ავტორი:

არაბი ქალი აბაიას გარეშე - მისი დანახვა ქუჩაში ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

არაბი ქალი აბაიას გარეშე  - მისი დანახვა ქუჩაში ხალხისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა

33 წლის მაშაელ ალ-ჯალოუდმა ქუჩაში ყველას ყურადღება მიიპრყო, როდესაც რიადის სავაჭრო ცენტრში აბაიას გარეშე გამოჩნდა. ქალს მხოლოდ ნარინჯისფერი პერანგი და ვიწრო შარვალი ეცვა.

ხალხი გაოგნებული უყურებდა მაშაელს, ქალების უმეტესობას ის კინოვარსკვლავი ეგონა და ჰკითხეს კიდეც, ცნობილი ადამიანი თუ იყო.

ჯალოუდმა გაიცინა და უპასუხა, რომ ის ჩვეულებრივი საუდელი ქალი იყო, რაც საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი ქალი მას დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა.

ჯალოუდის თქმით, იმის მიუხედავად, რომ დანებებას არ აპირებს, დროებით იძულებულია, აბაია ჩაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში - სამსახურს დაკარგავს.

მაშაელი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალს შორის, რომლებმაც აბაია გაიხადეს. სავალდებულო სამოსზე უარი მანაჰელ ალ-ოტაბაიმაც თქვა.

„რიადში 4 თვის განმავლობაში აბაიას გარეშე დავდივარ. ასე მინდა ცხოვრება, თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე. არავინ უნდა მაიძულოს ჩავიცვა ის, რისი ჩაცმაც არ მინდა,“ - ამბობს 25 წლის აქტივისტი.

აბაია, რომელიც ათასობით წელია არსებობს, თუმცა სავალდებულო ბოლო ათწლეულის განმავლობაში გახდა, საუდის არაბეთში არამუსულმან ქალებსაც აუცილებლად უნდა ეცვათ. ისინი კი, ვინც უარს ამბობენ სახისა და სხეულის დაფარვაზე, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ.

„არანაირი კანონი არ მიცავს. აბაიას გარეშე ნებისმიერ დროს შესაძლოა, რელიგიური ფანატიკოსების მსხვერპლი გავხდე,“ - ამბობს ჯალოუდი.

მან ივლისში „ტვიტერზე“ განათავსა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს შევიდეს რიადის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში აბაიას გარეშე, თუმცა მას დაცვა არ უშვებს. სავაჭრო ცენტრმა კი პოსტის პასუხად აღნიშნა, რომ არ შეუშვებენ შენობაში ადამიანს, ვინც „საზოგადოებრივ მორალს არღვევს“.

პრინცი მოჰამედი ამბობს, რომ მზად არის, ქალების ჩაცმის წესის შემსუბუქებაზე იზრუნოს. მან ქალებს კინოთეატრში სიარულის ნება დართო. ქალებს შეუძლიათ დაესწრონ კონცერტებს კაცებთან ერთად და აიღონ მართვის მოწმობა.

ლიბერალიზაციის პროცესის ნაწილი იყო სამეფოში რეპერი ნიკი მინაჟის მიწვევაც, რომელიც სცენასა თუ კლიპებში ნახევრად შიშველი ჩნდება.

„მინაჟს შეუძლია თამამად იცეკვოს სცენაზე და იმღეროს სექსზე, მე კი ყველა მეუბნება, რომ აბაია მეცვას“, - აცხადებს ჯალოუდი.

საბოლოოდ, მინაჟმა საუდის არაბეთში სტუმრობაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ქვეყანაში ადამიანის უფლებების უგულებელყოფა დაასახელა.

ჯალოუდი ფიქრობს, რომ აბაია რელიგიასთან კავშირში არ არის :

„ეს რომ რელიგიის ნაწილი იყოს, საუდელი ქალები არ გაიხდიდნენ აბაიას, როგორც კი ქვეყანას დატოვებდნენ“.

ახალი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში? - ბუგენვილის კუნძულების 300 000-იან მოსახლეობას დამოუკიდებლობა სურს

50 000 დოლარი თითოეულ თანამშრომელს - კომპანიის შოკისმომგვრელი საახალწლო სიურპრიზი

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა