"გვარებიც ვიცი იმ ბიზნესმენების, ვის გატყავებასაც უახლოეს მომავალში აპირებენ"

 "გვარებიც ვიცი იმ ბიზნესმენების, ვის გატყავებასაც უახლოეს მომავალში აპირებენ"

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი მელაშვილი.

- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ ბოლოს ხანს საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ვიზიტს?

- ვფიქრობ, ამერიკამაც და ევროპამაც ამ ვიზიტებით კიდევ ერთხელ გამოხატეს ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ. ჩემი აზრით, უცხოელთათვის საქართველოში ახალი პროცესი იწყება, ანუ სამზადისი პოსტსააკაშვილის საქართველოსთვის.

საკითხი ასე დგას: იქნება თუ არა პოსტსააკაშვილის საქართველო და ვინ იქნება ამ საქართველოს ხელისუფლებაში? საკმაოდ მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ, მაგალითად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ის შეხვდა საქართველოს ამჟამინდელ და მომავალ ხელისუფლებას.

ყველამ თავისებურად თარგმნა ეს განცხადება, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ დასავლეთშიც ფიქრობენ ცვლილებებზე. კულუარებიდან ვიცით, რომ ამერიკელებიც და ევროპელებიც შეშფოთებულები არიან იმით,  როგორ ცდილობს სააკაშვილი კონსტიტუციის თავის თავზე მორგებას. მართალია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადებები საშინაო პოლიტიკაზე არ გაკეთებულა, მაგრამ ცხადად ითქვა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი  პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის შიგნით დემოკრატიის განვითარებას. ქართველებმა ერთი რამ უნდა შევიგნოთ:

არავინ მოაგვარებს ჩვენს შიდა პრობლემებს, არავინ ჩამოვა, მიშას თვითმფრინავში არ ჩასვამს და წაიყვანს. თუ პოლიტიკური ოპოზიცია ვერ ივარგებს, მიშა გვეყოლება 2013 წელსაც და მერეც კარგა ხანს. ეს კაცი არსად აპირებს წასვლას. ზოგს მიაჩნია, რომ არსებული კონსტიტუციის მიხედვით, მიშას 2013 წელს აუცილებლად მოუწევდა წასვლა, რაც მე აბსურდი მგონია. შეგახსენებთ, პუტინს კონსტიტუცია არ გამოუცვლია, მაგრამ მმართველობა შეინარჩუნა. ჩვენთვის ამოცანა დიდად არ შეცვლილა:

სააკაშვილი ამ კონსტიტუციის თუ სხვა კონსტიტუციის პირობებშიც უნდა დაამარცხო, ეს არის ოპოზიციის ამოცანა, რაც ბევრს რატომღაც არ ესმის. ამ ეტაპზე  ყველაზე  მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ყველაფერი გავაკეთოთ საარჩევნო კლიმატის შესაცვლელად. ზოგიერთები სკეპტიკურად არიან განწყობილნი და ამბობენ, სააკაშვილი ამას არ იზამსო, მაგრამ შემდეგ გამოდიან და იძახიან, სააკაშვილი უნდა გადადგესო, ანუ სჯერათ, რომ სააკაშვილი საარჩევნო კანონმდებლობას არ გამოცვლის, მაგრამ გადადგება?!

თუ ხელისუფლება მთლად გასულელდა და არ წამოვიდა დათმობებზე, მაშინ დარჩება სხვა გეგმა, რომლის განხორციელებაც უკვე ლეგიტიმური იქნება, ამ გეგმას სჭირდება არა ბევრი ლაპარაკი და ყვირილი - "მიშა, მოვდივარ!", არამედ  რუტინული მუშაობა. ოპოზიციის ლიდერთა ნაწილს ეს არ ესმის. თუ საზოგადოებასთან არ ვიმუშავეთ, ძველებურად უაზრო სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც არც გეგმა არსებობდა და არც სტრატეგია. ამ საკითხებზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია პოლიტიკურ ძალებს შორის, ვიმედოვნებ, ერთობლივი ძალით უფრო მეტს მივაღწევთ...

- დაახლოებით ასეთ გეგმაზე ლაპარაკობს ზურაბ ნოღაიდელიც...

- არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ნოღაიდელი, მის სიტყვას ვინ უნდა ენდოს?! ხომ დაინახეთ, ბოლო არჩევნებზე ხალხი როგორ "გადაყარა": ჩვენს გვერდით არის მისი ოფისი, არჩევნების შემდეგ ხალხი მოდიოდა და აქციებს მართავდა, დაქირავებულ ხალხს ხელფასები არ გადაუხადა.

- ბოლოდროინდელ ვიზიტებს ხელისუფლება საკუთარ მხარდაჭერად მიიჩნევს და საკმაოდ ლაღად გრძნობს თავს...

- არა მგონია, ასე იყოს. მაგალითად, სააკაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ ვერ გამოიყურებოდა მთლად კარგად. ვერც გალაღდებიან, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან, რა მძიმე ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში. რაღაც დახმარებები კი მიიღეს, მაგრამ მაინც ვერ აუდიან საბიუჯეტო კრიზისს. ბევრი ხალხის გათავისუფლება უწევთ საბიუჯეტო სამსახურებიდან.

არადა, სისტემა შექმნეს ისეთი, რომ როგორმე ეკონტროლებინათ ადამიანები, ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა ბევრი ხალხი დაესაქმებინათ ბიუჯეტის ხარჯზე და დაეშინებინათ, თუ ოპოზიციისკენ გადაიხრებით, გაგათავისუფლებთო, ახლა კი საბიუჯეტო შემოსავლები მცირდება და იძულებულები არიან, შემცირებები დაიწყონ. მაგალითად, უკვე გადაწყვიტეს, რომ 20000 მასწავლებელი უნდა შეამცირონ. ამიტომაც დიდ გალაღებას ვერ ვატყობ მათ, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება ისეთი ოპოზიციის ფონზე, რომელიც, ჩემი აზრით, 2006 წლიდან დღემდე, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია.

- პრეზიდენტის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე რა იტყვით?

- პრეზიდენტის მოქმედება უკვე კარგა ხანია პოლიტიკოსების კი არა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა შესაფასებელია. ეს ითქმის იანუკოვიჩთან ვიზიტზე, რის შემდეგაც განსაკუთრებით საინტერესო იყო საყვარელ ბარში მისი გავარდნა და მოლხენა. მისი ქცევა ყველანაირ ფარგლებს გასცდა. ეს არის ავადმყოფი, რომელსაც დროზე უნდა შველა.

- ბატონო ირაკლი, ხომ ფაქტია, რომ ეს კაცი მართავს ამ ქვეყანას და იღებს გადაწყვეტილებებს...

- არა მგონია, ეგ რამეს მართავდეს, მასაც სხვები მართავენ.

- როგორ შეაფასებთ მის განცხადებას აზერბაიჯანთან კონფედერაციის შექმნის თაობაზე?

- ეს იყო კიდევ ერთი არასერიოზული და უჭკუო განცხადება. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი სომხეთთან თითქმის საომარ მდგომარეობაშია, ხომ შეიძლება, სომხებს გაუჩნდეთ კითხვა - რატომ, ვის წინააღმდეგ აპირებენ კონფედერაციის შექმნას ქართველები და აზერბაიჯანელებიო? მაგრამ მიშასთვის აქვს კი მნიშვნელობა, რას ამბობს, უფიქრდება კი ოდესმე თავის ნათქვამსა და საქციელს? მომავალში თუ სამხრეთ კავკასიაზე იქნება ლაპარაკი, მაშინ  ეს კონფედერაცია სამივე სახელმწიფოს ინტეგრაციის საფუძველზე უნდა მოხდეს, შესაბამისად, აუცილებელი იქნება ჯერ იმ კონფლიქტების მოგვარება, რომელიც ამ რეგიონშია.

- ბევრი მიიჩნევს, რომ ირანის თემის გააქტიურებით სააკაშვილი შეეცადა დასავლეთის დაშანტაჟებას...

- არა მგონია. დასავლეთი თვითონ არის ირანთან ურთიერთობით დაინტერესებული. ეს ეხება განსაკუთრებით ევროპულ სახელმწიფოებს. მიმაჩნია, რომ საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა უნდა გამოიყენოს ოპტიმალურად, შესაბამისად, ყველასთან უნდა ვახერხებდეთ ლაპარაკს, მათ შორის, ირანთანაც. სააკაშვილი კი ვერავის შანტაჟს ვერ გაბედავს, განსაკუთრებით იმ ხალხის, რომლის ეკონომიკურ დახმარებაზეც მთლიანად არის დამოკიდებული.

- დიდი ხმაური მოჰყვა ცენტრალური გაზსადენის შესაძლო გაყიდვის თემას. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ გაზსადენს რუსეთი დაეპატრონება...

- მთელი ქართული ენერგეტიკა მიჰყიდეს რუსეთს და გაზსადენიც რომ მიჰყიდონ, რა გასაკვირია, ოღონდ კი პრეზიდენტობა შეინარჩუნოს და სააკაშვილი მთელ საქართველოს გაყიდის და გააჩუქებს...  მთავარია, სასმელ-საჭმელი არ მოაკლდეს, ბევრი იფრინოს, დრო ატაროს და ბავშვობის ფანტაზიები აიხდინოს...

- თუმცა ამას წინათ თქვა, იმდენი საქმე მაქვს, ფლოსტების ჩაცმისთვისაც არ მცალიაო...

- მაგისი სამუშაო ოთახი გინახავთ ოდესმე? ისეთი არეულობაა, თავმოყვარე ადამიანი იქ არ უნდა ჩერდებოდეს, მუშაობა, მით უფრო, შეუძლებელია. ისე, სააკაშვილის მუშაობა ვინ თქვა, მაგის სამუშაო ყოველთვის იყო ხმამაღალი განცხადებები და შეხვედრები მედიასთან.

- მგონი, ძალიან აკნინებთ მიხეილ სააკაშვილის შესაძლებლობებს...

- არაფერიც, შესაბამისად ვაფასებ. ასეთი  ადამიანი მხოლოდ შევარდნაძის რეჟიმის დროს შეიძლებოდა გამხდარიყო პრეზიდენტი. სააკაშვილი ეს არის შევარდნაძის ბოლო "საჩუქარი" ქართველი ერისთვის, თვითონ რაც ვერ დააკლო ამ ქვეყანას, მიშას დაასრულებინა. შევარდანაძემ ყველაფერი მშვენივრად იცოდა და სააკაშვილის გაპრეზიდენტებისთვის ყველაფერი გააკეთა.

ვიმედოვნებ, რომ 2003 წლის მოვლენების გამოძიება მალე მოხდება და გავიგებთ, ბოლოს და ბოლოს, ვინ გააყალბა რეალურად ის არჩევნები, ვისთან გარიგებით მოხდა  ყველაფერი, ვინ მონაწილეობდა სააკაშვილისგან ლიდერის შექმნაში, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისი რეიტინგი 7% იყო. "მიშა მაგარია" ჩამოყალიბდა შევარდნაძესთან, ჯორბენაძესთან და მათ ბანდასთან გარიგებით.

მსგავსი სისულელე ერს მეტად აღარ უნდა დაემართოს, რადგან ძალიან მძიმე შედეგები გვაქვს. ბოლო 200 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰყოლია არც მმართველი და არც გუბერნატორი, რომელსაც ამხელა ტერიტორიები დაეკარგოს, ვაკნინებ კი არა, ფეხებით არის დასაკიდი. ამ კაცმა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი იურიდიულად ჩაახუტა რუსეთს.

- რას იტყვით ბიზნესმენთა ბოლოდროინდელ დაკავებაზე?

- მეტის ღირსები არიან. როდესაც ნებაყოფლობით ხარ მეწველი ძროხის როლში, უნდა იცოდე: შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს პატრონს შენი რძე აღარ მოუნდეს და დაკვლა მოგინდომოს. ამათაც ასე ექცევიან. ჩხარტიშვილი მეტის ღირსია. მერაბ კოსტავა ციხეში რომ იჯდა, გაცილებით თავისუფალი იყო, ვიდრე ჩხარტიშვილი ბოლო წლების განმავლობაში თავის სახლში. ფულს არ მოაქვს ბედნიერება და თავისუფლება. კიდევ ბევრს დაერევიან, ახალ ტალღას ამზადებენ, გვარებიც ვიცი იმ ბიზნესმენების, ვის გატყავებასაც უახლოეს მომავალში აპირებენ, მაგრამ ჯერ მათი დასახელებისგან თავს ვიკავებ...

- იქნებ გვითხრათ?

- არა, მერე ოპოზიციას არაფერი დაგვაბრალონ.

ნათია დოლიძე 

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე