აფხაზეთიდან დევნილებმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობაში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა ლევან ქარდავამ განუცხადა, სამი დღის წინ მიიღეს გაფრთხილება, რომ 5 დღეში ფართი უნდა დატოვონ. მისი თქმით, ხელისუფლება შენობის გაყიდვას აუქციონზე გეგმავს.
რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, დევნილების განცხადებით, დევნილთა განსახლების სამინისტრომ ფართი ზუგდიდის სოფლებში შესთავაზა. მათი თქმით, 17 წელია თბილისში ცხოვრობენ და მათთვის თბილისის გარდა, სხვა ადგილას ცხოვრება მიუღებელია. მათი მოთხოვნაა, საცხოვრებელი ფართი თბილისის ფარგლებში გამოეყოთ.
აქციაზე იმყოფებოდა "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დევნილები საცხოვრებელი ფართებით უნდა უზრუნველყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აქციებს გააგრძელებენ.
მისივე თქმით, 23 ივლისს, 15:00 საათზე, ეკონომიკის სამინისტროსთან გამართავენ აქციას და დევნილების დაკმაყოფილებამდე სამშობლოს შენობის გაყიდვის შეჩერებას მოითხოვენ.
დევნილების განცხადებით, ”სამშობლოს” შენობაში ბოლო 2 წელია ცხოვრობენ. ისინი შიდა ქართლიდან დევნილებთან ერთად სახელმწიფოს კუთვნილ თავისუფალ ფართში შესახლდნენ. მანამდე კი, მათი განცხადებით, წლების განმავლობაში ნათესავებთან და ქირით ცხოვრობდნენ.