ავტორი:

როგორ აფასებენ ექსპერტები რასმუსენის განცხადებას აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით

როგორ აფასებენ ექსპერტები რასმუსენის განცხადებას აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" დაკავშირებით

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები - მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

აღნიშნულ განცხადებას ქართველი ექსპერტები აფასებენ. მამუკა არეშიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ "რასმუსენის განცხადება მისი ინიციატივა არ იყო და გაახმოვანებინეს". ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მიიჩნევს, რომ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ეს განცხადება ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ნატო-ში მიგვიღონ, თუმცა, რუსეთთან კონფრონტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო, არ წავლენ.

„ნატო-ს ყოფილი გენეალური მდივნის ეს განცხადება თავისთავად ძალიან საინტერესო განცხადებაა. დაფიქრება ნამდვილად ღირს. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი მსჯელობა უნდა გაიმართოს ამ თემაზე. ეს განცხადება გაეკეთებინა ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს უკეთესი იქნებოდა, ბუნებრივია, მაგრამ მაინც საინტერესოა.

მე ვფიქრობ, რომ ეს განცხადება მისი ინიციატივა არ არის, ეს გაახმოვანებინეს, სთხოვეს. უკეთეს შემთხვევაში, ნატო-ს დღევანდელმა ხელმძღვანელობამ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიგიღებთ ნატო-ში, ოღონდ რუსეთთან კონფრონტაციაზე არ წვალთ, რუსეთთან სადაო არის ოკუპირებული ტერიტორიები და ის ჩვენთვის არის მაინც თქვენი სახელმწიფოს ნაწილი, მაგრამ ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევალთ“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარის, ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, ნატოს-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ "2008 წლის გადაწყვეტილება საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში მთლად მართებული და სამართლიანი არ იყო“.

„ეს განცხადება არის დადებითი, იმიტომ რომ ნატო-ში კიდევ უფრო აცნობიერებენ იმას, რომ 2008 წლის გადაწყვეტილება არ იყო მთლად მართებული და სამართლიანი საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებაში და რუსეთის მიმართ ეს არის არასწორად გაგზავნილი სიგნალები, რომ წააქეზა მისი აგრესია ჩვენს მიმართ.

რაც შეეხება იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ნატო-ს მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს ურთიერთდახმარებას სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის შემდგომი შესაძლო აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით. ის, რომ ნატო-ს ყოფილმა, მაგრამ გენერალურმა მდივანმა ეს განაცხადა, ნიშნავს, რომ დასავლეთში უკვე მწიფდება აზრი იმისა, რომ საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რომ მოსაზრება, საქართველო გამხდარიყო ნატო-ს წევრი იმგვარად, რომ ტოტალური თავდაცვის მუხლი არ გავრცელებულიყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობას "ფრაგმენტულად ჰქონდა."

"ეს იდეა არ ეკუთვნის ანდრეს ფოგ რასმუსენს. სასიამოვნოა, რომ ისიც იმავე პოზიციაზეა. უკეთესი იქნებოდა როცა გენმდივანი იყო, მაშინ ჰქონოდა ეს პოზიცია, მაგრამ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წონის, ამ რანგის, დღეს უკვე ექსპერტის როლში მყოფი ადამიანების პოზიციები.

საქართველოს ხელისუფლებას ეს მოსაზრება ფრაგმენტულად ჰქონდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში ის ხალხი იყო, ვისაც გვქონდა ეს პოზიცია, თუმცა იმისათვის, რომ აქტიური ქმედება დაიწყო, მოტივირებული უნდა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს. მე არ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ნატო-სთან მიმართებით გარდა საფრთხის განცდისა, სხვა განცდები აქვს,"- განაცხადა ხიდაშელმა.

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)

თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გენერალური რეპეტიცია იმართება - როგორია 26 მაისის საზეიმო განრიგი