აშშ-ის კონგრესის დემოკრატიის მხარდამჭერი კომისია საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში მხარდაჭერას ჰპირდება.
ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის დემოკრატიის მხარდამჭერი კომისიის მიერ პარლამენტის თავმჯოდმარის დავით ბაქრაძისადმი გამოგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, რომელშიც 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიის გამყარების პროცესში მნიშვნელოვან ნაბიჯად არის შეფასებული.
წერილში ამერიკელი კონგრესმენები ასევე მადლობას უხდიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შექმნისათვის და ამ პროცესში არასაპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობის ძალისხმევისთვის.
"როგორც საქართველოს მეგობრებს და პარტნიორებს, ამ წერილის მეშვეობით გვსურს მოგილოცოთ და აღვნიშნოთ თუ რაოდენ დიდი როლი ითამაშეთ თქვენს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებაში", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს "დემოკრატიის პარტნიორობის" თავმჯდომარე, კონგრესმენი დევიდ პრაისი და კონგრესმენი დევიდ დრაიერი აწერენ.
წერილში ასევე საუბარია 2012 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც აღნიშნულია, რომ კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობა გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტს მის ძალისხმევაში, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუციების გამჭვირვალე და ეფექტური მუშაობის გაუმჯობესება.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტი კვლავაც გააგრძელებს პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობას და დემოკრატიულ ინსტიტუციებს", - ნათქვამია წერილის დასასრულს.