ავტორი:

"ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა" - პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა

"ჯერ გვაგინებდა, მერე კი აქციის მონაწილეებს ხელი დაარტყა" - პოლიციამ ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა

პოლიციამ დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის ტერიტორიიდან გაიყვანა. დეპუტატი სამართალდამცავებმა ავტომანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან მისი გაყვანა ასე განახორციელეს.

ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

„მოხდა ინციდენტი, გავერკვევით და მივცემთ სამართლებრივ შეფასებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ვაჟა სირაძემ.

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე ხელი დაარტყა.

როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, დეპუტატი ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აქციის მონაწილეებს.

„აქციის მონაწილეებს, რომლებსაც არავითარი ქმედება არ ჩაუდენიათ, რამდენჯერმე დაარტყა ხელი, იქამდე მთელი 20 წუთი გვაგინებდა. მხოლოდ მას შემდეგ გაიყვანეს, გაარიდეს აქაურობას კვიციანი, რაც პოლიციის უფროსი მოვიდა, რომლისგანაც მივიღეთ დაპირება, რომ ძალიან მალე შეისწავლიან საქმეს. შესასწავლი არაფერი არ არის, პოლიციის ბიჭებს რომ ჰკითხოთ, ყველამ დაინახა, რაც მოხდა. 100-ზე მეტი პოლიციელი ხედავდა, რაც მოხდა. თუ ეს საქმე ძალიან, ძალიან სწრაფად არ იქნება გამოძიებული და ემზარ კვიციანი არ აგებს პასუხს, მაშინ მე პირადად ვიტოვებ უფლებას, რომ ამ პოლიციას, ამ შემადგენლობით პატივი აღარ ვცე“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა. მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა“ და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები