ავტორი:

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას ძალზე მძიმე გამოცდა არგუნა განგებამ: ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, არ ჰქონდა დრო და გამოცდილება, ქვეყნის მართვის ეფექტიანი გზების მოსაძებნად, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება მრავალმხრივი, კარს მომდგარი გლობალური და ლოკალური საფრთხეების ვითარებაში უხდებოდა. ეს გარემოება აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული 1918-1921 წლების მოვლენების შესწავლისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო გადაწყვეტილებების შეფასებისას.

1918-1920 წლებში საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის. გარეშე ძალების, უპირველესად, რუსი ბოლშევიკების, პროვოკაციების შედეგად, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე (საქართველო-სომხეთი და საქართველო-ბოლშევიკური აზერბაიჯანი) და შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი მივიდა. XX საუკუნეში ისტორიული მოვლენების განვითარებამ დაგვანახა, რომ "წითელი" და "თეთრი" რუსეთის მეთაურები რუსეთის იმპერიის აღდგენისთვის იბრძოდნენ და არა - იმპერიაში ძალდატანებით გაერთიანებული ერების დემოკრატიული განვითარებისთვის. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ბოლშევიკური რუსეთის ბელადები უფრო წარმატებით ნიღბავდნენ ამ მიზნებს. 1918-1921 წლებში საქართველოს ხელისუფლებას ბრძოლა უხდებოდა არამარტო საბჭოთა (ბოლშევიკური) "წითელი"რუსეთის, არამედ - ე.წ. თეთრი (მონარქისტული) რუსეთის წინააღმდეგაც. საქართველოში ყველაზე მრავალრიცხვოვანი მეხუთე კოლონა "წითელ" და "თეთრ" რუსეთს ჰყავდა. ისინი ხშირად ატარებდნენ ოპერატიულ-აგენტურულ და ტერორისტულ-დივერსიულ ოპერაციებს, როგორც საქართველოს, ასევე - ერთმანეთის და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

რას უპირისპირებდა ამ საფრთხეს საქართველოს მთავრობა?

1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული იქნა მთელი რიგი ნორმატიული აქტები: "საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ორგანიზაციის" კანონი; "ნამდვილ სამხედრო სამსახურში დატოვებისა და ჯარში გაწვევის იმ პირთა, რომელნიც დაბადებულან 1896-1899 წლებში" კანონი; "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის" დებულება; "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების" ძირითადი დებულება. აქედან განსაკუთრებით საინტერესო "საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის" დებულებაა, სადაც საქართველოს რეგულარული ჯარის მართვის ძირითადი პრინციპები და ორგანიზაციული სტრუქტურაა მოცემული.

სამხედრო სამინისტრო ექვსი განყოფილებისგან შედგებოდა: 1.საერთო განყოფილება; 2. პირადი შედგენილობის განყოფილება; 3. გენერალური შტაბის განყოფილება; 4. საადმინისტრაციო განყოფილება; 5. სამხედრო სასანიტრო განყოფილება; 6. სამხედრო საბეითლო განყოფილება. გენერალური შტაბის განყოფილება ექვსი სექციისგან შედგებოდა: საოპერაციო; საორგანიზაციო; საარტილერიო; საინჟინრო-სატექნიკო; სამხედრო-საზღვაო; სამხედრო-საისტორიო არქივის.

"საოპერაციო სექციის" ძირითადი ფუნქციები იყო: ჯარის შედგენა და ორგანიზაცია; მობილიზაცია; დაცვა ტერიტორიისა და სარკინიგზო საქმე; დაზვერვა; კავშირის საქმე; ჯარის გაწვრთნა და აღლუმი; საზღვრის დაცვა.

როგორც ვხედავთ, საქართველოს სამხედრო სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში "დაზვერვა" მესამე რიგის ამოცანებში იყო მიყუჟული. საბეითლო საქმეს განყოფილების სტატუსი ჰქონდა, დაზვერვას კი - ქვესექციისა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ, როგორ ყურადღებასაც სამხედრო დაზვერვას უთმობდნენ, შედეგიც ანალოგიური იყო. სამხედრო დაზვერვას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: პოლკოვნიკი იოსებ გედევანიშვილი (1872-1939 წწ.) და პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი (1889-1923 წწ.). თუმცა პირდაპირ უნდა ითქვას - მათ თავი ვერ გაართვეს ამ საპასუხისმგებლო ამოცანას.

ქართველი გენერლები კვინიტაძე, მაზნიაშვილი, ოდიშელიძე და სხვ. ოპერატიული დაზვერვის რაზმებს უშუალოდ ბრძოლების დროს ქმნიდნენ და მტრის პოზიციების დასაზვერად და მათი ტაქტიკური ჩანაფიქრის დასადგენად გზვნიდნენ. თუმცა ბრძოლის კონკრეტულ უბანზე მოწინააღმდეგის ჯარების ადგილსამყოფელის დაზუსტება, სტრატეგიული დაზვერვისა და ერთიანი კოორდინაციის გარეშე, საერთო სურათს ვერ ქმნიდა. რაც შეეხება გენერალური შტაბის სადაზვერვო დანაყოფს, ის არანაირად არ ეხმარებოდა ბრძოლის ველზე მყოფ გენერლებს. ერთადერთია გიორგი კვინიტაძე, რომელმაც საქართველოს სამხედრო დაზვერვის მოქმედებების მცირე შეფასება დაგვიტოვა. ის იხსენებს: "მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს გენერალურ შტაბს მუშაობის არანაირი პირობები არ გააჩნდა. რიხიანი სახელწოდების მიუხედავად, თავის პირდაპირ დანიშნულებას იშვიათად ასრულებდა... დაზვერვისთვის გამოყოფილი თანხები მცირე იყო, არაფერს არ ყოფნიდა და ამიტომ ეს საქმეც პრიმიტიულად კეთდებოდა".

უნდა ითქვას, რომ გ. კვინიტაძის თითქმის 600-გვერდიან მემუარებში (რომელიც პირველად პარიზში გამოქვეყნდა, 1985 წელს, რუსულ ენაზე, ხოლო 1990-იანი წლების ბოლოს ითარგმნა ქართულად და გამოიცა თბილისში) სამხედრო დაზვერვის მხოლოდ ერთი აბზაცით მოხსენიება დიდი ვერაფერი ნუგეშია.

1917 წლის თებერვლის რევოლუციამ პოლკოვნიკ კვინიტაძეს თბილისში, შვებულებაში მყოფს მოუსწრო. საინტერესო ფაქტია - იმ დროს გენერალმა ქართული ენა არ იცოდა. მისივე სიტყვებით, ქართული წერა-კითხვა კახეთში, ცოლის ძმასთან, თავად მაყაშვილთან სამთვიანი სტუმრობის შემდეგ ისწავლა. უეჭველია, ამ საქმეში მადლიანი კახური ღვინოც დაეხმარებოდა. თბილისში კი თედო სახოკია ამეცადინებდა სალაპარაკო ენის შესასწავლად.

მენშევიკების სამხედრო აღმშენებლობის საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებას გენერალი კვინიტაძე ამგვარი შტრიხითაც აღნიშნავს: თუ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სამხედრო სამინისტროებს პროფესიონალი სამხედრო პირები, როგორც წესი, გენერლები ხელმძღვანელობდნენ, "ჩვენი მთავრობა სამხედრო მინისტრად ნიშნავდა ხან სახალხო მასწავლებელს, ხან საერო მოღვაწეს, ხან ექიმს, ოღონდ მეთაური სოციალ-დემოკრატი ყოფილიყო".

რეგულარული ჯარის რეორგანიზაციის შესახებ საკმაოდ საინტერესო ფაქტებს იხსენებს საქართველოს მთავრობის თავმჯომარე ნოე ჟორდანია. საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ შექმნილი "სამხედრო კომისია" (რომელსაც აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა), არა მარტო საკანონმდებლო საკითხებით ყოფილა დაკავებული, არამედ - ოფიცრებსაც კი თავად ნიშნავდა. ნოე ჟორდანია წერს: "ამ კომისიამ თანდათან მიითვისა სამხედრო სამინისტროს, მთელი მთავრობის უფლებები და ჭრიდა და კერავდა სრულიად ჩვენ დაუკითხავად. მე წერილი მივსწერე პროტესტით და ვუჩვენე მისი უფლებების საზღვარი, რაიცა დარჩა უნაყოფოთ".

ცალკე სამხედრო სამინისტრო, ცალკე "სახალხო გვარდია" და "განსაკუთრებული რაზმი", ცალკე "სამხედრო კომისია" - წარმოიდგინეთ რა ქაოსი იქნებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

გიორგი მაზნიაშვილი

საქართველო-სომხეთის ომის პირველივე დღეებში გამოჩნდა, რომ სამხედრო სამინისტროს სტრუქტურაში "დაზვერვა" ფორმალურად არსებობდა. გენერალური შტაბი არ ფლობდა სათანადო ინფორმაციას მოწინააღმდეგის შესახებ. ამ ომში გენერალი კვინიტაძე გენერალ მაზნიაშვილის დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ და ლოგიკურად სადაზვერვო დანაყოფები მის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყვნენ. იგივე განმეორდა 1921 წლის 12 თებერვალს, ღამით, როდესაც ბოლშევიკები სადახლოს რაიონში დაბანაკებულ ქართულ ჯარს მოულოდნელად დაესხნენ თავს. რამდენიმე საათის მანძილზე გენერალურ შტაბს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა ამ თავდასხმის შედეგების შესახებ. დაზუსტებით ისიც კი არ იცოდნენ, რუსები დაესხნენ თუ სომხები. დაზვერვის უფროსი გენერალი ა. გედევანიშვილი 13 თებერვლის შუადღემდე ირწმუნებოდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ სომხები იბრძვიანო. გენერალი მაზნიაშვილი იხსენებს: "დაზვერვის საქმე ჩვენში იმდენად ცუდად იყო დაყენებული, რომ მთავარსარდალმა (მაშინ გენერალი ილია ოდიშელიძე იყო საქართველოს ჯარის მთავარსარდალი, რომელიც მალევე გენერალმა კვინიტაძემ შეცვალა - ბ.ა.) გულწრფელად დაიჯერა, რომ მართლა მხოლოდ სომხების ურდოები დაგვესხა თავს". 1921 წლის 18 თებერვლამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა არ იცოდა, ზუსტად სად იმყოფებოდა მტერი და რომელი მიმართულებით აპირებდა შეტევის გაგრძელებას. წაიკითხეთ სრულად

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ფიცის დადების ემოციური ცერემონიალი - 5 ლოკაცია, სადაც ღონისძიებები ჩატარდა (ფოტო, ვიდეო)