ავტორი:

კახა კალაძე კომპანიებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს - თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე

კახა კალაძე კომპანიებს "ბოლო გაფრთხილებას" აძლევს - თბილისის მერი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გამოკითხულთა 90% ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დააფიქსირა, რომ მომხრეა ჭავჭავაძის რეაბილიტაცია გაგრძელდეს და თავადაც ეს სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნია.

„ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამინების უმრავლესობა, 90% ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ სამუშაოები გაგრძელდეს. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება. ვეთანხმები მოსახლეობას.

„პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება,“ - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერი გლდანში ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე, ასევე კიკვიძის პარკში მომუშავე კომპანიებს „ბოლოჯერ აფრთხილებს“.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ის კომპანიას ბოლო გაფრთხილებას აძლევს და თუ სამუშაოები ჯეროვნად არ განხორციელდება, მერია კომპანიასთან ხელშეკრულებას გაწყვეტს.

„ეს იქნება ბოლო გაფრთხილება კონკრეტულად იმ კომპანიის, ვინც ადგილზე მუშაობს და ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, თუ იქ სამუშაოები არ წარიმართება ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს... ამას ხალხი ხედავს, საზოგადოება ხედავს. ჩვენ, როდესაც მივდივართ სამუშაოების დასათვალიერებლად, რაღაც მოჩვენებით გვაჩვენებენ, რომ იქ ყველა ჩართულია, მუშაობს, მიდის ფუსფუსი და გამოვდივართ ორი დღის შემდეგ, ხუთი-ექვსი კაცი მუშაობს, დაათრევს ამ ჭებს აქეთ-იქით. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და შეურაცხყოფაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, კომპანიამ კეთილი ინებოს და დაამატოს ჯგუფები, იმისთვის, რომ სამუშაოები რაც შეიძლება მალე იქნას დასრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში მივიდეთ ადგილზე, გავეცნოთ სამუშაოებს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ბოლო გაფრთხილება ამ კომპანიის. თუ ის არ წარმართავს სამუშაოებს, როგორც საჭიროა ისე, იმ რაოდენობით, როგორც უნდა მუშაობდნენ, მაშინვე შეწყვიტეთ ხელშეკრულება და დაიწყეთ ალტერნატიული კომპანიის მოძებნა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად იქნას დამთავრებული სამუშაოები,” - განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, გაფრთხილება ბოლოა კიკვიძის ბაღში მომუშავე კომპანიისთვისაც. მისი თქმით, თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, მერია მათ სხვა, მათ შორის უცხოური კომპანიებით ჩაანაცვლებს.

„კიკვიძის პარკს რაც შეეხება, აქაც ბოლო გაფრთხილება. ქალბატონო მაია {ბითაძე} თქვენ მინდა დაგავალოთ და მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ სამუშაოებს კურირებენ. მერი არ უნდა დადიოდეს და არ უნდა ამოწმებდეს, როგორ მიდის სამუშაოები. 2-3 დღის განმავლობაში კიკვიძის პარკში კაციშვილი არ მუშაობს, მიგდებულია, მიყრილია ყველაფერი. კონტრაქტით ნოემბერში აქვთ ჩაბარების ვადა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ და დაველოდოთ, როდის მოვა ნოემბერი, თუ დასრულება ადრეა შესაძლებელი. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. ერთი დღე , როგორც კი იქ სამუშაოები არ იქნება, შეუწყვიტეთ ხელშეკრულება. უბრალოდ დავიღალეთ, პირადად მე, მოადგილეები დავდივართ და თავზე ვადგავართ, რას და როგორ აკეთებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მენეჯმენტი არაა ჩვენი მხრიდან, უბრალოდ მშენებლობის კულტურა არ გვაქვს ქვეყანაში. აქვთ სამშენებლო კომპანია, ერთ გზას დააგებენ, ჯიპს იყიდიან და გონიათ, რომ კომპანია მაგარია, მერე მიდის პირამიდებით რაღაცებს მაიმუნობენ და მერე ის რომ სამუშაოს ვერ შეასრულებს, ვინაა დამნაშავე? მოსახლეობას არ აინტერესებს კონტრაქტორის თუ ვისი ბრალია, პასუხისმგებელი მერიაა და მოსახლეობას ჩვენთან აქვს პრეტენზიები,“ - განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე ტაქსის რეფორმაზე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს, კიდევ ერთხელ საუბრობს. ამასთან, მისი თქმით, 1-ელი ოქტომბრიდან ასევე, ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც ამოქმედდება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე კალაძემ ისევ განმარტა, რომ ტაქსის რეფორმის ფარგლებში კატეგორიები შემოდის, ხოლო რეფორმის შემდეგ ეტაპებზე საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.

„1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმა, რომელიც რამოდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. შემოდის კატეგორიები. ტაქსები იქნება თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლებით, რომელსაც ექნება წარწერა: „ტაქსი თბილისი“. მანათობლები უკვე მზადდება და უახლოეს მომავალში თბილისში იქნება. ეს მანათობლები საჩუქრად გადაეცემათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს. როგორც იცით, ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხკარიანი, მარცხენასაჭიანი, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ უფასო პარკირებით ისარგებლონ. რეფორმის შემდგომ ეტაპებზე დამატებით დეტალურ ინფორმაციას მოსახლეობას ახლო მომავალში მივაწვდით,”-აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ორბელიანის მოედანზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემას, რომელიც ასევე 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება, კახა კალაძემ აღნიშნა: „1-ელი ოქტომბრიდან კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - ზონალური პარკირება. პირველი საპილოტე პროექტი განვახორციელეთ კოტე აფხაზის ქუჩაზე, ლესელიძის ქუჩაზე და საკმაოდ წარმატებული იყო. 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩებზეც გავრცელდება ზონალური პარკირების სისტემა. ადგილობრივ მოსახლეობას ვებ-გვერდის ან საინფორმაციო ჯიხურის საშუალებით შეუძლიათ ავტომობილი დაარეგისტრირონ და უფასო პარკირებით ისარგებლონ. ასევე უფასო პარკირება ვრცელდება შშმ პირებსა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის. რაც შეეხება სხვა პირებს, პირველი 15 წუთი უფასო იქნება, ხოლო შემდეგ ყოველი 1 საათის საფასური 1 ლარი იქნება,“ - განაცხადა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები