ავტორი:

"გია დანელიას უთქვამს: შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარცხნივ წადი, დაგელოდებიო" - რა გაანდო გია ყანჩელმა გია ბაღაშვილს

"გია დანელიას უთქვამს: შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარცხნივ წადი, დაგელოდებიო" - რა გაანდო გია ყანჩელმა გია ბაღაშვილს

მსოფლიო უდიდეს მუსიკოსს ემშვიდობება - 84 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა და თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

ლეგენდარულ მუსიკოსთან უკანასკნელ შეხვედრას ჩვენთან საუბარში გია ბაღაშვილი იხსენებს:

- გია ყანჩელი გენიალური კომპოზიტორი იყო, ეს მის სიცოცხლეშივე ვიცოდით. ამასთან, საოცარი პიროვნება გახლდათ, მართლაც პლანეტარული მასშტაბის. ამას უმალ იგრძნობდი, პირველი შეხვედრისთანავე...

ბოლოს შარშან ზაფხულში, 8 ივნისს ვნახე... თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მანქანით მოვდიოდი და ყიფშიძის ქუჩის ჩასახვევთან დავინახე - ხელჯოხზე დაყრდნობილი, მანქანას ელოდა... გადმოვედი, გადავეხვიეთ ერთმანეთს, ვუთხარი, დაბრძანდით, მე გაგიყვანთ-მეთქი. სიხარულით დამთანხმდა - აქვე მივდივარ, შინ, ვაკეშიო. გზაში ერთმანეთი მოვიკითხეთ, დეტალურად გამომკითხა სამომავლო გეგმების შესახებ. შემაქო, ჰარვარდში ჩემი მეგობარი დაესწრო შენს ლექციას და გამახარა, მისმა მონათხრობმაო...

ანტვერპენში როდის აპირებ ლექციებით ჩამოსვლასო, მკითხა და ისიც დაამატა, უცხოეთში გიორგი ბაღაშვილი ხარ თუ გია ბაღაშვილიო? - ოფიციალური წყაროებში გიორგი ვარ, თუმცა - გიას სახელით უფრო ხშირად მიხსენიებენ, თანაც გიას იოლად იმახსოვრებენ თქვენი და ბატონი გია დანელიას წყალობით-მეთქი - მივუგე. ჰოდა ძალიანაც კარგი, კიდევ ერთი გია დაგვემატეო. ასე ხუმრობა-ხუმრობით მივედით მრგვალ ბაღამდე...

გია ვერ არის ჯანმრთელადო, ბატონ გია დანელიაზე ბრძანა. გუშინ დამირეკა და ასეთი რამ მითხრაო: შენ ჩემზე 5 წლით უმცროსი ხარ, ამიტომ მე უფრო ადრე წავალ იმქვეყნადო. გახსოვდეს, შენი დრო რომ მოვა და იქ მოხვდები, მარჯვნივ არ გაუხვიო, მარცხნივ წადი, იქ მე დაგელოდებიო... მართლაც ასე მოხდა, 2019 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა გია დანელია, ხოლო 2019 წლის 2 ოქტომბერს - გია ყანჩელი.

ჩამოვსვი ბატონი გია სახლთან, ერთმანეთს თბილად დავემშვიდობეთ. უცებ მოტრიალდა, კინაღამ დამავიწყდა, ჩემი კრებული მინდა გაჩუქოო. ამოიღო ჯიბიდან კალამი, წამიწერა სამახსოვროდ შიდა ყდაზე და გადმომცა "შემოდგომის ფრაგმენტები" ვოკალისა და ფორტეპიანოსთვის, გალაკტიონ ტაბიძის მიხედვით. დღეს ეს კრებული ჩემთვის რელიქვიაა, ხოლო ბატონი გია ჩემი სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

გია ყანჩელის უნიკალური ხელწერა, მუსიკის, როგორც დროში განფენილი ხელოვნების დრამატურგიის ფილიგრანული ფლობა, უმდიდრესი ჰარმონიული ენა, არნახული მასშტაბის ემოციური აფექტურობა, მუსიკალური ქსოვილის აგების თვითმყოფადი სტილი, სიმფონიური აზროვნების ნოვატორული პრინციპები, განუმეორებელია.

კიდევ არაერთი საუკუნე იამაყებს ქართველი ხალხი გია ყანჩელის შემოქმედებით, რომელიც დიდი ხანია, მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენაა და მსოფლიო კულტურის დიდი მონაპოვარი!

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

„იმედის“ ეთერში მოგებების ფოიერვერკი იწყება - მოიგე 700 000 და 200 000 ლარი!

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს -  ამინდის პროგნოზი