ავტორი:

"ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვმუშაობდით" - აქციის დაშლის დროს დაშავებულ 40 ჟურნალისტს სახელმწიფო დაზარალებულად არ ცნობს

"ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ვმუშაობდით" - აქციის დაშლის დროს დაშავებულ 40 ჟურნალისტს სახელმწიფო დაზარალებულად არ ცნობს

20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა. სხეულის დაზიანებები ძირითადად, რეზინის ტყვიებით იყო გამოწვეული.

მედიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს იმ სამართალდამცველების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც დარბევისას დამიზნებით ესროდნენ ჟურნალისტებს, სცემდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ მათ. მედიისთვის საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესწავლა დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

რეზინის ტყვიების კვალი ფოტოგრაფ გურამ მურადოვის ზურგზე

დაშავებულ ჟურნალისტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" იცავენ. საია ამ საკითხზე ვრცელ ანგარიშს რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები საქმის დროული გამოძიებისადმი ინტერესითა და აქტიურობით არ გამოირჩევიან. მისი თქმით, საქმე არასწორად არის კვალიფიცირებული და მიუხედავად დასაბუთებული მოთხოვნისა, პროკურატურა კვალიფიკაციის შეცვლას არ აპირებს.

"პირადად ვიცავ რუსული მედიის ჟურნალისტს, რომელიც აქციას აშუქებდა, ვიდეოს იღებდა. ხუთი ტყვია მოხვდა სხეულის სხვადასხვა ადგილას - ერთი ტყვია თავში და ოთხი ნაკერი დაადეს. გადაღებული აქვს კადრები სხვა დაშავებულების მდგომარეობის შესახებ.

მაგალითად, ერთ უმძიმეს კადრში ჩანს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც ტყვია მოხვდა მუცელში და იმდენად მძიმე ჭრილობა ჰქონდა, რომ ნაწლავის ნაწილი უჩანდა

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად, ხელის გულზე დევს ყველანაირი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები, ჟურნალისტები დაშავდნენ და დაზარალდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პროკურატურა მაინც უარს აცხადებს მათ დაზრალებულად ცნობაზე. მივწერეთ არასამთავრობო ორგანიზაციიის სახელით, რომ ეცნოთ ის დაზარალებულად. გაგვცეს სტანდარტული პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება და როდესაც დასრულდება, მერე გადავწყვეტთო.

გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოძიება არასოდეს არ დასრულდება და ამ საქმესაც, ისევე როგორც სხვა უამრავს, თაროზე შემოდებენ" - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ადვოკატის თქმით, საქმე უნდა აღძრულიყო ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით, თუმცა დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

"ვითხოვთ, რომ გამოძიება დაიწყოს ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის კუთხითაც, როგორც ჩანს, არავინ აპირებს ამის გათვალისწინებას. ახლა რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ პირველ რიგში უნდა ცნონ ჟურნალისტები დაზარალებულებად. უნდა გამოიყოს ცალკე საქმე და აღიძრას ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მუხლითაც და არა სტანდარტულად.

კონპენსაციის საკითხი კი მანამ არ დადგება, სანამ არ დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. უნდა აიღოს შსს-მ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გადაამეტა ძალებს და უშუალო შემსრულებლებთან ერთად უნდა დაისაჯონ ისინიც, რომლებმაც დამიზნებით სროლის ბრძანება გასცეს“ - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.

20 ივნისს რუსთაველზე მიმდინარე საპოროტესტო აქციაზე ეკა აბაშიძე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ წარმოადგენდა. იგი AMBEBI.GE -სთან იხსენებს აქციის დაშლის დროს განვითარებულ მოვლენებს.

"გაზის ჩასუნთქვის გამო ჩვენი რამდენიმე ჟურნალისტი თავს შეუძლოდ გრძნობდა და საჭირო გახდა მისი ჩანაცვლება. მე მორიგე ვიყავი, ამიტომ გავედი რუსთაველზე და ფეისბუქ-ლაივებით დავიწყე აქციის გაშუქება. უცებ დაიძაბა სიტუაცია კორდონში, წავედი იქეთკენ, რათა ახლოდან გადამეღო რა ხდებოდა. არ მქონდა დამცავი არაფერი, არც ნიღაბი და არც სხვა რამ. ჯერ ერთ ტყვია მომხვდა მხარში და შვიდი წუთის ინტერვალით მეორე ტყვია - მეორე მხარში.

უკან დავიხიე და წამოვედი ქაშუეთისკენ. ამ დროს სასწრაფო დახმარების ბრიგადებს გაჰყავდათ ტერიტორიიდან ხალხი. უამრავი დაშავებული იყო. შემდეგ გადავიდნენ აირის და წყლის ჭავლის გამოყენებაზე, ისევ უნდა გამეგრძელებინა ჩართვა, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა - ორივე მხარი ჭრილობების გამო მტკიოდა. დამირეკეს სამსახურიდან და სასწრაფოდ გამიყვანეს ტერიტორიიდან. საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც ჩამიტარდა გამოკვლევები.

VIDEO: "პალიტრავიდეოს" და "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში რეზინის ტყვია მოხვდა

რაც შეეხება გამოძიების პროცესს, თავიდანვე დამიბარეს პროკურატურაში - ორ საათამდე გაგრძელდა გამოკითხვა. შემდეგ დამიკავშირდა "საია", იმათაც დეტალურად მოვუყევი და აღვუწერე მომხდარი. ჩემი ინფორმაციით, აგროვებენ მტკიცებულებებს და ახლა სამუშაო პროცესში არიან. პროკურატურაში მითხრეს, რომ შეიძლება კიდევ დაგიბაროთო, თუმცა მას შემდეგ მესამე თვეა არავინ შემხმიანებია.

აუცილებელია, რომ საქმე დროულად იქნეს გამოძიებული და სწორად დააკვალიფიცირონ. ჩვენ ჟურნალისტები ვასრულებდით ჩვენს სამსახურებრივ მოვალეობას, ვცდილობდით საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ოპერატიულად ინფორმაცია თუ რა ხდებოდა იმ წუთებში რუსთაველზე.

ამაში ხელს გვიშლიდნენ, გვესროდნენ ტყვიებს, გვკრავდნენ ხელს და ფაქტობრივად, ჩვენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში გვიწევდა მუშაობა

ამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას" - ამბობს ჟურნალისტი ეკა აბაშიძე.

თორნიკე კოშკაძე "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტია. იგი 20 ივნისს მთელი ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მუშაობდა და მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადასცემდა.

"იმ დღეს არ ვმუშაობდი, მაგრამ როდესაც ვნახე, რომ ვითარება ძალიან დაიძაბა პარლამენტთან, გავედი. საღამოს 11 სააათი იქნებოდა. თანდათან იძაბებოდა სიტუაცია, ვხედავდი, როგორ ართმევდნენ სამართალდამცველებს ფარებს აქციის მონაწილეები. ამ შეხლა-შემოხლაში გავიგონე გასროლის ხმა - ცრემლსადენი გაზი გაისროლეს, რასაც მოჰყვა შემდეგ რეზინის ტყვიების სროლა.

მე პირადად ვიდექი შემაღლებულ ადგილზე, სადაც ძირითადად ჟურნალისტები ვიყავით, იდგა კამერები, აპარატურა და ყველამ იცოდა, რომ ჟურნალისტები ვმუშაობდით იქედან.

იხილეთ ვიდეო: "ინტერპრესნიუსის" და "პალიტრანიუსის" ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვა სახის არეში დაშავების შემდეგ

ჩვენ გვეკეთა "ბეიჯები" და ჟურნალისტები რომ ვიყავით, ამის იდენტიფიცირება იყო ძალიან მარტივი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია ჩემთვის, როგორ მოხდა, რომ ჩვენკენ დაიწყეს ტყვიების სროლა. ჩემს გადაღებულ კადრში დაფიქსირებულია, როგორ დამიზნებით ესროლეს ერთ-ერთ მომიტინგეს. რაც ხდებოდა ყველაფერს ლაივ-რეჟიმში ვაშუქებდი.

უცებ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი სახის არეში. მარჯვენა თვალის ქვემოთ, ლოყაზე ხელი მოვისვი და დავინახე, რომ სისხლი მდიოდა. შემდეგ რაღაც სიმაგრე ვიგრძენი და ჭრილობიდან რეზინის ტყვია გამოვიღე.

იქვე სასწრაფო დამხმარების ბრიგადა იყო, მათ გამიწიეს სამედიცინო დახმარება და მუშაობა გავაგრძელე. მართალია, მე მძიმედ არ დავშავდი, მაგრამ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მუშაობაში ხელი არ შემშლია და ჩემი მუშაობის ხარისხი არ დაქვეითებულა?!

იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ, მაგალითად "პირველი არხის" ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი, რომელსაც ჩაუტარდა სერიოზული ოპერაცია და ექიმებმა ძლივს გადაურჩინეს ფეხი. მას დამიზნებით რომ ესროლეს, ეს ხომ ფაქტია?!" - გვეუბნება "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი.

თორნიკე კოშკაძის თქმით, საკმარისი დრო გავიდა საიმისოდ, რომ გამოვლენილიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნება - აქვს თუ არა სამართალდამცავ უწყებებს მზაობა ჟურნალისტების უფლებების დარღვევის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. იგი გამოთქვამს ინიციატივას, დაშავებულმა ჟურნალისტებმა კოლექტიური სარჩელი მოამზადონ:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებისადმი ხელის შეშლის მუხლით იყოს ეს საქმე გამოძიებული. გაუგებარია, რომ ამ დრომდე საქმე არ აღძრულა ამ მუხლით და მხოლოდ 333-ე მუხლით არის აძღრული. თუმცა, როდესაც ამ დარბევიდან მესამე თვეს სამართალდამცავი უწყებები გვეუბნებიან, რომ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე რვა პირია მხილებული და მხოლოდ სამი მათგანის მიმართ დაიწყო სამართლებრივი დევნა, ხოლო სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული 20-ზე მეტი პირი, უკვე გასაგებია ხომ მათი დამოკიდებულება?

მაშინ როდესაც ეუთოს დასკვნებშიც კი საუბარია იმაზე, რომ ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი, ამდენი ჟურნალისტი არასოდეს არ დაშავებულა არცერთ აქციაზე, ამ ფონზე კიდევ უფრო აღმაშფოთებელია, ის რომ ცალკე საქმე არ არის ჩვენს საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოყოფილი.

ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ ჟურნალისტები მოვამზადებთ კოლექტიურ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვუჩივლებთ ხელისუფლებას, რადგან ისინი, როგორც ჩანს, არ აპირებენ სიმართლის დადგენას

ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას პრეცედენტი და დამკვიდრდეს ჟურნალისტების საქმიანობის მნიშვნელობის ადექვატურად აღქმის კულტურა. მე, როგორც ჟურნალისტი, სახელმწიფოში თავს დაუცველად არ უნდა ვგრძნობდე" - აცხადებს თორნიკე კოშკაძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ფიქრობენ, რომ 20-21 ივნისის აქციების გაშუქებისას უხეშად დაირღვა ჟურნალისტთა უფლებები. ნატა ძველიშვილის განმარტებით, მომხდარი შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ სამართალდამცავთა დიდმა ნაწილმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ:

"ჩვენი ინფორმაციით დაშავებულია მედიის 40 წარმომადგენელი. ეს რიცხვი არის ძალიან მაღალი და მიუთითებს იმაზე, რომ არანაირი სტანდარტი არ არსებობს და არანაირი მითითება და ინსტრუქციები არ ჰქონდათ სამართალდამცავებს როგორ უნდა მოქცეოდნენ ჟურნალისტებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ სამართალდამცავთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ჟურნალისტებს განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროებათ და რომ ეს არის აღიარებული საერთაშორისო კანონმდებლობითაც, პირდაპირი მითითებები არსებობს, რომ ასეთ შემთხვევებში ისინი უნდა იყვნენ დაცულები, რადგან ჟურნალისტებს განსაკუთრებული მისია აქვთ - დროულად მოიპოვონ ინფორმაცია და გადასცენ საზოგადოებას.

ამხელა რაოდენობის დაშავებული ჟურნალისტები მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები ვერ იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე და არ იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ

მიუხედავად იმისა, რომ იოლად შეიძლებოდა მათი იდენტიფიცრება - ეჭირათ მიკროფონები, ეკეთათ შესაბამისი "ბეიჯები" ან ეცვათ სპეციალური ფორმები, მაინც ესროდნენ მათ. და მეტიც, ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ესროდნენ დამიზნებით. ის, რომ აქამდე ცალკე არ გამოიყო საქმე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის მუხლით, ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს სახელმწიფოს ნება.

აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული ცალ-ცალკე ყველა შემთხვევა, ვინ ისროდა დამიზნებით, ვინ ასრულებდა ბრძანებას და ვინ საკუთარი ინიციატივით მოქმედებდა. უნდა იყოს იდენტიფიცირებული ყველა ადამიანი, რომელმაც გადააჭარბა უფლებამოსილებას და ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმდროინდელ შს მინისტრს გიორგი გახარიას" - აღნიშნა AMBEBI.GE -სთან საუბარში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დაშავებულ ჟურნალისტთა სია ასე გამოიყურება:

1. გურამ მურადოვი - ფოტოგრაფი, civil.ge - 11 ტყვია აქვს მოხვედრილი ზურგში;

2. თამარ ბაღაშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მხრის ძვლის მოტეხილობა, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

3. გიორგი სულაშვილი - რუსთავი 2, დაცვის წევრი - დაკარგა თვალი, აქვს ყბის ძვლის მოტეხილობა. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.

4. ტატო გურგენიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;

5. ლევან მელიქიძე - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;

6. თაზო თხილიშვილი - ოპერატორი, რუსთავი 2 - რეზინის ტყვიების სროლის შედეგად აქვს ჭრილობები;

7. თეონა ცხომელიძე - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - ბარძაყში ესროლეს რეზინის ტყვია;

8. ქეთა ციცქიშვილი - ჟურნალისტი, რუსთავი 2 - მიიღო ფეხის მსუბუქი დაზიანება;

9. ბესლან კმუზოვი - ჟურნალისტი, კავკაზსკი უზელი - მოხვდა რეზინის ტყვია სახის არეში;

10. მაკა ანთიძე - "როიტერის" ჟურნალისტი სამხრეთ კავკასიაში - მოხვდა აგურის ნატეხი ზურგში, დაზიანებული აქვს ნეკნი;

11. დავით ახალაძე - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის ტყვია მოხვდა ცხვირში და მიიღო სხეულის დაზიანება.

12. ზურაბ კოკაია - ოპერატორი, ტვ პირველი - რეზინის 2 ტყვია მოხვდა ლოყაზე და მუცელში;

13. ქეთევან გრიგორაშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - პოლიცია ხელს უშლიდა მუშაობაში, ჟურნალისტი აირით მოწამვლის გამო, 2-ჯერ მოხვდა რეანომობილში.

14. ალექსი მეგრელიშვილი - ჟურნალისტი, ტვ პირველი - სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა ხელში ე.წ. „დუბინკა“.

15. ლიკა უროტაძე - ჟურნალისტი, ტვ პირველი - რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად ფეხზე მიიღო დაზიანება.

16. დავით ყაჯრიშვილი - მძღოლი, ტვ პირველი - საფეთქელთან მოხვდა რეზინის ტყვია;

17. ანა ვახტანგაძე - ჟურნალისტი, ონ.გე - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;

18. გელა ბოჩიკაშვილი - ჟურნალისტი, on.ge - მკერდში მოხვდა რეზინის რამდენიმე ტყვია;

19. გვანცა ნემსაძე - ჟურნალისტი, on.ge - ფეხში მოხვდა რეზინის ტყვია;

20. დათო ქოქოშვილი - ჟურნალიტი, ნეტგაზეთი - კისერში მოხვდა რეზინის ტყვია;

21. გიორგი დიასამიძე - ჟურნალისტი, ნეტგაზეთი - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებმა;

22. ნიკა მუხიგულიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - სამართალდამცავებმა სცემეს და დააკავეს გადაღების დროს;

23. გიორგი პაჭიკაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;

24. გიორგი ოსაძე - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;

25. კახა ჯონჯუა - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება აქვს სახის არეში;

26. ლიკა ალელიშვილი - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებელი - დაზიანება მიიღო ფეხის არეში;

27. მარი ნიკურაძე - ჟურნალისტი, OC Media - მოხვდა რეზინის ტყვია;

28. გიორგი ჭუმბურიძე - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;

29. ილია სამურგანიდი - ოპერატორი, რადიო თავისუფლება - რეზინის ტყვია მოხვდა მუცლის არეში;

30. თორნიკე კოშკაძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა სახის არეში;

31. ეკა აბაშიძე - ჟურნალისტი, ინტერპრესნიუსი - რეზინის ტყვია მოხვდა ხელებში;

32. გიორგი ხუხია - ჟურნალისტი, მაესტრო- რეზინის ტყვიის შედეგად მიიღო დაზიანება.

33. ნინო ხოზრევანიძე - ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მოხვდა რეზინის ტყვიები წელისა და ფეხის არეში

34. კოტე გრიგალაშვილი - ოპერატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო - მოხვდა სამი რეზინის ტყვია

35. ბექა აშორტია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა სამი ტყვია. დაზიანებული აქვს ფეხი

36. თომა ონიანი - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია

37. ნიკა პატარაია - ოპერატორი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია

38. დიტო ყირიმლიშვილი - ჟურნალისტი, იმედი - მოხვდა რეზინის ტყვია ფეხში

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ