ავტორი:

"ბავშვს ყოველდღე "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავთ, ჩემი "პატარა საქართველო" ბარსელონაში მაქვს" - ოპერის ქართველი მომღერალი, რომელიც 12 წელია მსოფლიოს სცენებს იპყრობს

"ბავშვს ყოველდღე "ვეფხისტყაოსანს" ვუკითხავთ, ჩემი "პატარა საქართველო" ბარსელონაში მაქვს" - ოპერის ქართველი მომღერალი, რომელიც 12 წელია მსოფლიოს სცენებს იპყრობს

საქართველოს საზღვრებს მიღმა, მსოფლიოს ცნობილ საოპერო სცენებზე არაერთი ქართველი მომღერალი მოღვაწეობს. მათ შორისაა ქეთევან ქემოკლიძე, რომელსაც წარმატებული კარიერისკენ საინტერესო გზა აქვს გავლილი. ის დღესდღეობით მსოფლიოს სხვდასხვა სცენაზე მღერის, ბევრს მოგზაურობს. წლის განმავლობაში 20-30-ჯერ მაინც უწევს ქალაქის გამოცვლა და ამა თუ იმ პრესტიჟულ სცენაზე გამოსვლა, რაც მისთვის, როგორც ამბობს, დიდი პატივია. ოჯახით ბარსელონაში ცხოვრობს, მეუღლე უნივერსიტეტის პროფესორია...

„ჩემდა სასიხარულოდ უნდა ვთქვა, რომ ბევრნი ვართ წარმატებული ქართველი მომღელები და უკვე ბრენდის სახე მიიღო უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის სახელმა. ვცდილობთ, ვიყოთ, საუკეთესოები და ჩვენგან ყველგან ასეთივე ხარისხს ელიან,“ - გვეუბნება მომღერალი, რომელმაც წარმატებას ხანგრძლივი, რთული, საინტერსო გზის გავლის და დაუღალავი შრომით შემდეგ მიაღწია.

„ჩვენს პროფესიაში ისე არ არის, რომ რაღაცას მიაღწევ და გაჩერდები - ყველაფერი მუდმივ განვითარებასთანაა დაკავშირებული... როგორც ბევრი ქართველი ბავშვი, მეც პატარობიდან ვმღეოდი, ოჯახში მუსიკალური ტრადიციები გვქონდა, ოღონდ, ჩემი მშობლები მეცნიერები არიან, მოყვარული მუსიკოსები და ამ სფეროსთან პროფესიულად არ იყვნენ დაკავშირებული. პატარა ასაკიდან დავდიოდი მშობლებთან ერთად ოპერაში, დრამატულ თეტარებში და ძალიან მიტაცებდა ეს სამყარო. სულ მაინტერესებდა, ფარდის უკან რა ხდებოდა... მერე კი ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ უკვე ვიცი, ფარდის ორივე მხარეს რა ხდება,“ - აღნიშნავს ქეთევანი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მღეროდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, მაინც დილემის წინაშე იყო, - არ იცოდა, - სწავლა სად გაეგრძელებინა - „სამხატვრო სკოლა დავამთავრე, ათწლედი, კარგად ვსწავლობდი. მუსიკალური განათლებაც მივიღე, საოპერო მიმართულებით ხმის დამუშავება უკვე დაწყებული მქონდა, რითაც ჩემი პიანისტობა გავაგრძელე... მოკლედ, ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში ეკონომიკურზე ჩაბარება გადავწყვიტე, თუმცა ერთი წლის მერე - კონსერვატორიაში. ჩემი ამ ნაბიჯების ყველას უკვირდა, სიმართლე გითხრათ, - არ ვნანობ. საერთო განათლებისთვის ძალიან ეკონომიკური განათლება გამომადგა, თუმცა ვერ გეტყით, ამ სფეროში სამუშაოდ მზად ვარ, თან ისე, რომ რამეს მივაღწევ, რადგანაც უკვე ბევრი წელი გავიდა, რაც ამ საქმესთან შეხება არ მქონია, მაგრამ, ხომ ვამბობ, განათლება რჩება და ეს გამოცდილება ცხოვრებაში გეხმარება... კონსერვატორიაში სწავლით ძალიან გამიმართლა, რადგანაც გულიკო კარიაულთან მოვხვდი... პირველკურსელი ბევრ საკოცერტო გამოსვლაში ვიყავი ჩართული. ყველა სიმფონიურ ორკესტრთან და დირიჟორთან მიმუშავია, რაც ასევე დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და ამასთან, რაღაცნაირი დასტური, რომ ამ პროფესიაში ძალების მოსინჯვა კიდევ გამეგრძელებინა“, - გვიყვება რესპონდენტი.

ისე მოხდა, რომ ქეთი საქართველოში პირველად ჩატარებულ პრესტიჟულ კონკურსში 4 ქართველთან ერთად შეარჩიეს, სადაც გაიმარჯვა. ბევრ პრიზთან ერთად, ლა სკალას აკადემიის უგამოცდოდ ჩაბარება დაიმსახურა, ასევე მიწვევა სპექტაკლებზე. მომღერლის წარმატებები სწორედ ლა სკალას აკადემიას უკავშირდება. „დიდი გამოცდილება მივიღე როგორც პროფესიული, ასევე ადამიანური, რადგანაც თეატრს მაინც თავისი წესები და კანონები აქვს, რომელიც არ არის ადვილი. ის ვარდის ფურცლებით მოფენილი გზა არაა. თეატრი, როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საკმაოდ გასამხედროებული სფეროა. მუსიკა ხელოვნების ერთ-ერთი მოწესრიგებული დარგია და მეც, რიგ საკითხებში, მომაწესრიგა და ჩარჩოებში ჩამსვა. ლა სკალას აკადემია, თეატრი, რომელშიც პატივი მხვდა, სპექტაკლებში მემეღერა, ჩემი კარიერის კარგი საწყისი იყო, - ყველაფერი ძალიან წარმატებულად გაგრძელდა. ჯერ კიდევ სტუდენტი იტალიელმა აგენტმა ამიყვნა. ძალიან ბევრი კონტრაქტი მქონდა, ამას დაერთო პლასიდო დომინგოს კონკურსიც, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გავემგზავრე. მახსოვს, უძინარი და განერვიულებული წავედი, გამგზავრებას არც ვაპირებდი, მაგრამ 40 მომღერალში ამარჩიეს და უარი ვერ ვთქვი იმ პასუხისმგებლობაზე და კანადაში გავემგზავრე... საბედნიეროდ, ამ კონკურსზეც საუკეთესო შემსრულებელი ქალის პრიზი ავიღე. ესპანური ოპერა იყო. პირველად ვასრულებდი, უჭირდათ ამის დაჯერება... ამ კონკურსმა კიდევ მეტი წარმატება მომიტანა. უამრავი კონტრაქტი შემომთავაზეს მადრიდში, სანტიაგოში, კოვენტ-გარდენში. მოკლედ, ამ კონკურსმა ის კარი გამიხსნა, რომელიც შეიძლება ასე ადვილად არც იხსნებოდეს,“ - ასე ჩაეყარა ქართველი მომღერლის მუსიკალურ კარიერას უცხოეთში საფუძველი და იქიდან მოყოლებული, ის უკვე 12 წელია, სცენაზე დგას - ამბობს, რომ არ არის ადვილი. უხარია, რომ მისი შემოქმედებითი გზა სწორი გადაწყვეტილებებით და იმ ხალხის დამსახურებით, ვინც გარშემო ჰყავს, წინ მიდის.

- საქართველოში რომ დარჩენილიყავით, ასეთივე წარმატებას თუ მიაღწევდით?

- რთულია თქმა... როდესაც უცხოეთში ვსწავლობდი, საქართველოში ოპერა, სხვდასხვა მიზეზის გამო, გაჩერებული იყო და ამიტომ წარმატება არ ვიცი, მექნებოდა თუ არა. მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იმედენად ბობოქარი ადამიანი ვარ, მოქმედი, აქტიური, თუ არ ვმოძრაობ, ცუდად ვარ, ამიტომ საქართველოში რომ დავრჩენილიყავი და გამოსვლები, კონცერტები არ მექნებოდა, ალბათ ჩემს მეორე სფეროში, ეკონომიკაში ვიქნებდი აქტიური და წარმატებული.

როგორც ვთქვი, პატარაობიდანვე სულ ვმღეოდი, ვცეკვავდი, გრიმს ვიკეთებდი, კოსტიუმს ვიცამდი, ეზოში სპექტაკლებს ვდგამდი, რეჟისორი, მსახიობი - ყველაფერი მე ვიყავი. ვფიქრობ, რომ აქ იყო ჩემი ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ვიპოვე, - ღმერთმა დამანახა, სადაც უნდა წავსულიყავი.

- ამ წარმატებაში თქვენს მთავრ თვისებად რას მიიჩნევთ?

- მთავარი ისევ ჩემს ხასიათია, შრომისუნარიანი ვარ და პრობლემები არ მიმაჩნია დასარულად, ის ყოველთვის რაღაც კარგის დასაწყისია!..

- როგორც ქართველს, უცხოეთში ნოსტალგია არ გაწუხებთ?

- რა თქმა უნდა, მაწუხებს. ქართვბელებს ეს განსაკუთრებულად და გენეტიკურად გვაქვს. არ ვართ სხვა ქვეყნებში ცხოვრებას შეჩვეული და ნოსტალგიის შეგრძნება ჩვენთან ძლიერია. იმის გამო, რომ ქართული ოჯახი მაქვს - ქართველი მეუღლე და შვილი მყავს, ბავშვს ყოველდღე „ვეფხისტყაოსანს“ ვუკითხავთ, ქართული კითხვაც ისწავლა, ქართულ სიმღერებს ვასწავლი და მე ჩემი „პატარა საქართველო“ ბარსელონაში მაქვს. ალბათ ეს ყველაფრი ავსებს იმ ნოსტალგიას, რომელიც არსეობოს და ამ გრძნობას რაღაცნაირად მინელებს, მიმცირებს. მაგრამ როგორც უნდა იყოს, მაინც ემიგრანტი ვარ, ადამიანი, რომელიც საქართველოდან შორსაა წასული.

- აპირებთ საბოლოოდ საქართველოში დაბრუნებას?

- კი, ჩემს თავს საქართველოში ვხედავ, ეს რა ფორმით იქნება და როგორ, ჯერჯერობით არ ვიცი. ჩემი საქმიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არამარტო ჩემთვის, ჩემი ქვეყნისთვისაც უფრო მეტ საქმეს ვაკეთებ. ისე, რომ წასულადაც არ ვგრძნობ თავს - საქართველოში სულ ჩამოვდივარ, სულ ვმღერი, ჩემი ქვეყნიდან მიღებულ ყოველ მოწვევას, როცა თავისუფალი ვარ, ვიღებ. წელიწადში რამდენჯერმე რომ ჩამოვდივარ ლუკაც ჩამომყავს, ვფიქრობ, რომ ახლა თუ არ შეიყვარა თავისი სამშობლო, მერე გვიანი იქნება. უკვე 7 წლისაა და ძალიან უყვარს საქართველოში ყოფნა. ულამაზეს ქვეყნად მიაჩნია, თავის მეგობრებს ისე აღუწერს საქართველოს, რომ ყველას აქ ჩამოსვლა უნდა. მგონი, „ეს კამპანია „გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“ ლუკამ მაშინ დაიწყო, როცა ლაპარაკი დაიწყო. ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ვენაში დაიბადა და ბარსელონაში იზრდება. ის ქართველია და სადაც უნდა გავატაროთ ცხოვრება, მაინც საქართველოს შვილები ვართ - საინტერესო კულტურის, ისტორიის ქვეყნის შვილები.

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში