ავტორი:

"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი... ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

"600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატი... ბოკერიას კი ქართული ფასეულობებისადმი ცინიკური დამოკიდებულება აქვს" - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასსა და ყოფილ თანამებრძოლ გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტრადიციული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა.

"აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვატარებ ჯვარს.

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან" - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია წლების განმავლობაში გამოირჩეოდა „განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ“, რომელიც სააკაშვილისთვის „უძვირფასესია“.

ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ იმავე ბრალდებას უყენებენ „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილს „ქართული მარში“ და სხვა პრორუსული ძალები, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს:

„ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის".

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობას წინასაარჩევნოდ არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მის პარტიაში ბევრი ღირსეული პიროვნებაა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს თვეებში აპირებს საქართველოში ჩამოვიდეს, ჩამოსვლის შემთხვევაში მას დააპატიმრებენ თუ არა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„უახლოეს თვეებში მე ვაპირებ ჩამოვიდე საქართველოში. არაფერი საიდუმლო არ არის. მართალია, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როცა სამშობლოს კარგავ... ახლა ოდესაში ვიმყოფები და ყოველ მეორე ადამიანს, რომელსაც ქუჩაში ვხვდები მეხვეწებიან მერობაზე. მე აქ გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება, მთავაზობს, მაგრამ ეს არის ერთი თემა. საქართველოში ვიდრე არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, სანამ არ გავაჩერებთ საქართველოს დანგრევის და განადგურების პროცესს, რა თქმა უნდა, ამაში მე ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ციხეში აპირებთ წასვლას, სააკაშვილმა ასე უპასუხა: „ეს ხალხის გადასაწყვეტია. ივანიშვილს მისცემს თუ არა ამის საშუალებას. მე ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ საქართველოში ივანიშვილის მმართველობას. გავწიოთ გვერდზე პოლიტიკოსები. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი. მე ვარ პატრიოტი.

არ შემშინებია უკრაინაში ჩამოსვლის და არ შემეშინდება საქართველოში ჩემს ხალხთან ჩამოსვლის. ახლა ისინი დგანან ჩვენს შიშებზე და საერთოდ ვერ გაუწევენ წინააღდმეგობას ქართველ ხალხს“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ის პირობას ყოველთვის ასრულებს.

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გიორგი შაქარაშვილის საქმე