ავტორი:

"წყარო პირდაპირ ამბობს, რომ შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - რაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა გამოკითხვაზე

"წყარო პირდაპირ ამბობს, რომ შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს" - რაზე ისაუბრა ირმა ნადირაშვილმა გამოკითხვაზე

მე არ ვხედავ არალოგიკურს არაფერს იმაში, რომ პირველი ჩემგან მოითხოვეს ინფორმაციის მიღება. ეს შეიძლება ლოგიკური იყოს, რადგან ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაესვას შემდეგ კითხვები პრეზიდენტსაც და დიმიტრი გაბუნიასაც”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, ის არ აპირებს თავისი წყაროს იდენტიფიცირებას.

“ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც იმ გარემოებებზე შეგვატყობინა, როგორ ერევა ბატონი გაბუნია შეწყალებების საკითხებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, მათი მხრიდან იყო სურვილი ჩემი გამოკითხვის. რაც შეეხება იდენტიფიცირებას ჩემი წყაროსი, მე შევეცდები, რომ არ მივაწოდო ასეთი ინფორმაცია რამდენადაც შესაძლებელი იქნება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება ასეთი წყარო გახდეს თვითონ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც არნახული შეწყალებები განახორციელეს. რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, გვაქვს ცუდი გამოცდილება, როცა თაროებზე იდება საქმეები წლობით და გვეუბნებიან, რომ „გამოძიება მიმდინარეობს“. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს საკითხი ასეთი ტიპის გახდეს და ერთი თვის თავზე ჩვენ შუალედურ ინფორმაციას მოვითხოვთ. თუ არ მივიღებთ, შემდეგ დავაყენებთ დღის წესრიგში საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ჩემი წყაროს მხრიდან, პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აი ასეთი ტიპის შეწყალებების უკან, გაბუნია უბრალოდ ფულს აკეთებს. ეს არის მისი ბიზნესი. ეს იყო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ჩვენს წყაროს პირადი გამოცდილებით ჰქონდა ეს ინფორმაცია. რომ გითხრათ, რომ ველოდები ზურაბიშვილი აქ მოვა, არ ველოდები ნამდვილად. მაგრამ ჩვენ არ ვითხოვთ მარტო ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას, იგივე სახალხო დამცველი, პარლამენტის ტრიბუნიდან ითხოვდა, რომ სისხლის სამართლის საქმე იყოს აღძრული”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში “ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მან გამოკითხვაზე არ დაასახელა იმ წყაროს ვინაობა, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა.

“გავა დრო და ვნახავთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მისაცემად. წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ საიდან ფლობდა წყარო არსებულ ინფორმაციას, ნადირაშვილმა უპასუხა, რომ მის წყაროს თავად სურდა ახლობელს დახმარებოდა შეწყალების მოპოვებაში და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად, თუ რა საბუთები იყო საჭირო ამისთვის.

“ჩემმა წყარომ ჩემზე გამოსვლა გადაწყვიტა ამ სკანდალური შეწყალებების შემდეგ და მან მითხრა, რომ უნდოდა ჩემთვის ინფორმაციის მოწოდება. კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თვითონაც სურდა დახმარებოდა თავის ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად რა საბუთები უნდა მიეღოთ, როგორ უნდა გადაედგათ ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა, რომ ძალიან მარტივი იყო დაკავშირებოდა გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიური ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გასულიყო გაბუნიაზე და ასეთი წესით მიეღო შეწყალება. ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. პაატა სალია ნამდვილად არ არის, ის რასაც აკეთებს, ეყოფა. რა თქმა უნდა, ვიცი, ვინც არის, მაგრამ ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რომელიც ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროკურატურას. ასევე, ჩემს წყაროს უთხრეს, რომ კონტაქტი ხდება ამ პარტნიორთან და შემდეგ პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე და შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახიან, იქცევა “პატიოსნად” და ფულს აიღებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას. ეს არის ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე”, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” წევრის განცხადებით, მან არ იცის, ისარგებლა თუ არა შემდგომ მისმა წყარომ ამ სქემით ახლობლის დასახმარებლად.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები