ავტორი:

"გადადგომით, ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ!" - ძირითადი მესიჯები გახარიას დღევადელი გამოსვლიდან

"გადადგომით, ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ - არ ვგრძნობ!" - ძირითადი მესიჯები გახარიას დღევადელი გამოსვლიდან

მე რომ დამეშვა პარლამენტში შტურმით შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ნაცვლიშცვილის კითხვას - 20-21 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, იქნებოდა თუ არა კარგი პრეცედენტი გიორგი გახარიას გადადგომა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, გადადგომით ის ვიღაცას დაუდასტურებდა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობს. გახარიამ დასძინა, რომ ის თავს დამნაშავედ არ გრძნობს და „არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო ჩვეულებრივი პრინციპი“.

„საერთოდ ნებისმიერი თანამდებობა არის გამოწვევა და პასუხისმგებლობა, სხვა არაფერი. მაგრამ არგადადგომის ძირითადი მოტივი იყო პრინციპი, ჩვეულებრივი პრინციპი.

როდესაც მე ვამბობ, რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი, ორგანიზებული პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რომელიც ყველამ ნახა, ამის შემდგომ მე აბსოლუტურად გააზრებულად, თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ვუხდი მადლობას, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან და ამ დროს გადადგომით, მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ! მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, რომელმაც მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი 2 ადამიანი გვყავს. მაგრამ პასუხისმგებლობას ასევე ვგრძნობ იმაზეც, რომ სახელმწიფომ მათზე ზრუნვის პოზიტიური ვალდებულება შეასრულოს. ასევე ვგრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ის პოლიციელები, რომლებიც აქ კეთილსინდისიერად იდგნენ, 2 საათის განმავლობაში ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს. მათ უნდა ჰქონდეთ შეგრძნება, ხვალ, ზეგ და მომავალში ისინი ამ ქვეყანას უნდა ემსახურონ. სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურად შეჭრას ჰქვია შტურმი; აქ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვით, ლექსებით ან კიდევ რაღაცით, შტურმით! ამას ჰქვია თავისი სახელი - ორგანიზებული თავდასხმა პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა გიორგი გახარიას ჰკითხა, იქიდან გამომდინარე, რომ 20 ივნისის ღამეს ძირითადად დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებიც შეტევაში არ მონაწილეობდნენ და უბრალოდ მომიტინგეები იყვნენ, რამდენად კარგი პრეცენდენტი იქნებოდა გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის მიერ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მასშიც, როდესაც დღევანდელი მომიტინგეების ასაკის იყო, ხშირად აღშფოთებას იწვევდა პარლამენტის ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალგაზრდები დესტრუქციულმა ძალებმა არ გამოიყენონ.

„ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, შეიძლება ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები დღეს იყვნენ გარეთ საყვირით ხელში, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდეს, ჩვენც ასეთები ვიყავით, ძალიან კარგად მახსოვს დაახლობით ის ასაკი და ძალიან კარგად მახსოვს ჩემში რამხელა აღშფოთებას იწვევდა ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ამ ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა გავაკეთოთ ორი რამ. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს ახალგაზრდები და არ უნდა მივცეთ დესტრუქციულ პოპულისტურ ძალებს საშუალება, რომ ისინი აიფარონ წინ ფარად და ამის ერთადერთი გზაა მათი მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ახალგაზრდობა არის ერთადერთი ძალა, რომელთანაც მთავრობას თმენის ვალდებულება აქვს. „ამ ვალდებულებას როგორმე თავს გავართმევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ნინო წილოსანის ინიციატივას, რომ პრემიერის ფონდით დაფინანსებული საზღვარგარეთ სასწავლებლად წასული ახალგაზრდებისთვის საჯარო უწყებებში დასაქმებისთვის კვოტებისდაწესდეს, გახარიამ განაცხადა რომ ყველაფერი გაკეთდება ფონდის ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრდების დასაქმებისთვის.

„ მე როგორც ვიცი პრემიერის ფონდიდან დაახლოებით 800 ახალგაზრდაა დაფინანსებული და შემოდგომისთვის 600 უკვე დაბრუნდება საქართველოში, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ მართი ადაპტირება, სოციალიზაცია და დასაქმება პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურებში იყოს ეფექტური და სწრაფი,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ძირითადი პრინციპი იქნება მცირე მთავრობის პრინციპი და მეორე ძირითადი პრინციპი იქნება ეფექტურობა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის შეკითხვას, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას შეეხებოდა.

რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების სამინისტროდან კვლავ გამოყოფის შესაძლებლობას, გახარიას თქმით, აღნიშნულ საკითხს სჭირდება დამატებითი მსჯელობა.

„ამას დასჭირდება მაქსიმუმ ორი-სამი კვირა. მთავრობა ამ თემაზე იმსჯელებს, მობრუნდება პარლამენტში და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა გავაკეთოთ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მცირე მთავრობა იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ პრინციპთან ჩვენ უკან არ უნდა დავიხიოთ. თუმცა, თუ მცირე მთავრობის კომპონენტი და კრიტერიუმი მოდის წინააღდმეგობაში ეფექტურობასთან, გარკვეული დარგების მართვის ნაწილში, აქ გარკვეული კომპრომისების დაშვება შესაძლებელია. გპირდებით, რომ ვიმსჯელებ თქვენთან ერთად,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, გიორგი გახარიას აზრით, საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია. როგორც გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესი ამას მხარს დაუჭერს.

“საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ ბიზნესთან პირდაპირი, ღია, გახსნილი დისკუსია და კონუმიკაცია გვექნება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობა გვაქვს, თუმცა კონტროლისა და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს ბიზნესის ინტერესია, რადგან თამაშის წესები უნდა იყოს ერთი და ყველასათვის. საგადასახადო დისციპლინა ეს ის მიმართულებაა, რაზეც უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გახარიამ დღეს ოკუპაციის თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მტერთან ჭკვიანური, ცივი გონებით საუბარი ერთადერთი საშუალებაა არსებულ ფორმატებში ყველა იმ ინსტრუმენტის გამოსაყენებლად, რომელიც გვაქვს. ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ფორმატები, რომლებიც დღეს გვაქვს, მათ შორის ჟენევისა და აბაშიძე-კარასინის, „ამოწურული არ არის“.

„ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, რომ საქართველოს განვითარების, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20%-ია ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული და ამაში არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების. ეს არის ყველაზე დიდი მუხრუჭი საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით, უაღრესად პრინციპულები, რომ პირველ რიგში, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ღირსება, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელიც საუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს და რა თქმა უნდა, დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესი, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების დევნილების ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი სრული მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა, ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ.

„მტერთან უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ომის გარდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლების რომელ ფრთას წარმოადგენენ, თითოეული ჩვენი სიტყვა, თითოეული ჩვენი განცხადება, ქმედება შეიძლება აისახოს ყოველდღიურ ცხოვრებაზე იმ ადამიანების, რომლებიც საოკუპაციოს ხაზის მიღმა, გასწვრივ ცხოვრობენ. პროვოკაციული, პოპულისტური, უპასუსხიმგებლო ქმედებები, ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა დავასრულოთ თუ გვაინტერესებს, თუ ამოვდივართ ქვეყნის და ამ ადამიანების ინტერესებიდან,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები