ავტორი:

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე - "ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო..."

სალომე ზურაბიშვილის სიტყვა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე - "ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო..."

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ის ვითარება გააცნო რომელიც ოკუპირებულ და ადმინისტრაციული საზღვრის მიდმებარე ტერიტორიებზეა.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას. მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს.

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ. მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამიპაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა რომ საქართველოს პასუხი ომზე მრავალ კომპონენტს მოიცავს და პირველ რიგში - მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარების უზრუნველყოფას.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ზიზღის შემცველი გამონათქვამები ქვეყანაში შავ ხვრელს ქმნის.

"მშვიდობას არა მხოლოდ ომი ემუქრება, მას აგრეთვე სულ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის შიდა საფრთხე, რომელიც მზარდ ზემოქმედებას ახდენს ჩვენს სახელმწიფოებსა და საზოგადოებებზე: პოლარიზაცია, სამოქალაქო ღირებულებების გაუფასურება და ურთიერთპატივისცემის დაკარგვა, ზიზღის შემცველი გამონათქვამები, ყალბი ინფორმაცია, კონსპირაციის თეორიები - ყოველივე ეს ქმნის შავ ხვრელს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების სტრუქტურასა და დემოკრატიის საფუძვლებს. პასუხი ჩვენს წინ არის: უნდა გადავსინჯოთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებები: ტოლერანტობა მათ შორის უმნიშვნელოვანესია; პლურალიზმი მხოლოდ ცარიელი სიტყვაა, თუ მასში არ იგულისხმება პატივისცემა სხვათა აზრის მიმართ. საქართველო, რომელიც რელიგიური, ეთნიკური და კულტურული ტოლერანტობისა და ღიაობის საუკუნოვან მაგალითს წარმოადგენს, შეიძლება იმ ბრძოლის ავანგარდში მოექცეს, რომელშიც ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. საერთაშორისო საზოგადოებრიობა თავისუფალი მოქალაქეებისა და ჯანსაღი საზოგადოებებისგან შედგება. ჩვენ ვერ მივაღწევთ მდგრადი განვითარების მიზნებს, თუკი შიგნიდან დავსუსტდებით, დავიქსაქსებით და ერთმანეთს დავუწყებთ ბრძოლას. ეს გახლავთ ჩემი მოწოდება ქართველების და არა მხოლოდ ქართველების მისამართით" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე, სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა და საყოველთაო ჯანდაცვის დადებით მხარეებს გაუსვა ხაზი თუმცა ხაზგასმით აღნიშნა რომ ფასების ზრდა საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწევს.

“საქართველო უფრო და უფრო მეტად პოპულარული ადგილი ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის თავისი მრავალრიცხოვანი თერმული კურორტების წყალობით, რომელთა მოდერნიზაცია ამჟამად ხორციელდება. ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება. ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო. თანამედროვე სამყაროში სულ უფრო მეტი დაავადების განკურნება არის შესაძლებელი, მედიცინა სასწაულებს ახდენს, მაგრამ ფასები მრავალჯერ იზრდება და ტვირთად აწევს სოციალურ ბიუჯეტს, საზოგადოებრივ სამსახურებსა და ცალკეული მოქალაქეების პირად რესურსებს. 2013 წლიდან მოყოლებული საქართველომ პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის სასარგებლოდ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა სხვა სექტორებთან შედარებით და ჩვენი მოქალაქეების 90 %-ს ხელი მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მომსახურებაზე. ჩვენ სერიოზული მიღწევები გვაქვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით, TB ის, TB -ის რეზისტენტული ფორმების მკურნალობის სფეროში; შიდსი/აივ თითქმის დაძლეულია. საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმო-სა და სხვა კერძო სექტორის პარტნიორების მხარდაჭერით, რითაც ეროვნული მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა. ჩვენ კიდევ ბევრი სერიოზული გამოწვევა გვაქვს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის გზებზე და მის თანმდევ პროცესებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ჩვენ მხარდამხარ ვერ ვიბრძოლებთ, თუკი საერთო ძირითადი ფასეულობები არ გვექნება. დემოკრატია ერთ-ერთი ასეთი ფასეულობაა. დემოკრატია ის არის, რაც თითოეული და ყოველი მოქალაქის სრული ჩართულობის, სრული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ (ვიწყებთ). უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები