ოპერის, რეიკიავიკის საკონცერტო დარბაზისა და სხვა ცნობილი შენობების არქიტექტორია.
ცხადია, აკვარიუმის აშენებაც შესანიშნავი იდეაა, თუმცა საკითხავია, აქვს დღეს ქვეყანას ამგვარი ფუფუნების უფლება? პრეზიდენტის ოცნება რეალობად რომ იქცეს და ბათუმი შავი ზღვის სანაპიროზე "ყველაზე მაგარ" საკურორტო ქალაქად იქცეს, დავიჯეროთ, მას სეზონზე, არც მეტი, არც ნაკლები, 2 მილიონი ტურისტი მიაწყდება?
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)