ავტორი:

რას ყვებიან აქციის დარბევისას დაშავებულები და გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა აკრძალული ტყვიები

რას ყვებიან აქციის დარბევისას დაშავებულები და გამოიყენა თუ არა სპეცრაზმმა აკრძალული ტყვიები

20 ივნისის ღამის აქციის დარბევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი შეიყვანეს, მათ შორის 80 პოლიციელია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუას თქმით, უმრავლეს შემთხვევაში დაშავებულებს აღენიშნებოდათ ტრავმა, დაჟეჟილობა და თვალის დაზიანებები. მისივე თქმით, ორმა ადამიანმა შემთხვევის შედეგად თვალი დაკარგა.

ფოტოგრაფი გურამ მურადოვი ერთ-ერთია, ვინც დარბევის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო. ის გუშინ აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ფოტოებს იღებდა, როცა სპეცრაზმელებმა აქციის დარბევა დაიწყეს და მონაწილეებმა თავს გაქცევით უშველეს.

მურადოვმა AMBEBI.GE-ს გამოუგზავნა სამედიცინო დაწესებულებაში გადაღებული ფოტო, რომელზეც ასახულია ის დაზიანებები, რაც მას სხეულზე აღენიშნება. ფოტოგრაფს ზურგზე რეზინის ტყვიების კვალი აქვს, თუმცა არ იცის, რა ტიპის ტყვიები მოხვდა.

"მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები რა ტყვიები მომხვდა, თუმცა საკმაოდ ბევრი ჭრილობა მაქვს ზურგზე და ერთი ხელზე. ჯანმრთელობას რაც შეეხება, პირველადი ანალიზები კარგი იყო, ახლა ველოდები განმეორებით ანალიზების პასუხებს" - გვითხრა მურადოვმა.

აქციის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი მიქაძე, რომელიც გუშინდელ აქციაზე დააკავეს, სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს. სახეზე დაზიანების კვალის ამსახველი ფოტო მიქაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტთან ერთად განათავსა:

"შუბლი მაქვს გაბზარული, დაკავების შემდეგ დამასაჩუქრეს... ოღონდ ვინმე დაეთრიათ, არ ითვალისწინებდნენ მოტივი ქონდათ თუ არა. იმ დროს როცა მორიგი პოლიციელის გამოთრევას ცდილობდა ხალხი, მოვყევი ჭყლეტვაში და რამდენიმე კარგად ნაჭამმა ძაღლმა შემითრია... შევეწინააღმდეგე მაგრამ აზრი აღარ ქონდა - როგორც კი კამერებს დავშორდი, ტიპებმა ისე დამიშვეს, რომ რაღაც მომენტში გავითიშე, აზრზე რომ მოვედი, მიმათრევდნენ სახით ქვევით და ამ დროს მომხვდა ვიღაც სპეცრაზმელის ჩექმა...

შედეგი მარტივად გასაგებ ენაზე - შუბლის ძვლის მოტეხილობა, შეშუპებისგან დახუჭული თვალი და სისხლჩაქცევები სახის და თავის მარჯვენა ნაწილში...

არ ვცდილობ ვიწუწუნო, ჩემი ფეხით შევედი განყოფილებაშიც და საავადმყოფოშიც, უბრალოდ მინდა ყველა ადამიანს გავაგებინო რომ 2019 წლის 21 ივნისის ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" დედა მო... ხალხს, ჩაგვაფურთხა სულშიც და ქართველობაშიც... ორი სიტყვით ნაცმოძრაობაზეც - ნიკა მელია, გრიგოლ ვაშაძე, გია ბარამიძე და ყველა, ვინც კი იქ ხალხი დაგაზეთ შეტევაზე - "ოცნებასთან" ერთად აგებთ პასუხს ყველაფერზე!" - წერს დაზარალებული გიორგი მიქაძე.

კიდევ ერთი დაზარალებულია გუშინდელი აქციის მონაწილე ვახტანგ ბერეკაშვილი, რომელმაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა პლასტმას-კაუჩუკის ტყვიის ამსახველი ფოტო, რომელიც მისი თქმით, მკლავიდან ამოუღეს ექიმებმა.

პოსტის კომენტარებში გამოითქვა მოსაზრებები, რომ კონკრეტულად ეს რეზინის ტყვია, სახელწოდებით - stabili shock rubber slug, როგორც წესი აქციის დაშლის დროს არ გამოიყენება და მას განსაკუთრებით საფრთხისშემცველ სიტუაციებში იყენებენ, მაგალითად, დიდი ტანის ცხოველების შესაჩერებლად და ა.შ. უცხოურ მედიაში იძებნება მასალები, რომელთა მიხედვით ამ ტყვიებს ადამიანის მოკვლაც შეუძლია, გააჩნია მანძილს, იარაღს, ტანსაცმლის სისქეს და ა.შ.

ამავე რეზინის ტყვიით მიიღო დაზიანება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა. მან სხეულიდან ამოღებული სისხლიანი რეზინის ტყვიის ფოტო და პოსტი გაავრცელა:

"ახლა კარგად ვარ. გადავრჩი, რომ არტერიას აცდა ტყვია რადენიმე მილიმეტრით. დღეს გავიგე, რომ ნერვი დამიზიანა, მაგრამ ესეც გაივლის... ვრჩები საავადმყოფოში, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხიდან აი, ეს ტყვია ამომიღეს, რომელიც მე პირადად, პირველად ვნახე", - წერს ჟურნალისტი.

კომპეტენეტური შეფასებისთვის AMBEBI.GE დაუკავშირდა კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს გიორგი ღლონტს. როგორც მან აღნიშნა, ეს კონკრეტული რეზინის ტყვიები დემონსტრაციების დარბევის დროს ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე გამოიყენება, თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია.

"ზოგადად გავრცელებულია მრგვალი რეზინის ტყვიები, რომელიც გარშემოწერილობით გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს კონკრეტული ტყვიები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეზინის ტყვია რაც უფრო დიდია, მით მეტად ნაკლებია სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიღების რისკი.

დიდი ზომის ტყვიას გავრცელების უფრო ნაკლები სიჩქარე აქვს, სხეულშიც ძნელად აღწევს და ის უფრო მეტად გარეგნულ დაზიანებებს იწვევს. თუმცა, ძალიან მტკივნეულია და თუ ახლო დისტანციით იქნება ნასროლი, უკიდურესად საშიშია. ნებისმიერი რეზინის ტყვიის სახეში, თვალის არეში სროლას, შეუძლია გამოიწვიოს ის დამანგრეველი შედეგი რაც ვნახეთ - ადამიანებმა დაკარგეს თვალი" - ამბობს გიორგი ღლონტი.

ექსპერტის მოსაზრებით, გუშინდელ აქციაზე სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს. ღლონტის თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პოლიციელები, რომლებმაც საკუთარ მოქალაქეებს დამიზნებით ესროლეს, სამაგალითოდ დაისაჯონ.

"მართალია, აქციის მონაწილეებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე, თუმცა მე პირადად ვნახე კადრები, როგორ ესროდნენ დამიზნებით პოლიციელები მოქალაქეებს. არ იყო ამის საჭიროება. სახელმწიფოს უნდა გამოეყვანა პოლიციელები უფრო დიდი რაოდენობით და ფიზიკური ძალის მობილიზება მოეხდინა და არა ასეთი მეთოდებით გასწორებოდა დემონსტრანტებს. და თუ გამოიყენეს ეს ტყვიები, უნდა ესროლათ ფეხებში და არა დამიზნებით. როგორ მოახერხეს, რომ თვალში ესროლეს ადამიანს?!“ - დასძენს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი AMBEBI.GE-სთან საუბრისას და მიიჩნევს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება უნდა აიკრძლოს:

„ვნახეთ, რა შედეგები მოყვება რეზინის ტყვიების გამოყენებას, როდესაც არ იციან მისი სწორი გამოყენება. ევროპის უამრავ ქვეყანაშია აკრძალული რეზინის ტყვიები. არსებობს სხვა ბევრი საშუალება, რომ აქცია დაშალო სწრაფად და უსაფრთხოდ. მაგალითად წყლის ჭავლი - ნაკადს ისეთი ძალა აქვს, რომ ძალიან ეფექტურია, სხვადასხვა ცრემლსადენი საშუალებები.

ასევე, არსებობს დანადგარები, რომლებიც ისეთ აუტანელ ხმებს გამოსცემენ, რომ იქ გაჩერება უბრალოდ შეუძლებელი ხდება, ასევე მკვეთრი სუნის გამშვები სპეციალური აპარატები ა.შ. კიდევ კარგი რომ მსხვერპლი არ მოჰყვა ამ მოვლენებს, თავისუფლად შეიძლებოდა იქ ვინმე დაღუპულიყო, რასაც მე ვუყურე, როგორ ათრევდნენ ადამიანებს", - აღნიშნა ღლონტმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

იყო თუ არა აქციის ამ ფორმებით დაშლის აუცილებლობა და გადაამეტეს თუ არა სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას - AMBEBI.GE-მ შეფასება სამხედრო ექსპერტს ამირან სალუქვაძეს სთხოვა.

"ძალის გადამეტება დაიწყო მომიტინგეთა იმ ჯგუფმა, რომელმაც რამდენჯერმე სცადეს პარლამენტში შეღწევა, თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, ართმევდნენ ფარებს, აყენებდნენ პირად შეურაცხყოფებს, ურტყამდნენ სარეკლამო დაფებს და ა.შ. ეს ძალადობები დაგმო სახალხო დამცველმა, საიამ, სხვა ორგანიზაციებმა, ასევე ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ. არ შეიძლება ხალხი მიიყვანო მშვიდობიან აქციაზე და მის ზურგს უკან გადახვიდე ძალადობაზე. პოლიციამ დიდხანს ითმინა...

ამიტომ, გადამეტების ნაცვლად გამოვიყენებდი სხვა ფრაზას - მიზანშეწონილობას, რამდენად იყო ბოლომდე დევნის აუცილებლობა. მე პირადად ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. თუმცა, როცა მოქალაქეთა ძალადობის შემდეგ, საპროტესტო აქცია სცდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, პროცესები უკვე სხვა ფორმატში გადადის.

თუ აქ ვსაუბრობთ მმართველი ძალის პასუხისმგებლობაზე, არანაკლები პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ აქციის ორგანიზატორებს. როცა ითხოვ პოლიციისგან გამაფრთხილე და მერე მესროლეო, ხალხიც უნდა გააფრთხილო, რომ ვიწყებთ პარლამენტის შტურმს და ვინც არ იღებთ მონაწილეობას, გაერიდეთ-თქო" - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში სალუქვაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ